მხატვარი ნიკუშა შენგელაია წლების განმავლობაში იმდენად აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ სიტუაციებში, რომ მეგობრებმა ხუმრობით ქართველი ჩე გევარაც კი შეარქვეს. უკვე მეოთხე ხელისუფლების შეცვლაში მიიღო მონაწილეობა და ამბობს, რომ სამართლიანობას წინ ვერაფერი დაუდგება. არ სჯერა იმათი, ვინც ახლა აცხადებს, რომ პოლიტიკაში ვერ ერკვევა. მიაჩნია, რომ სიფხიზლე, ხელისუფლების მუდმივი კონტროლი ყველა ჩვენგანის ვალია.
სოფიკო ჭიაურელისა და გიორგი შენგელაიას შვილს დღეს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე სასაუბროდ ვესტუმრეთ, თუმცა მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ვერც პოლიტიკას ავუარეთ გვერდი.
- გამოცდილების მიღება ოჯახიდან იწყება. ორიენტირებული ხარ იმ ხალხზე, ვისაც უყურებ, აკვირდები, როგორ იქცევიან, რა ურთიერთობები აქვთ, როგორი განათლება, რა ზრდილობა და სწავლობ. ცხოვრებისეული გამოცდილება ასაკთან ერთად მოდის. ოჯახში უფრო თვისებები ყალიბდება, ვიდრე გამოცდილება.
- რომელი თვისება აიღეთ დედისგან, მამისგან.
- თვისება ნივთი არ არის, აიღო და წამოიღო. ეს ბუნებრივად ხდება. მნიშვნელოვანია, როგორ გარემოში იზრდება ბავშვი. ბედმა გამიღიმა, რომ კეთილ, ნორმალურ ადამიანებში მოვხვდი და გარდა გენეტიკისა, კარგი გამოცდილება მივიღე. ვხედავდი, როგორ ეპყრობოდნენ ადამიანებს. ვსწავლობდი, რა იყო მორალი, ზნეობა, საამაყო, სირცხვილი - რა არ შეიძლება გამეკეთებინა, რის გამო დავისჯებოდი.
- ეცალათ მშობლებს თქვენთვის?
- როგორ არ ეცალათ, ყოჩაღები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ დედაც და მამაც ყოველთვის ძალიან დაკავებულები იყვნენ, არც მე და არც ჩემს ძმას უყურადღებობა არ გვიგრძნია. პირველ პლანზე მაინც შვილებს აყენებდნენ ჩვენი მშობლები.
- კერძებს თუ ამზადებდა ქალბატონი სოფიკო სახლში?
- კი, კერძებსაც ამზადებდა და სახლსაც აწესრიგებდა. როცა არ ეცალა, გადაღებებზეც დავყავდი. მე და ჩემი ძმა გადასაღებ მოედნებზე და თეატრის კულისებში გავიზარდეთ. ასევე იქცეოდა მამაც. მოგვწონდა კულისებში. კარგი ადამიანები მუშაობდნენ კინოსტუდიაშიც და თეატრებშიც. მძღოლებთან, გრიმიორებსა და გამნათებლებთან ვძმაკაცობდით (იღიმება).
- მშობლებიდან რომელი უფრო მკაცრი იყო?
- მკაცრი არც ერთი არ იყო, უბრალოდ, აღზრდის სხვადასხვა სტილი ჰქონდათ. მამა უფრო ემოციური იყო, დაგვიყვირებდა ხოლმე. დედას გაბრაზება გაბუტვა იყო. ხმას აღარ გვცემდა, როცა გავაბრაზებდით. ეს ისეთი სასჯელი იყო, ჯობდა ეყვირა.
- ძირითადად რის გამო იღებდით საყვედურებს მშობლებისგან?
