პროფესიით ფილოლოგია და ბევრი საყვარელი ავტორი ჰყავს. ამბობს, რომ ყველაზე აქტიური მკითხველი სტუდენტობის დროს იყო. მსოფლიო ლიტერატურის შედევრებსაც სწორედ იმ წლებში გაეცნო. ყველაზე მეტად რომანები იტაცებდა - შეეძლო, სასიყვარულო თავგადასავლები დაუსრულებლად ეკითხა. მიაჩნია, რომ ეს ასაკის ბრალი იყო. უყვარს პოეზია, მაგრამ ლექსებს ზეპირად ვერ იმახსოვრებს. განიცდის, რომ ბოლო დროს წიგნისთვის დროის გამონახვას ვეღარ ახერხებს. "ერუდიტის" სტუმარი "ისი-პარის" პიარ-მენეჯერი, ხატია შამუგია გახლავთ.
- ხატია, შეხვედრაზე თითქოს თავს იკავებდი...
- მე და დედაჩემი ამ რუბრიკის ერთგული მკითხველები ვართ. რომ ვერ გიპასუხო? რაღა დაგიმალო და, განვიცდი.
- სანერვიულო არაფერია. მსმენია, რომ წიგნების კითხვა გიყვარს.
- წიგნის კითხვა ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ძალიან მომწონს, ბოლო დროს ჟურნალები წიგნებთან ერთად რომ იყიდება. მადლობა ამ იდეის ავტორს. ცოდნის შეძენის თვალსაზრისით ჩემთვის ყველაზე ნაყოფიერი აბიტურიენტობისა და სტუდენტობის წლები იყო. ქართულში არაჩვეულებრივი რეპეტიტორი მყავდა. მან ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. მე და მაია ასათიანი ერთად ვემზადებოდით.
- ინტელექტუალური თამაშები გიზიდავს?
- ძალიან მომწონს "რა? სად? როდის?" და "ვის უნდა 20 ათასი?" (იმედი მაქვს, ამ გადაცემას ეთერში ისევ დააბრუნებენ). ეს გადაცემები არ უნდა გამოტოვო. მიხარია, რომ ჩვენს ქვეყანაში ამდენი ინტელექტუალი ცხოვრობს.
- წიგნი თუ მოგიპარავს?
- (იცინის) არა, არ დამჭირვებია.
- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდი?
- კონსტანტინე გამსახურდიას მეფე გიორგისთან ვიმეგობრებდი. გრძნობის კაცია. დღეს გრძნობის კაცები ძალიან ცოტანი არიან. სიყვარულისთვის სისულელის ჩამდენი ბევრი არ მეგულება. ასეთ მამაკაცებს ვაფასებ. მის მონოლოგს გულგრილად ვერ ვკითხულობ, თვალზე ყოველთვის ცრემლი მადგება.
- კითხვარზე გადავიდეთ?
- ვაიმე დედა! ძალიან ვღელავ.
- ეს სახელგანთქმული დიზაინერი წიგნების დიდი სიყვარულით არის ცნობილი. მის ბიბლიოთეკაში 30 ათასზე მეტი წიგნია. წიგნის მოყვარულებს ის სიურპრიზს უმზადებს, - სუნამოს წიგნის სურნელით...
- (მაწყვეტინებს) ვიცი! ვიცი! ეს დიზაინერი კარლ ლაგერფილდი გახლავთ. ამჟამად შანელის სამოდელო სახლში მუშაობს და "კოკო შანელის" სახელით რა ტანსაცმელიც გამოდის, ყველაფერი კარლ ლაგერფილდის შექმნილია. გარდა ამისა, თავისი სახელობის პარფიუმერიის ხაზი აქვს და დიდი ბიბლიოთეკაც, სადაც მკითხველები მიდიან და სასურველ ლიტერატურას ეცნობიან. მისი სუნამოს ფლაკონსაც წიგნის ფორმა ექნება.
- რა ჰქვია ევროს ხურდა ფულს?
- ევროცენტი.
- მოგზაურები ძველთაგანვე ცდილობდნენ, რომ სასმელი წყალი ვერცხლის ჭურჭელში შეენახათ. რატომ?
- წყალს ტემპერატურა რომ შეენარჩუნებინა.
- ცდები, წყლის გაუვნებლების მიზნით ინახავდნენ (ვერცხლი ბევრ მავნე მიკრობს კლავს). რომელი ელემენტია ყველაზე მსუბუქი - რკინა, ჟანგბადი თუ წყალბადი?
- (ფიქრობს) წყალბადი, არა?
- დარწმუნებული ხარ?
