გასულ კვირას სრულიად მოულოდნელად, პატიმრობიდან ცოტნე გამსახურდია გაათავისუფლეს. მან ციხე გვიან ღამით დატოვა და კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორესთან შესახვედრად წავიდა. ცნობილია, რომ სწორედ მისმა უწმინდესობამ სთხოვა პრეზიდენტს მისი გათავისუფლება. ადრეც არაერთხელ მიუმართავს პატრიარქს ამავე თხოვნით მიხეილ სააკაშვილისთვის, მაგრამ - უშედეგოდ. შეგახსენებთ: ცოტნე გამსახურდიას მეზობლის, დავით ბაჯელიძის დაჭრა და იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარება ედებოდა ბრალად. მართალია, თავად დაზარალებული აცხადებდა, რომ ცოტნეს მისთვის დაზიანება არ მიუყენებია, მაგრამ მაინც დამნაშავედ ცნეს და სასამართლომ 9 წლითა და 6 თვით აღუკვეთა თავისუფლება. მოგვიანებით, ახალი ბრალდება წაუყენეს - ციხის თანამშრომლის მოსყიდვის მცდელობაში დაადანაშაულეს. მას ასევე, სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებაში მონაწილეობაც ედებოდა ბრალად. ეს საქმე დღემდე "თაროზეა შემოდებული" და მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული პროცესების დანიშვნას კატეგორიულად ითხოვდა, წლების წინ აღძრული საქმის განხილვა სასამართლოში არ მომხდარა.
ცოტნეს "კოლხურ კოშკში" შევხვდით. იქაურობის სანახავად მისულს, ისევ საცხოვრებლად უვარგისი სახლი დახვდა. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ დიდი ქართველი მწერლის სახლის რესტავრაციისთვის ვერ მოიცალა. სარემონტო სამუშაოები შუა გზაშია მიტოვებული, ვისი მითითებით და რატომ შეწყდა რესტავრაცია - ამის გარკვევას მომდევნო ნომრისთვის შევეცდებით. იმედია, ახალი მთავრობა ამ საკითხსაც უყურადღებოდ არ დატოვებს.
ინტერვიუ კოლხური კოშკის ულამაზეს ეზოში ჩავწერე. სამწუხაროდ, ციხეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ დაჯდომასაც ვეღარ ახერხებს და სასწრაფო მკურნალობა სჭირდება.
- ცოტნე, იქნებ გაიხსენოთ ის დღეები, როცა გისოსებს მიღმა მარტო აღმოჩნდით.
- დიდი ხანია, ვცდილობ, არ ვიფიქრო არც წარსულზე და არც მომავალზე; აწმყოში ვახერხებ ცხოვრებას. ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე დეპრესიული განწყობით თუ მომავლის ილუზიებით ცხოვრება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რამე დამავიწყდა. თავიდან ვერ აცნობიერებ, რა ხდება. განყოფილებაში ჭიქით ვითომ წყალი მომიტანეს, სინამდვილეში, რაღაც ფსიქოტროპული პრეპარატი დამალევინეს. რამდენიმე წუთში გონება დამებინდა, ცნობიერების უწესრიგო ნაკადი წამოვიდა და შინაგანი დისკომფორტი მქონდა. წინასწარი დაკავების იზოლატორში მომათავსეს. იქ საშინელი პირობებია. საკანში მარტო ხარ, წყალი მოწანწკარებს, პირდაპირ უნიტაზში ჩაედინება და იქიდან უნდა აიღო სასმელი წყალი. არ გაქვს ლეიბი, საბანი; გაძლევენ ერთ პლედს და ფიცარნაგზე უნდა დაწვე. 2 მეტრის მანძილზე შეგიძლია გაიარო - უნიტაზამდე და უკან. მარტო ვიყავი. თუ არ ვცდები, იმ იზოლატორში ყველა მარტოა. ეს სწორედ ის საკნებია, სადაც ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებულ ადამიანებსაც ათავსებენ. მერწმუნეთ, იქ გატარებული 3 თვე სამწლიან პატიმრობას უდრის. იმჟამად დაწესებულების დირექტორი ვალერი კაკაურიძე იყო. მისგან ცუდი მოპყრობა ნამდვილად არ მახსოვს. თავისთავად, გარემო პირობები, სიტუაციაა ამაზრზენი, მაგრამ ამაში კაკაურიძეს ვერ დავადანაშაულებ. წესიერად გონზე არ ვიყავი მოსული, მოსამართლე არევაძემ, რომელსაც "მონანიების" ცნობილი პერსონაჟის მიხედვით, არავიძე შევარქვი, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, წინასწარი პატიმრობა მომისაჯა - ჩაქუჩი დაჰკრა და გლდანის ციხეში წამიყვანეს.