- როგორც ყველა ბავშვს, ჩვენც გართობა გვინდოდა, მეცადინეობა გვეზარებოდა. თუმცა ძირითადი აქცენტი მაინც საქციელზე იყო. არ უნდა გვეუხეშა, ვინმესთვის უსამართლოდ არ გვეწყენინებინა, ტყუილი არ გვეთქვა. ორივე, დედაც და მამაც, გვარიგებდა იმას, რომ ბოლომდე გამოგვეყენებინა ჩვენი პოტენციალი. ადამიანის ბედნიერება თვითხარჯვაშიაო, ამბობდნენ. მართლაც ასეა, წარმატებას მაშინ მოიპოვებ, როცა შენს საყვარელ საქმეში ბოლომდე გაილევი. დედა ხშირად ამბობდა, დროს ნუ კარგავთ, ხანმოკლეა ცხოვრება, ყოველი დღე უნდა დააფასო, რომელსაც ღმერთი მოგცემს და უქმად არ უნდა გაატაროო.
- საყვარელი საქმე ახსენეთ, როდის მიხვდით, რა იყო თქვენი საყვარელი საქმე?
- ბავშვობაში ვხატავდი, მშობლებმა მირჩიეს. 15 წლის ასაკში სკოლიდან ნიკოლაძის სამხატვრო ტექნიკუმში გადავედი და იქ გავაგრძელე სწავლა. მაშინ მივხვდი, რომ მართლა მომწონდა ხატვა. თავიდან ვხატავდი იმიტომ, რომ სხვებს მოსწონდათ და მერე... ხატვა ისეთი რამაა, "შიგნით" თუ შეხვალ, შეუძლებელია შენი საყვარელი საქმე არ გახდეს. ბოლო პერიოდში დიდი პაუზა მქონდა, ახლა მინდა ისევ დავუბრუნდე ხატვას.
- ჰო, გავიგე იმუქრებით, ხატვას დავიწყებ და ოჯახისთვის ვეღარ მოვიცლიო.
- (იცინის) კი, ვიმუქრები, მაგრამ ჯერ გარკვეული პასუხისმგებლობა მაქვს. ვცდილობ ჩვენი სახლი, რომელიც ყოველთვის იყო კულტურის კერა, რაღაც ფორმით შევინარჩუნო. ვნახოთ, ახლა ყველაზე დიდი სურვილი მაქვს ხატვას დავუბრუნდე და სახელოსნოში შევიდე, რომელიც ძალიან შეილახა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. მომენატრა საღებავების სუნი.
- ყველა მამაკაცის ცხოვრებაში არის პერიოდი, რომელსაც ის ქუჩაში ატარებს. რა მოგცათ ქუჩამ გამოცდილების თვალსაზრისით?
- ურთიერთობებს სწავლობ ქუჩაში. იქ ხვდები სხვადასხვაგვარ ადამიანებს. ზოგი ღირსეულია, ზოგი - უღირსი, ზოგი კეთილია, ზოგიც - ბოროტი. შავისა და თეთრის გარჩევას სწავლობ. თავს მარტო, ოჯახიდან გარეთ იმკვიდრებ ისე, რისი ღირსიც ხარ, როგორც იქცევი. ჩემს დროს ქუჩა სხვანაირი იყო. უბნები შეკრული იყო, ჩვენი გარეთ გაშვების არ ეშინოდათ. ეზოში პურის გამყიდველი გიცნობდა, მეწაღე გაქცევდა ყურადღებას. "ქუჩის ბიჭები" გიცნობდნენ და გიცავდნენ. ჩემს ბავშვობაში უბნებს თავისი ტრადიციები ჰქონდათ. პატარა იყო მაშინ თბილისი. დღეს მეგაპოლისი გახდა საქართველოსთვის. ძალიან ბევრი ხალხი ირევა. "კარენოი" თბილისელები და ჩამოსულები რაოდენობრივად გათანაბრდნენ.
- ცუდი მხარეც ხომ ჰქონდა ქუჩას, ცდუნების წინაშე არ დამდგარხართ?
- კი, ჰქონდა, ბევრ უსამართლობასაც ხედავდი ქუჩაში, ისევე, როგორც ცხოვრებაში. თუმცა, საბედნიეროდ, ცდუნების წინაშე, რომ ცუდ გზას გავყოლოდი, არ დავმდგარვარ.