- ვაღიარებ, სწორი პასუხი არ ვიცი. ინტუიცია მკარნახობს, რომ წყალბადი იქნება.
- გამოიცანი, კარგი ინტუიცია გქონია. 1898 წელს ინგლისელმა მწერალმა მორგან რობერტსონმა გამოაქვეყნა თავისი ნაწარმოები - "ამაოება", რომელიც მალე ყველამ მიივიწყა. წლების შემდეგ მწერალი მოხვდა "ტაიმსის" პირველ გვერდზე. სტატიაში ის მოხსენიებული იყო, როგორც ნათელმხილველი და ბოროტი გენია. რა აღწერა "ამაოებაში" რობერტსონმა?
- მე უილიამ თეკერეის "ამაოების ბაზარი" მაქვს წაკითხული. რობერტსონზე ვერაფერს გეტყვი.
- მიგანიშნებ, მან ერთ-ერთი დიდი ტრაგედია იწინასწარმეტყველა, რომელიც "ამაოების" გამოქვეყნებიდან 14 წლის შემდეგ მოხდა.
- ვერ ვხვდები, რომელ ტრაგედიაზეა ლაპარაკი?
- "ტიტანიკის" ტრაგედიაზე. ვინ არის ფარდობითობის თეორიის ავტორი?
- აინშტაინი.
- როცა ის 72 წლის გახდა, ამ დღის აღსანიშნავად ფოტო გადაუღეს. რა გააკეთა მან კადრში მოხვედრისას?
- ენა გამოყო. ეს ცნობილი ფოტოა.
- "სულ უბრალო სოფელს მაშინ გაუვარდება სახელი, თუ იქ დიდი ვაჟკაცი დაიბადა". რომელი ნაწარმოების ეპილოგში წერს ამ სიტყვებს მიხეილ ჯავახიშვილი?
- (ფიქრობს) "არსენა მარაბდელში".
- რა ერქვა ოთარაანთ ქვრივს?
- (პაუზის შემდეგ) არჩილი, გიორგი, კესო, ვისაც ოთარაანთ ქვრივი უყვარდა, პეტრე ერქვა...
- პროფესიით ფილოლოგი ხარ, ამ კითხვაზე უნდა მიპასუხო. ოთარაანთ ქვრივი რომ უყვარდა, იმ კაცს კი სოსია ერქვა.
- ოთარაანთ ქვრივს სახელი საერთოდ არ ჰქონდა, დავიბენი.
- ვის მიმართავს ლადო ასათიანი სიტყვებით: "თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა"?
- ბრძოლით გაუმაძღარ არაგველებს. ეს ლექსი ზეპირად მახსოვს.
- XV საუკუნეში შედგენილ რუკაზე იქნებოდა თუ არა აღნიშნული ამერიკა და ავსტრალია?
- არ იქნებოდა.
- როგორ მოკვდა ლუარსაბ თათქარიძე?
- მუცლის გვრემისგან. ძალიან ბევრი საჭმელი მიირთვა და მიიცვალა.
- "სრულყოფილების ნუ გეშინიათ, თქვენ ის ოდნავადაც არ გემუქრებათ". ვინ არის ამ ცნობილი გამონათქვამის ავტორი?
- არ ვიცი.
- სალვადორ დალი. ეს ცნობილი ფრანგი დიზაინერი 1883 წლის 19 აგვისტოს დაიბადა. უსახსრობის გამო უდედმამო ბავშვთა სახლში იზრდებოდა. 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი შემოსავალი წელიწადში 160 მილიონ დოლარს შეადგენდა. მან მოდას დაუტოვა ჯაჭვისსახელურიანი ხელჩანთა, მოკლე ვარცხნილობა, გარუჯული კანით სიარული, დიდი სათვალე, შავი ფერი გახადა აქტუალური...
- და ეს დიზაინერი გახლდათ კოკო შანელი. მისი ბიოგრაფია ზეპირად ვიცი. ახლაც კომპანიაში ამ სახლის წარმომადგენელი გვყავს სტუმრად.
- შევამოწმებ, შანელის გამონათქვამებიც თუ იცი ზეპირად: "20 წლამდე ქალს აქვს სახე, რომელიც ბუნებამ უბოძა"...
- (მაწყვეტინებს) "ხოლო 50 წლამდე კი სახე, რომელსაც იმსახურებს".
- ამ მდინარეზე 4 ევროპული ქვეყნის დედაქალაქი მდებარეობს.
- (მაწყვეტინებს) კარგი, რა, ეს გეოგრაფია რამ გაგახსენა?
- დასმულ კითხვაზე პასუხი არ გაქვს?
