საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პავლე კუბლაშვილი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩართულ ოპოზიციურ პარტიებს პროცესის მიტოვებაში ადანაშაულებს.
"ჩვენმა ოპონენტებმა მოლაპარაკებების მაგიდა მიატოვეს; მიატოვეს ერთადერთი მიზეზის გამო, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია არ მოსწონთ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით", - განაცხადა კუბლაშვილმა დღეს ცესკო-ში, სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე.
მისივე თქმით, მათ გააკეთეს განცხადებები, რომ მზად არიან, სხვა ფორმით მიუთითონ თავიანთ მხარდამჭერებს და აქცენტი გააკეთეს ქუჩაზე.
"ჩვენს ოპონენტებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმოდგენილ წინადადებებში არ მოსწონთ, როცა ჩვენ ვაცხადებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა რაიონს თავისი წარმომადგენელ ჰყავდეს საქართველოს პარლამენტში, ყველა რაიონს ჰყავდეს მაჟორიტარი დეპუტატი; მათ წარმოუდგენიათ, რომ პარტიები წილში უნდა ჩაუჯდნენ მოსახლეობას და შესთავაზონ ამ მოსახლეობას წარმომადგენლად საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა კუბლაშვილმა.
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე კონსულტაცია, დღეს ცესკო-ში მოულოდნელად განახლდა. თავდაპირველად შეხვედრაზე არ იმყოფებოდა "ოპოზიციური რვიანი" სრული შემადგენლობით. მათ მხოლოდ "ქრისტიან-დემოკრატი" ლევან ვეფხვაძე და ექსპერტი ირაკლი მელაშვილი წარმოადგენენ. თუმცა, როგორც ვეფვაძემ შეხვედრის დაწყებისას აღნიშნა, "ვერ გაახმოვანებს "რვიანის" შემადგენლობაში მყოფი პარტიების პოზიციას, რადგან დღეს წარმოადგენს ტექნიკურ მხარეს, რომელიც სხდომის წარუძღვება".
შეხვედრაზე "ოპოზიციური რვიანის" გარდა, ასევე არ იმყოფებოდნენ "ედპ"-ს, "ქართული დასის", "მრეწველებისა" და "საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენლები, რამაც ხელისუფლების წარმომადგენელთა პროტესტი გამოიწვია.
საპალრამენტო უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა მოითხოვა, გაერკვიათ, რატომ არ იმყოფებიან შეხვედრაზე აღნიშნული პარტიები.
"ედპ"-სა და "მრეწველების" წარმომადგენლები, შეხვედრას მოგვიანებით შეუერთდნენ. ხოლო " ქართული დასი" და "საქართველოს დემოკრატიული პარტია" პარლამენტში მიმდინარე დებატების გამო, ჯგუფის დღევანდელ მუშაობაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.