- სკოლაზეც ვისაუბროთ, თუ დაგამახსოვრდათ რომელიმე მასწავლებელი, ვისგანაც განსაკუთრებული გამოცდილება მიიღეთ?
- ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, კარგი მასწავლებლები მყავდა, სკოლაშიც, ტექნიკუმშიც, აკადემიაშიც, მაგრამ ჩემი თაობის ხალხისთვის, რომლებმაც დამოუკიდებლობისთვის დავიწყეთ ბრძოლა, ცოტა უცნაური იყო ის სიტუაციები, რაც სასწავლებლებში ამ კუთხით ხდებოდა. სხვა სამყარო ჰქონდათ თითქოს, ცალკე იყვნენ, მოშორებულები ვიყავით მათგან. ჩვენ დასავლური კულტურით ვცხოვრობდით. მაშინ პრობლემური იყო თუნდაც მუსიკის შემოდინება საქართველოში, დაკეტილი იყო ქვეყანა. მიუხედავად ყველაფრისა, კარგ ხალხსაც მოვესწარით, იმ უფროს თაობას, ვისთვისაც სხვა ღირებულებები იყო პრიორიტეტული: პატიოსანი სიტყვა, ნიჭი, იუმორი, ადამიანები. კაპიტალიზმმა ცოტა შეცვალა ღირებულებები, მატერიალური წინა პლანზე წამოვიდა, მაშინ კი, ვისაც ფული ჰქონდა, რცხვენოდა ამის.
- თქვენთან როგორ იყო ამ მხრივ საქმე?
- ჩვენ ვერ შეგვრცხვებოდა, იმიტომ, რომ არ გვქონდა ფული. ერთნაირად ვცხოვრობდით ფულიანიც და უფულოც. ასი მანეთი გვქონდა ჯიბეში თუ ათი კაპიკი, ამით ცხოვრების წესი არ იცვლებოდა.
- მეზობლის ბავშვის სათამაშოზე თვალი დაგრჩენიათ?
- როგორ არა, მატარებელი ჰქონდა ჩემს მეზობელს და ვგიჟდებოდი, ისე მინდოდა... ძალიან ადრე დავიწყე დამოუკიდებელი სახსრებით არსებობა. 15 წლის ვიყავი, როცა არქეოლოგებთან დავიწყე მუშაობა ჟინვალში მხატვრად. ჩემმა მშობლებმა მირჩიეს და ზაფხულის არდადეგები იქ გავატარე. სამი თვე მთა-მთა ვიარე და ნანგრევებს ვხატავდი. თუ ეს მნიშვნელოვანი აღმოჩნდებოდა, არქეოლოგები ადიოდნენ, თხრიდნენ, თუ რამეს აღმოაჩენდნენ, მერე იმ მონაპოვარს ვხატავდი. დაახლოებით 200 მანეთამდე მქონდა ხელფასი.
- სასიყვარულო გამოცდილებაზე რას გვეტყვით?
- მაგას ჯობს თავი დავანებოთ, არაფერი აღარ მახსოვს.
- წარმოუდგენელია...
- ამაზე ლაპარაკი არ მიყვარს. არაერთი ოჯახი მქონდა, მაგრამ ახალგაზრდული იყო ეს ყველაფერი, არ გრძელდებოდა დიდხანს. მყარი ოჯახი ეკა ჭიჭინაძესთან შევქმენი, რომელთანაც თითქმის უკვე 20 წელია ვცხოვრობ. მასთან მყავს 15 წლის გიორგი. მყავს უფროსი ქალიშვილიც, ნატო, და შვილიშვილიც. წელს, ოლიმპიადის გახსნის დღეს, ჩემმა შვილმა გააჩინა გიგანტი - ნიკოლოზ-მატეას როხასი, რომელიც ჯერ არ მინახავს, ჩემი შვილი ლონდონში ცხოვრობს, იქ გათხოვდა იქაურ კაცზე და იქ შეეძინა შვილი. ახლა ველოდები. იმედია, მალე ჩამოვლენ და მაჩვენებენ შვილიშვილს. სულ ვჯავრობ, ეს საზღვრები რომ გაიხსნა, ადრე შვილიც აქ თხოვდებოდა და შვილიშვილებიც აქ იბადებოდნენ... რა ვიცი, ვის აინტერესებს ჩემი სასიყვარულო გამოცდილება, ისეთი ამბები ხდება ქვეყანაში.