- რატომ გადაწყვიტეთ შიმშილობა?
- დაკავებისთანავე, ჯერ კიდევ პოლიციის განყოფილებაში დავიწყე შიმშილობა. უკანონო პატიმრობას ვაპროტესტებდი, ობიექტურ გამოძიებას და სასამართლოს ვითხოვდი. გლდანის ციხეში უკვე მოშიმშილე შემიყვანეს. მაშინ იქ უფროსი თამაზ მელაძე იყო; მას ადრე ვიცნობდი... არ ვაპირებ ვინმეს ადვოკატირებას, მაგრამ უნდა აღვნიშნო, თამაზ მელაძე იმდენ პატივს მცემდა, სანამ "კორპუსზე" ვიყავი, სხვა ადამიანებისთვის ხელი არ დაურტყამს. სხვა კორპუსებში რა ხდებოდა, არ ვიცი, ვერ ვიტყვი, რა ხდებოდა იმ ჯოჯოხეთში, რასაც გლდანის კარანტინი და კარცერები ერქვა, ე.წ. ფუქსები. მელაძე კვირაში ერთხელ ჩემთან მოდიოდა და შიმშილობის შეწყვეტას მთხოვდა. მერე გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადამიყვანეს. იქაც არაერთხელ ვიშიმშილე. ჯამში 224 დღე მაქვს ნაშიმშილარი და იქ დაიწყო ნამდვილი ჯოჯოხეთი.
- სამკურნალო დაწესებულებაში რა ხდებოდა?
- სამკურნალო დაწესებულება პირობითად ჰქვია. ეს არის "კონცლაგერის" ფილიალი: ალბათ ნაცისტებიც არ ექცეოდნენ ისე ადამიანებს, როგორც იქ ექცევიან. თუ შევარდნაძის დროს პატიმრები ციხის საავადმყოფოში მოხვედრაზე ოცნებობდნენ, მათ, პირველ რიგში, ეკონომიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, პატიმრებზე ნაკლები ფული რომ დაეხარჯათ, იქაურობა ჯოჯოხეთად აქციეს. პატიმრებს ერჩივნათ, საკნებში ამოხდომოდათ სული, ოღონდ იქ არ მოხვედრილიყვნენ. ნაძირალა მიხეილ სააკაშვილი - ძალიან გთხოვთ, ეს სიტყვები დაწეროთ - ციხეში მოხვედრილ ადამიანს ადამიანად აღარ მიიჩნევდა, ისე, როგორც ადამიანად არ მიიჩნევს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, რომელსაც მასთან კლანური კავშირი არ ჰქონდა. მას უბრალოდ ენანებოდა ჩვენზე ფულის დახარჯვა. სად-ის (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის. - ავტ.) სხვა დაწესებულებებში შედარებით ნაკლებად მძიმე სიტუაცია იყო. ეს ხდებოდა იმისათვის, რომ სამკურნალო დაწესებულებებში გადაყვანა პატიმარს არ მოეთხოვა და მასზე ფული არ დახარჯულიყო. ამ ფულით უფრო უპრიანი იქნებოდა თურმე, მიხეილ სააკაშვილს ბოტოქსები ეკეთებინა. ამასაც უნდა მიაქციოს ყურადღება საქართველოს მოსახლეობამ. ის და მთელი მისი ხროვა, უნდა აღმოჩნდეს განსასჯელის სკამზე.
- საკანში სულ მარტო იყავით?
- დაახლოებით წელიწადი და 10 თვე სამარტოო საკანში გახლდით. ე.წ. ორკაციან, 6 კვ. მეტრის ფართობის საკანში მარტო ვიყავი, აქედან 3 კვადრატული გაქვს სასიარულო. აბსოლუტურად ყველაფერს მოწყვეტილი ხარ. სამკურნალო დაწესებულებაში რომ გადამიყვანეს, დაწესებულების დირექტორი ვინმე ბუთლიაშვილი იყო. თავიდან ჩემ მიმართ ცუდი დამოკიდებულება ნამდვილად არ ყოფილა. უამრავი საერთო ნაცნობი თუ მეგობარი აღმოგვაჩნდა. მერე დავინახე მისი ნამდვილი სახე... 2010 წლის აპრილამდე არაფერი მაკლდა - არც გარედან შემოტანილი პროდუქტები, არც საყოფაცხოვრებო ნივთები, არც მედიკამენტები, - მაგრამ შემდეგ შევესწარი პატიმრის ცემას. ახალგაზრდა ბიჭმა ბადრაგს უხეშად უპასუხა. ამის გამო ექიმების ოთახში შეათრიეს და 18 წლის ბიჭს სასტიკად სცემეს. მიირბინა ბუთლიაშვილმა და მანაც დაუმატა.
