წუხელ, გვიან ღამით ქუთაისის გასასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. შემთხვევა ქალაქის გასასვლელში, წყალწითელას ხიდთან მოხდა - თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა მდინარეში გადავარდა და მასში მსხდომი ახალგაზრდები - ლუკა ებრალიძე, თენგო დეისაძე და კიდევ ერთი მათი მეგობარი ადგილზე დაიღუპნენ.
"არ ვიცით, ეს უბედურება როგორ მოხდა, საჭესთან ლუკა მჯდარა, დარწმუნებული ვარ, რომ ლუკა ნასვამი არ ყოფილა, საერთოდ არ სვამდა... ლუკა იყო სანათესაოს სული და გული, უკეთილშობილესი, ზრდილობიანი და სიკეთის განსახიერება ბიჭი. არ იცით, ეს რამხელა
შოკია ჩვენთვის. ლუკას ავტომანქანა რამდენიმე დღის ნაყიდი ჰქონდა და იმ საბედისწერო ღამეს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ზოგადად, გიჟდებოდა სამეგობროზე. ლუკას სახლი ლანჩხუთშიც აქვს და როცა ჩამოდიოდა, სულ დედულეთისკენ - ქუთაისისკენ და სამეგობროსკენ მიეჩქარებოდა. მისი გარდაცვლილი მეგობრები თენგო და კიდევ ერთი ახალგაზრდა ქუთაისელები არიან, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ერთადაც წავიდნენ...
სამივენი 26-27 წლისები იყვნენ, დედისერთები და დაუოჯახებლები. ლუკა 27 წლის იყო, მისი დედა ემიგრანტია, ამჟამად ამერიკაში მუშაობს. ლუკა მამასთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, მუშაობდა, მეგობრებს ავეჯის საამქრო ჰქონდათ და ბევრს შრომობდა. არ ვიცი, როგორ გადავიტანთ უმისობას. ვინც იცნობდა, ყველას უყვარდა ლუკა, ყველას".
AMBEBI.GE ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.