- დამასწარით, ვაპირებდი მაგ შეკითხვის დასმას... ამასობაში პოლიტიკური გამოცდილებაც შევიძინეთ ქართველებმა.
- ძალიანაც კარგი. ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ. შევიძინეთ ნელ-ნელა გამოცდილება იმ გარემოებებშიც კი, როცა არც ერთმა ხელისუფლებამ არ შეუწყო ამას ხელი.
- ეს ნორმალურია? უნდა ვერკვეოდეთ ყველანი პოლიტიკაში?
- რა თქმა უნდა. ადამიანი პოლიტიკური არსებაა. ის, რაც გეხებათ თქვენ, მე, უნდა ვაკონტროლოთ, როგორც ცივილიზებულმა ადამიანებმა. უნდა ვერკვეოდეთ, უნდა გვქონდეს ინფორმაცია, ვინ გვატყუებს, ვინ რას აპირებს ჩვენს სახლში. ეს ჩვენი სახლია. ის, ვინც ამბობს, რომ ვერ ერკვევა პოლიტიკაში, იდიოტია. პირდაპირ ასე დაწერეთ - იდიოტები არიან ან მატყუარები. პირად კეთილდღეობას იწყობენ ხელისუფლებასთან ერთად და თავს იმართლებენ. ტყუილია, როგორ არ ერკვევი, ძალიანაც კარგად ერკვევი, მაგრამ "ერთი ადგილი" არ გყოფნის, რომ სიმართლე ილაპარაკო. ან ხალხი არ გიყვარს, ან სხვის ჩაგვრას ვერ ხედავ. 28 წლის ბიჭი ვიყავი, როცა აქტიურად ჩავერთე ეროვნულ მოძრაობაში. ჩვენ თაობას ჰქონდა მძაფრი განცდა, რომ საბჭოთა სისტემა უნდა დანგრეულიყო. დამოუკიდებლობის კომპლექსი გვქონდა, მეც მოვყევი ამ ყველაფერში. ჩემს სახლში ხდებოდა ყველაფერი, ჩემ ირგვლივ ვითარდებოდა მოვლენები. დამიმეგობრდა გია ჭანტურია, გამსახურდია, ღამღამობით იყო შეხვედრები. ათასი რამ მოხდა, ჩემი მეგობრები მაშაყირებენ უკვე, ქართველი ჩე გევარა ხარ (იღიმება), მეოთხე ხელისუფლების წასვლაში მიიღე აქტიური მონაწილეობაო. პროტესტის ნამდვილი საბაბი არის გარემო, რომელსაც ჩვენ ბუნებრივად ვერ ვიღებთ. შვილებზე ვფიქრობთ. რატომ უნდა წავიდეს ჩემი შვილი ამ ქვეყნიდან, რატომ არ შეიძლება აქ იყოს ბედნიერი. მეც მაქვს მსგავსი გამოცდილება. 5-6 წლის განმავლობაში პარიზში ვცხოვრობდი, იქ ვმუშაობდი, იმიტომ, რომ მაშინ აქ არავის ეცალა ხელოვნებისთვის. რაღაცნაირი ხალხი ვართ ქართველები, ან მე ვარ ასეთი, გარკვეული ასაკის შემდეგ ვერ იქნები ბედნიერი სხვა კულტურის, სხვა ეთნოსის ადამიანების გარემოცვაში. ხვდები, რომ შენი ქვეყნის შვილი ხარ, მისი წარმონაქმნი და აქ გინდა ცხოვრება. ამისთვის ელემენტარული პირობები გჭირდება, გინდა ფასდებოდეს ნიჭი, კომპეტენტურობა, დამსახურება, არ იყოს მსახურების პრინციპით წარმატების მიღწევა, პარტიული ნიშნით ადამიანების დაფასება. ეს ის თემებია, რისთვისაც მე და ჩემი მეგობრები ყოველთვის ვიბრძვით.