- ეს ფაქტი გააპროტესტეთ?
- რამდენიმეჯერ დავიძახე საკნიდან, მაგრამ მიმაჩნია, რომ ისეთი რეაგირება არ მქონია, როგორიც უნდა მქონოდა და ძალიან დიდი შინაგანი დისკომფორტი შემიქმნა ამ ყველაფერმა... თურმე სად ვარ! თურმე რა ხდება! ვისთან მაქვს ურთიერთობა, როგორ არ შემიძლია, ეს შევცვალო და ამას როგორ უნდა შევეგუო?! გამოდის, ჩემი პირადი კეთილდღეობის გამო, ამ ყველაფერზე უნდა გავჩუმდე? - ვეკითხებოდი საკუთარ თავს... გავიდა ცოტა ხანი და ჩემ თვალწინ სცემეს ნაკერებდადებულ პატიმარს - წერეთელს, ვინმე ცხვედიანმა და მისმა დამქაშებმა. ცხვედიანი ახალაიას პროტეჟე იყო და ჩემს საკითხებს კურირებდა. პატიმარი წერეთელი ახალი ნაოპერაციები იყო. მაშინ დავიწყე ყვირილი, დავუძახე დაწესებულების სოციალური სამსახურის უფროსს გვიჭიანს და ვუთხარი, - მას გადაეცი, კიდევ ერთხელ ვნახავ ასეთ უმსგავსობას და ნახევარ მსოფლიოს გავაგებინებ-მეთქი. 30 აპრილს ჩემ თვალწინ ისევ სცემეს ფსიქიკურად ავადმყოფ პატიმარს - ტარიელ საყვარელიძეს, იმისთვის, რომ რაღაც წამალს ითხოვდა. მერე საყვარელიძე მორგში ჩაათრიეს და მთელი ღამე ურტყამდნენ. მან ვენები გადაიჭრა... იმ ღამესაც ყვირილი, ბრახუნი დავიწყე, რამდენიმე საკანიც ამყვა, მაგრამ არაფერი შეცვლილა. მას ვინმე ბექა მჟავანაძე, იმედა კვანტალიანი, ავთო პოპიაშვილი, ხატიაშვილი, ბუთლიაშვილი და ცხვედიანი სცემდნენ. მეორე დღეს წელს ზემოთ "გადახვეული" იყო საყვარელიძე, მის საკანში სისხლის გუბე დადგა. ადმინისტრაციის წარმომადგენელს ვეხვეწე, - არაფერს ვიტყვი, ოღონდ ნუ აკეთებთ ასეთ საშინელებებს, არ სცემოთ ამ უბედურს, გინდათ, მაინცდამაინც მოკლათ-მეთქი?! თქვენც არ მომიკვდეთ - არავინ არაფერი გაითვალისწინა და რეჟიმის უფროსმა ავთო პოპიაშვილმა მას კიდევ ერთხელ სცემა. მაშინ დავიწყე ისევ შიმშილობა. ვითხოვდი ცემა-წამების შეწყვეტას, ასევე მონიტორინგის კომისიის შექმნას, რომელსაც უფლება ექნებოდა, 24 საათის განმავლობაში შესულიყო სასჯელაღსრულების ნებისმიერ დაწესებულებაში და გაეკონტროლებინა სიტუაცია.
- ამის შემდეგ ბადრაგის მოსყიდვაში დაგადანაშაულეს - არადა, საკმაოდ მძიმე სასჯელი გქონდათ გამოტანილი. როგორ ფიქრობთ, ახალი ბრალდების "შეკერვა" რაში დასჭირდათ?
