"დინამო არენაზე“ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის დაანონსებამ ქართველ მელომანებში ნამდვილი ვნებათაღელვა გამოიწვია. ეს გასაკვირიც არ არის, რადგან ამერიკელი სუპერვარსკვლავი მთელი მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ცხადია, გამონაკლისი არც საქართველოა.
უკანასკნელი წლების განმავლობაში, „Starring Georgia-ს“ გუნდის ძალისხმევით, „ბლექ სი არენასა“ და თბილისის საფეხბურთო სტადიონებზე არაერთი დიდი არტისტი ვნახეთ, მაგრამ ახლა მთელი დედაქალაქი ელოდება მომენტს, რომელიც 23 ივლისს „დინამო არენაზე“ ათობით ათასი გულშემატკივრის თანხლებით დადგება.
„ბედნიერი ვარ, წარმოუდგენელი რამ მოხდა... პოპ მუსიკაში ჯასტინ ტიმბერლეიკი ის სახელია, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ძალიან მკვეთრად კაშკაშებს. მას მსოფლიო ჯერ კიდევ იქიდან იცნობს, 12 წლის ასაკში ბრიტნი სპირსთან და კრისტინა აგილერასთან ერთად სატელევიზიო შოუ „The Mickey Mouse Club-ში“ რომ მონაწილეობდა. მასზე უამრავი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ თუ აქამდე ჩვენ მიერ ჩამოყვანილი არტისტები ცალსახად მუსიკალური არტისტები იყვნენ, ჯასტინ ტიმბერლეიკი ის შემთხვევაა, რომელიც მუსიკა და კინოს აერთიანებს,“ — ამბობს ციცი იაშვილი, „Starring Georgia-ს“ პროექტების ხელმძღვანელი.
ზემოთ ნახსენებ მუსიკოსებთან ერთად, „The Mickey Mouse Club-ში“ კარიერას ჯეისი ჩეიზესიც იწყებდა. სწორედ მასთან ერთად გაგრძელდა ჯასტინ ტიმბერლეიკის მუსიკალური მოღვაწეობა მელომანებისთვის საყვარელ ბოიბენდში „'N Sync-ში“, რომელსაც ლენს ბასი, ჯოუი ფეტოუნი და კრის კირკპატრიკიც შეუერთდნენ.
'N Sync იმ პერიოდის ნამდვილ აღმოჩენად იქცა. ბიჭებმა 1995–2002 წლებში 70 მილიონი ჩანაწერი გაყიდეს. 2001 წელს წარმატებული ბენდის სოლისტმა ზარი თავად პოპის მეფისგან მიიღო. მაიკლ ჯექსონი ჯასტინ ტიმბერლეიკს სთხოვდა, ერთად ემღერათ სპეციალურად ჯექსონისთვის შექმნილი სიმღერა Gone, რომლის სოლო შესრულებაზეც პოპის მეფემ უარი განაცხადა. ჯასტინმა იფიქრა, რომ საუბარი მთელი ბენდისა და ჯექსონის დუეტზე იყო, თუმცა მაიკლს უშუალოდ მასთან სურდა დუეტი. როგორც მუსიკოსი შემდეგ იხსენებდა, ამ ზარის მერე მან საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნა და გადაწყვიტა, დაეწყო სოლო კარიერა, რომელიც კიდევ უფრო შთამბეჭდავი გამოდგა.
სოლო კარიერის განმავლობაში, ჯასტინ ტიმბერლეიკმა 50 მილიონზე მეტი ალბომი და 60 მილიონზე მეტი სინგლი გაყიდა.