- იმედგაცრუების აღარ გეშინიათ?
- ახლა არ მეშინია. ვფიქრობ, ხალხი მიხვდა, რომ ძალა აქვს და ყოველთვის გამოიყენებს ამ ძალას. სიფხიზლე ყოველთვის საჭიროა. თუ საზოგადოება ფხიზელი და ინფორმირებული იქნება, საფრთხე აღარ დაგვემუქრება. ისეთი ერთიანობა ვაჩვენეთ ამ არჩევნებზე, საოცარი ხალხი ვყოფილვართ. 29 სექტემბერს, აქციის დროს, გერმანიის პირველმა არხმა მთხოვა ჯგუფი გამეყოლებინა თან, რომ გადაეღოთ ყველაფერი, როგორ მივდივარ, რა განწყობაა, რას ფიქრობს ხალხი. გაგიჟებულნი დარჩნენ დემონსტრაციის კულტურით, როგორ ურთიერთობდა ხალხი, როგორ ეფერებოდნენ ერთმანეთს, როგორ უხაროდათ, სიხარულით მიდიოდნენ დიდ ომში. მაშინ არაფერი არ იყო გადაწყვეტილი. მაშინ იმ ტელევიზიის საშუალებით მივმართე ევროპელებს, ფართოდ გაახილეთ თვალები და დაინახეთ, რომ ჩვენც ევროპელები ვართ, არაფრით ჩამოვუვარდებით ევროპას არც კულტურით, არც მენტალობით-მეთქი.
- დიდი ომი ახსენეთ, ბევრს არ ეგონა, სააკაშვილი ასე იოლად თუ დათმობდა ხელისუფლებას, რა მოხდა?
- მათ შორის ვიყავი მეც. 29 სექტემბერს გამართულმა მანიფესტაციამ და არჩევნებზე სამოქალაქო აქტივობამ აიძულა სააკაშვილი უკან დაეხია. უცხოელი კონგრესმენები, მათი მრჩევლები ჩამოვიდნენ და უთხრეს, ან ეს ხალხი დაგკიდებს, ან აღიარებ იმას, რაც მოხდებაო. ხალხს ვერავინ დაუდგება წინ. არავინ არის შურისმაძიებელი, არავის ვიცნობ "ქართულ ოცნებაში" ისეთს, ვინმეზე შურისძიება უნდოდეს. მეც არ ვარ შურისძიების მომხრე, მაგრამ პრეცედენტი უნდა ხალხს, სამართლიანობა სჭირდება ქვეყანას. ბავშვისა და ქალის უსამართლოდ მჩაგვრელი უნდა დაისაჯოს, ეს ქვეყანამ უნდა დაინახოს, რომ ისეთივე აღარ გაიზარდოს იმ ქვეყანაში. თუ ამას არ გააკეთებ, ე.ი. ხელს აფარებ ძალადობას. პატარა ქვეყანაა საქართველო, ყველამ იცის, ვინ ვინ არის. სააკაშვილმა მაგნიტივით მიიზიდა ყველა უვარგისი ადამიანი, ვინც ყველაფრის მკადრებელი იყო, სააკაშვილს მიეწება. ახლა კი გაათავისუფლა ქვეყანა, ესეც საქმეა. ახლა ადგილი უნდა გათავისუფლდეს წესიერი, პატიოსანი ხალხისთვის. სამართლის, გამარჯვების დროა მთელ მსოფლიოში და სამართალი ნელ-ნელა ყველგან გაიმარჯვებს. სამართლიანობის განცდა არსებობს და ის ნებისმიერ პოლიტიკაზე მაღლა დგას.
ნინო მჭედლიშვილი
(გამოდის ორშაბათობით)