გვესაუბრება "ქართული ოცნების" საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატობის გამარჯვებული კანდიდატი, კოალიცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მანანა კობახიძე:
- მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და "ყველა სიახლის" საშუალებით უღრმესი მადლობა გადავუხადო საჩხერეში ყველა იმ ადამიანს, ვინც დიდი შრომა გასწია არჩევნებში. ვპირდები მათ, რომ გაცილებით უკეთეს ქვეყანაში მოუწევთ ცხოვრება, ვიდრე აქამდე ცხოვრობდნენ. რა თქმა უნდა, ჩემი წარმატება ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება. მას საჩხერლები აღმერთებენ. მადლობას ვუხდი ბატონ ბიძინას იმ ნდობისთვის, რაც მან ჩემ მიმართ გამოიჩინა და თავის მშობლიურ კუთხეში მე მომანიჭა ნდობის მანდატი. საშუალება მომეცა, ახლოს გამეცნო უკეთილშობილესი ხალხი - საჩხერლები, რომლებიც ჩემს მიმართ დიდ სითბოს და სიყვარულს ავლენდნენ. 2 თვის წინ, როცა "ყველა სიახლეს"ინტერვიუ მივეცი, გითხარით, რომ სავარაუდოდ, 75 პროცენტს მივიღებდით, მაგრამ 90 პროცენტს გადავაჭარბეთ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მცდელობა, საჩხერეში საარჩევნო პროცესებისთვის ხელი შეეშალათ, კრახით დასრულდა. საჩხერეში სამარცხვინოდ დამარცხდნენ. მათმა კანდიდატმა ხმების 5% მიიღო.
- როგორც კოალიცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, რა პოლიტიკურ შეფასებას მისცემთ იმ ფაქტს, რომ "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა სრულიად საქართველოში, მაჟორიტართა არჩევნებში კი ნაციონალები ლიდერობენ. მაგალითად, ზუგდიდში როლანდ ახალაია ლიდერობს. რეალურია ეს მონაცემები?
- თუკი ამომრჩეველმა ხმა "ქართულ ოცნებას" მისცა, მის კანდიდატს მხარს არ დაუჭერდა? ეს ხომ ალოგიკურია? ანდა, დავიჯერო როლანდ ახალაიამ რეალურად მოუგო ირაკლი ალასანიას ზუგდიდში, მით უმეტეს, რაც მისი შვილის მიერ ჩადენილი სისასტიკე მთელმა ქვეყანამ ნახა? ეს არის ხელისუფლების მიერ გაყალბებული არჩევნები ზუგდიდსა და სხვა რაიონებში. პირობას ვდებ, რომ არც ზუგდიდში და არც სხვა რაიონში, "ნაციონალურ მოძრაობას" და მიხეილ სააკაშვილს ერთ ხმასაც არ გავატანთ და არც ერთი გაყალბებული უბნის შედეგების ლეგიტიმაციას არ დავუშვებთ.
დარეჯან ლიპარტელიანი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)