მას პოპ, დენს და R&B ჟანრებში GRAMMY-ს 10 ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის, წარმატებული სოლო ალბომებისთვის — „Man of the Woods“, „The 20/20 Experience“, „FutureSex/LoveSounds“ და მისი სადებიუტო სოლო ალბომისთვის — „Justified“. გარდა ამისა, ჯეი-ზისთან კოლაბორაციით, არტისტმა მსოფლიოში 23 მილიარდზე მეტი აუდიო და ვიდეო სტრიმი მოიპოვა; ასევე, მიიღო Emmy-ის 4 ჯილდო საღამოს მუსიკალურ-იუმორისტულ შოუ „Saturday Night Live-ში“ მისი დასამახსოვრებელი გამოსვლებისთვის.
როგორც მსახიობი, ჯასტინ ტიმბერლეიკი მონაწილეობდა ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა: „The Social Network“, „Friends with Benefits“ და „In Time“. გარდა ამისა, მას გახმოვანებული აქვს „DreamWorks-ის“ ანიმაციური მიუზიკლი „TROLLS-ს“. მისი ჰიტად ქცეული სიმღერა „Can’t Stop the Feeling” 2017 წელს გამოსული „Trolls Holiday-იდან“ წლის „საუკეთესო ორიგინალური სიმღერის“ ნომინაციაში იყო „ოსკარზე“ წარდგენილი.
არტისტმა ახლახან გამოუშვა მეექვსე სტუდიური ალბომი „Everything I Thought It Was“, რომელიც 18 ახალ სიმღერას შეიცავს, მათ შორის, ჰიტ-სინგლებს: „Selfish” და „No Angels“. ასე რომ, 23 ივლისს „დინამო არენაზე“ შეკრებილ ათიათასობით მელომანს შესაძლებლობა ექნება, არა მხოლოდ საყვარელ ჰიტებს, არამედ უახლესი ალბომის სინგლებსაც მოუსმინოს.
ჯასტინ ტიმბერლეიკი საქართველოში მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩამოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ „დინამო არენაზე“ შეკრებილი მსმენელიც იდენტურ კონცერტს იხილავს, თუმცა ეს სანახაობა ქართველი მელომანებისთვის მაინც განსაკუთრებული იქნება.
გრანდიოზულ შოუში, რომელსაც არტისტი მსმენელს შესთავაზებს, მოცეკვავეებიც მიიღებენ მონაწილეობას, რისი ფუფუნებაც ქართველ მელომანებს, სამწუხაროდ, აქამდე არ გვქონია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მაყურებელს შეეძლება, 2 საათის განმავლობაში სრულყოფილი შოუთი დატკბეს. როგორც „Starring Georgia-ს“ პროექტების ხელმძღვანელი აღნიშნავს, ქართველი მსმენელი ნამდვილად იმსახურებს მსგავსი ღონისძიების მასპინძლობას.
„ის იყო არტისტი, რომელთანაც ხელშეკრულების პუნქტებზე მუშაობა ყველაზე დიდხანს დაგვჭირდა. ჩამოსვლაზე თანხმობა ჯერ კიდევ 2024 წლის სექტემბრიდან გვქონდა, თუმცა ყველაფრის ზედმიწევნით დაზუსტება, ფაქტობრივად, დღემდე გრძელდებოდა. რა თქმა უნდა, მუშაობის პროცესში წინა გამოცდილებები გვეხმარება, მაგრამ ყოველ ჯერზე ახალი გამოწვევები გხვდება, რაც ჯასტინმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა,“ — აღნიშნავს „ციცი იაშვილი.
ბილეთების გაყიდვა დაიწყება 8 აპრილს, 12:00 საათზე TKT.ge/JustinTimberlake-ზე. ტრადიციისამებრ, „Starring Georgia-ს“ მუსიკალური ოდისეის ლოიალურ თანამგზავრებს, „Starring Card-ის“ მფლობელებს ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლოთ Pre Sale-ით და ლიმიტირებული რაოდენობის ბილეთები 1 დღით ადრე შეიძინონ. წინასწარი გაყიდვა 7 აპრილს, 12:00 საათზე TKT.ge-ზე დაიწყება. ბილეთების ფასებს და შეთავაზებებს გაეცანით ლინკზე.