- უნდა დავფიქრდე.
- მიგანიშნებ, ეს ქალაქებია: ვენა, ბუდაპეშტი, ბრატისლავა, ბელგრადი.
- მივხვდი, მდინარე დუნაიზეა ლაპარაკი.
- კლასში 35 მოსწავლეა, შეიძლება თუ არა, რომ თითოეული მათგანის გვარი განსხვავებული ქართული ასოებით დაიწყოს?
- არა.
- სახელმწიფო ტოგოში თუ მამაკაცი ქალს კომპლიმენტს ეტყვის, რა ვალდებულება ეკისრება მის წინაშე?
- ცოლად უნდ მოიყვანოს?
- გამოიცანი.
- ვა! ლოგიკური აზროვნება სად გამომადგა?!
- რომელ ქართულ ფილმშია გამოყენებული გრიგოლ ორბელიანის მუხამბაზი "გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ"?
- "ქეთო და კოტეში".
- ვისი პიესის მიხედვით არის ეს ფილმი გადაღებული?
- ავქსენტი ცაგარელის "ხანუმას" მიხედვით.
- "ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო - სრულუფლებოვანი, დამოუკიდებელი სახელმწიფო". ვინ წარმოთქვა ეს სიტყვები 1918 წლის 26 მაისს?
- ნოე ჟორდანიამ.
- იგი 1886 წელს გადააყენეს ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა მარშლის თანამდებობიდან, ხოლო 1887 წელს სტავროპოლში მოკლეს. მისი მკვლელობის ორგანიზატორი რუსეთის იმპერიამ ბრილიანტის ჯვრით დააჯილდოვა. ვინ იყო ცარიზმისთვის საშიში ქართველი მოღვაწე?
- ვერ ვიხსენებ.
- მიგანიშნებ, ის 2007 წელს საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ხოლო აკაკი წერეთელმა "განთიადი" უძღვნა.
- დიმიტრი ყიფიანი.
- ევროს გამოშვებას ლამის სკანდალი მოჰყვა. რა შეცდომა იყო დაშვებული კუპიურების თავდაპირველ ვარიანტზე გამოსახულ ევროპის რუკაზე?
- ზუსტად ვერ გეტყვი, რომელიმე ქვეყანა არ იყო?
- გერმანია შუაზე იყო გაყოფილი. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შეერთებული სამეფოს ისტორიაში ვინ იყო პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი?
- მარგარეტ ტეტჩერი.
- როგორ იწყება "ვეფხისტყაოსანი"?
- "იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი..."
- ხატია, დაფიქრდი.
- ა! მაპატიე, მეორე თავიდან დავიწყე. "რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,/ ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,/ მან კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,/ მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა."
- ვის უწოდებენ "ვალსების მეფეს"?
- მენდელსონს.
- ის "საქორწინო მარშის" ავტორია. "ვალსების მეფეს" შტრაუსს უწოდებდნენ. რომელ ქალაქში ტარდება ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს - "ოსკარებით" დაჯილდოების ცერემონია?
- ლოს-ანჯელესში.
- "უხერხულია - შენ...
- (მაწყვეტინებს) "...შენ გერქვას ცოლი -/ შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე./ აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი!../ მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ"... ამ ლექსის ავტორი ტარიელ ჭანტურიაა.
- ეს ინგლისელი მწერალი ქალი I მსოფლიო ომის დროს მოწყალების დად მუშაობდა. მას დეტექტიური ჟანრის 60-მდე ნაწარმოები აქვს შექმნილი. დაასახელე რომელ მწერალზეა ლაპარაკი.
- მინიშნებას ვერ მეტყვი?
- მისი ნაწარმოებების მთავარი გმირი ერკიულ პუაროა.
- კარგი მინიშნებაა, აგატა კრისტი ყოფილა.
- ვინ არის ყველაზე ხანდაზმული კარიერის მქონე რეჟისორი, რომელიც დღესაც ცოცხალია. პირველი მუნჯი ფილმი 1931 წელს გადაიღო, ბოლო - 37-ე ფილმი კი 2004 წელს. პორტუგალიელია.
- ბოლოს გადაღებულ ფილმს რა ჰქვია, ვერ მეტყვი?
- "მეხუთე იმპერია".
- მანუელ დე ოლივეირა.
- დაბოლოს, დაასრულე ჰიუგოს ცნობილი გამონათქვამი: "მამაკაცს უნდა შეეძლოს ქალს დაემორჩილოს, რომ შემდეგ მასზე...
- "...რომ შემდეგ მასზე ბატონობის უფლება მოიპოვოს".
თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)