- ამის გაკეთებას რამდენიმე მოტივი ჰქონდა: ერთ-ერთი ის იყო, რომ ამას უნდა ჰქონოდა სამაგალითო, საილუსტრაციო ეფექტი, - ნახეთ, ამას რა გავუკეთეთ, და თქვენ რა გელოდებათო!.. სხვებისთვის მესიჯი იყო. ამ მეთოდს განსაკუთრებით აქტიურად იყენებდა საბჭოთა სისტემა - არასასურველ პატიმრებს ე.წ. "რასკრუტკას" უკეთებდნენ. სწორედ ამ მექანიზმით აკონტროლებენ ისინი ციხეს - ადმინისტრაციის მიერ მართული პატიმრების ხელით, რომლებსაც ამ "რასკრუტკის" ეშინიათ და ამ გზით აკონტროლებენ მასას. ასევე სურდათ, პირადად ჩემზე მოეხდინათ ზემოქმედება, შემდეგ შეელახათ ჩემი რეპუტაცია, - შეხედეთ, ეს ჩვეულებრივი კრიმინალიაო!..
- ე.ი. კანონიერი ქურდები ადმინისტრაციის მიერ მართულმა ხალხმა შეცვალა?
- დიახ, ისინი ე.წ. "მაყურებელს" ეძახიან თავიანთ თავს. რუსთავის მე-17 დაწესებულებაში მათთან შეხლა-შემოხლაც მომიხდა. არამზადები ცდილობდნენ, ამ ყველაფრისთვის მიეცათ ისეთი საფუძველი, თითქოს მე რაღაც პოლიტიკური მოტივები მამოძრავებდა. ეს "ნაციონალური მოძრაობის" ფილიალებში დაწერილი სცენარი იყო. ჯერ კიდევ ეკა ხერხეულიძემ განაცხადა პარლამენტში, - მას პატიმრები კი არ ეცოდება, მამამისის შარავანდედისკენ მიისწრაფვისო; ამასვე აცხადებდნენ ეს ადმინისტრაციის "ნასედკებიც", რომლებიც "მაყურებლებს" უწოდებდნენ თავს.
- კონკრეტულად რა ფაქტს მოჰყვა ინციდენტი?
- ერთ-ერთ ჟურნალისტს ტელეფონით ინტერვიუ მივეცი და ციხეში არსებულ მდგომარეობაზე ვილაპარაკე. ეს 2011 წლის ნოემბერში იყო. ამის გამო, მართულ პატიმრებთან ინციდენტები მომივიდა. დღეს ე.წ. "მაყურებლები", "ადმინისტრაციული ქურდულით" მართავენ ზონებს, უშუალოდ თანამშრომლობენ ადმინისტრაციასთან - რა თქმა უნდა, ისე, რომ ამას მათ ვერ უმტკიცებენ. ისინი ზეწოლას ახდენენ იქ მყოფ პატიმრებზე, ვინც შიმშილობას გამოაცხადებს, პროტესტს გამოთქვამს, ტელეფონში რაიმეს იტყვის ადმინისტრაციის ან არსებული მდგომარეობის შესახებ. პირადად მაქვს ეს გამოცდილი და არ ვაპირებ, ეს რეაგირების გარეშე დავტოვო. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რა ხდება ქართულ "წითელ ზონებში". ე.წ. "მაყურებელი" დაახლოებით 20 კაცია; მათ არაფერი აკლიათ, გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობენ და სულ არ ადარდებთ, თვეში რამდენი ადამიანი კვდება მკურნალობის, წამლის უქონლობისა თუ საშინელი პირობების გამო.
- ე.წ. "მაყურებლებს" პატიმრები ირჩევენ?
- ვითომდა პატიმრები ირჩევენ, რეალურად შერჩევა ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული კანდიდატებიდან ხდება. იმ პატიმრების რიგიდან ირჩევენ, რომლებსაც სასჯელის მცირე ვადა აქვთ დარჩენილი და ამ რამდენიმე თვეში ყველაფერზეა წამსვლელი. იმედი მაქვს, ეს ამაზრზენი სიტუაცია შეიცვლება...
- შიმშილობა თქვენს ჯანმრთელობაზე საკმაოდ მძიმედ აისახა. ხედავდით, თქვენს პროტესტს ხელისუფლება უპასუხოდ ტოვებდა და თქვენი მდგომარეობა უარესდებოდა - რატომ აგრძელებდით შიმშილობას? ხომ არ ფიქრობდით, ერთ დღეს ეს ყველაფერი ისე გასკდებოდა, როგორც რეალურად მოხდა?
- იმედის მიმართ ჩემი დამოკიდებულება მაქვს - არაფრის იმედი არ მაქვს ცხოვრებაში და სხვასაც იმავეს ვურჩევ: მიმაჩნია, რომ იმედი ადამიანის უბოროტესი მტერია, მიუხედავად მოარული აზრისა. ეს არის ყოველთვის სუბიექტური პროექცია მომავალი სცენარის, რომელსაც ამავე დროს, მუდამ თან ახლავს შიში, რომ ისე არ იქნება, როგორც წარმოდგენილი გაქვს და იმედი გაქვს... შინაგანი რწმენით ვიცოდი, რომ სამართალი იზეიმებდა, მოხდებოდა ის, რაც 19 სექტემბერს მოხდა და შემდეგ 1-ელ ოქტომბერს ლოგიკური შედეგით დასრულდა. ფილოსოფიურად რომ მივუდგეთ, ჩემთვის ეს ყველაფერი კარმის კანონის მოქმედების ასრულება იყო. ათასჯერ მაქვს ამ ჯალათებისთვის ნათქვამი, - ეს ყველაფერი უკან დაგიბრუნდებათ, ნუ აკეთებეთ ამას-მეთქი. ყოველგვარი პოლიტიკური თუ სოციალური ელფერის გარეშე, პირველ რიგში, ჩემთვის ეს იყო შინაგანი გამოცდილების აღდგენა. რაც შეეხება შიმშილობას, - ამ დროს არაფრის იმედი არ უნდა გქონდეს.
- ადვილი ხომ არ არის, ამაში საკუთარი თავი დაარწმუნო?
- ადვილი არ არის, მაგრამ სასტიკი აუცილებლობა საუკეთესო მასწავლებელია. არასოდეს არ უნდა იფიქრო ამ დროს მომავალზე, შენი ფსიქიკა ტოტალურად ერთიანი უნდა იყოს. წარმოიდგინე, ამ დროს ცოცხალი მკვდარი ხარ; თუ გინდა, რომ დიდი ხანი გაძლო, ყველანაირი პროცესი, შინაგანი ბრძოლა უნდა შეწყვიტო. ყოველდღიური ცხოვრებით მცხოვრები ადამიანისთვის ამის გაგება ძნელი იქნება და შეიძლება, ჩემი სიტყვები ვიღაცამ არასწორად გაიგოს. უნდა შეეცადო, ყველანაირი პროცესი, მათ შორის ფსიქიკური, მინიმუმამდე დაიყვანო, მინიმუმამდე დაიყვანო ემოცია. პირველ რიგში, სულიერ მდგომარეობას ვგულისხმობ, თორემ თუ დამიჯერებთ, ფიზიკურად, 67 დღის განმავლობაში ერთი დღე არ დავწოლილვარ - დავდიოდი საკანში, ჯალათებს ვაგინებდი, ვუბრახუნებდი და ვაკეთებდი რისი გაკეთებაც შემეძლო. 65-ე დღეს სააპელაციო სასამართლოში პროცესზე წამიყვანეს.
- კარგად მახსოვს ის დღე: სწორედ იმ სხდომიდან გაგაძევათ მოსამართლე ოთარაშვილმა პროცესიდან.
- ვინმე ოთარაშვილმა გამომაგდო. როდესაც იმედი გაქვს და მომავალზე ფიქრობ, ასეთ დროს შენი ფსიქიკა გაყოფილია. აქაც ხარ და ამავე დროს, შენი გონება სხვაგანაა, ამ "ფრაგმენტირებული" ფსიქიკით დიდხანს ვერ გაძლებ. მერე იწყება ემოციური აშლილობები, არეულობები, შეგრძნებები და ასეთ დროს ამდენის გაძლება გამორიცხულია. თუ სათანადო დამოკიდებულება გაქვს შიმშილობის პროცესის მიმართ, მაშინ არის გარკვეული შანსი, რომ მეტს მიაღწიო იმ მოთხოვნებისთვის, რომელსაც აყენებ.
- ცოტნე, გარკვეული პერიოდი მშრალ შიმშილობასაც მისდევით; უწყლოდ გაძლება წარმოუდგენელია, როგორ მოახერხეთ?
- საკმაოდ დიდი ხანი ვიყავი უწყლოდ. ნუ ჩამომართმევთ სუპერმენობაზე პრეტენზიაში, მაგრამ სამწუხაროდ, რასაც მივაღწიე, ამის გამო ბევრი რამე დავკარგე. იმედი მაქვს, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მაინც შევძლებ ამის აღდგენას. მაშინ მივხვდი - ადამიანს უსაზღვრო ენერგია აქვს. დაღლილობა ფსიქიკის მდგომარეობაა; სინამდვილეში ადამიანს უსასრულო ენერგიაზე, უსასრულობაზე მიუწვდება ხელი. 67 დღის განმავლობაში ენერგია იმდენი მქონდა, რამდენიც მინდოდა; 65 კილო ვიყავი დარჩენილი და უბრალოდ, ხორცმა "უარი მითხრა", თორემ შინაგანად, ასეთი ცოცხალი, ასეთი ნათელი და საღი ჩემი გონება მანამდე არასდროს ყოფილა. ეს აღწერილია შესაბამის ლიტერატურაში და ამას მეცნიერული ახსნაც აქვს.
- როგორც ვიცი, ლიტერატურაც დაგეხმარათ ამ ყველაფრის გადატანაში.
- ეს შევძელი მსოფლიო რელიგიათა პრინციპების ცოდნის წყალობით და იმის წყალობით, რომ მათი პრაქტიკაში გატარება მოვახერხე. ამ პრინციპების პრაქტიკაში გატარების წყალობაა, რომ დღეს არ ვარ ფსიქიკურად შეშლილი და არც თავი მოვიკალი.
- ყველაზე მეტად როდის დამძიმდა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- 2011 წლის იანვრიდან ფაქტობრივად მივეჯაჭვე საწოლს. ამ 7-8 თვის განმავლობაში გამაყუჩებელ წამალსაც კი არ მაძლევდნენ. ყალბ აქტებს ადგენდნენ - თითქოს მე ვამბოდი მკურნალობაზე უარს. მოსპობილი მქონდა ყველაფრის საშუალება - ბანაობიდან დაწყებული, სასეირნოდ გასვლით დამთავრებული. ივლისში ეტყობა მოჰბეზრდათ ჩემი პროტესტის ატანა და თავი მიკრეს რუსთავის მე-17 დაწესებულებაში ისე, რომ არანაირი მკურნალობა არ ჩაუტარებიათ. სამწუხაროდ, დადგა ის შედეგი, რომელიც დადგა: ხერხემალი დაზიანებული მაქვს, კუდუსუნი - გატეხილი, ღვიძლის მდგომარეობა თითქმის ციროზამდეა მისული, ციხეში C ჰეპატიტიც "ავიკიდე". პირველ რიგში, ღვიძლს უნდა ვუმკურნალო, მანამდე ოპერაციას ვერ გავიკეთებ. მერე ორი ოპერაცია დამჭირდება, ასევე - ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებების მკურნალობა. არ ვიცი, მკურნალობის კურსი რამდენ ხანს გაგრძელდება.
- ცოტნე, ციხიდან გამოსვლის შემდეგ თქვენი ბედით ახალი ხელისუფლება თუ დაინტერესდა?
- ჯერჯერობით არავისთან შეხვედრა არ მქონია, მაგრამ სატელეფონო საუბრები მქონდა. მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს და ძალიან მადლიერი ვარ თეა წულუკიანის იმისთვის, რაც ჩემთვის გააკეთა. იმ ჯოჯოხეთურ დღეებში მეხმარებოდა. უპატიოსნესი ადამიანია და მრავალ პატიმარს დახმარებია აბსოლუტურად უანგაროდ. მანანა კობახიძე ჩემი ადვოკატი იყო. ბევრი ნაცნობი და მეგობარი მყავს ახალ ხელისუფლებაში.
- რა არის დღეს თქვენი მოთხოვნა?
- 7 მუხლით გახლდით ბრალდებული და ყველა მუხლის თავიდან გამოძიებას ვითხოვ. ობიექტურად შეისწავლონ, რაც ბრალად წამიყენეს, - არ მინდა, რაიმე ეჭვი დარჩეს საზოგადოებაში. მოვითხოვ ჯალათების პასუხისმგებლობის საკითხის დასმას: მე ჯანმრთელობა წამართვეს, მათ ხელებზე კი არაერთი პატიმრის სისხლია. ყველაფერს მოვითხოვ, რაც კანონით მეკუთვნის და ყველას იმავეს ვურჩევ.
- ამბობთ, რაც მოხდა, მიხეილ სააკაშვილის პირადი ანგარიშსწორება იყოო; რა შეიძლება, ამის მიზეზი იყოს?
- თუნდაც ის, რომ საკუთარი მამის ძვლები არ მივყიდე და ამაზე პიარ-აქცია არ ჩავატარებინე. მას ყველაფრის გამო პასუხისგება მოუწევს...
თეა ხურცილავა
(გამოდის ხუთშაბათობით)