XXI საუკუნეს "კვირის პალიტრა" უნიკალური პროექტით "გზავნილი მომავალში" შეხვდა. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეძლო წერილი დაეწერა, რომელსაც მისი სურვილისამებრ, ადრესატი 5, 10, 25, 50 ან 100 წლის შემდეგ მიიღებდა - იქნებოდა ეს შვილი, მეგობარი, საყვარელი ადამიანი თუ ქვეყანა. შესაბამისად, ამ პროექტს 25 წლის წინ უპრეცედენტო აჟიოტაჟი მოჰყვა...
2025 წლის მარტში სკივრი მესამედ გაიხსნა და 3 ათასზე მეტი ადამიანი გზავნილს აწმყოში წარსულიდან მიიღებს. რედაქციაში მოსული წერილების ადრესატები ემოციებს ვერ მალავენ. ყველა ისტორია გამორჩეული და ემოციურია.
სკივრში აღმოჩნდა ტელეწამყვან მანიკა ასათიანის წერილი.
გოგონა, რომელმაც თავის ახალდაბადებულ ძმას წერილი დაუწერა, მაშინ 8 წლის იყო. მანიკას აღარ ახსოვდა ეს ისტორია და ამიტომ, როდესაც ძმას, ვაჩე ასათიანს, ფოსტიდან შეტყობინება მიუვიდა, რომ მის სახელზე წერილი იყო, ოჯახი დაიბნა. წერილის ავტორი სავარაუდოდ ავტორი ბებია ან ბაბუა ეგონათ
მანიკა ასათიანი:
ჩემს ძმას, გუშინ, ფოსტიდან მოუვიდა შეტყობინება, რომ მის სახელზე იყო წერილი. ოჯახში გარჩევა გვქონდა, ვისი დაწერილი შეიძლებოდა ყოფილიყო. მე არ მახსოვდა, რომ ეს წერილი დავწერე. გუშინ მეც მეგონა, რომ წერილი ბებიამ ან ბაბუამ დაწერა. დღეს ჩემმა ძმამ გამოიტანა წერილი და აღმოჩნდა, რომ არის ჩემი დაწერილი.
25 წლის წინ, მე როცა ვწერდი ამ წერილს, ვიყავი 8 წლის. არ ვიცი, ვიღაცისთვის ეს შეიძლება ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ იმდენად ემოციური იყო ამ წერილის წაკითხვა, რომ ვერ შევიკავე ცრემლები.
მინდოდა, მადლობა მეთქვა კვირის პალიტრისთვის და ამ ინიციატივის ავტორისთვის, იმიტომ, რომ 25 წლის წინანდელი ემოცია გამიცოცხლდა. ვისურვებდი, რომ ბევრი ასეთი შესაძლებლობა გვქონდეს. მოულოდნელი სიხარულივით იყო.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კვირის პალიტრას, რომ დღევანდელი დღე, არა მარტო მე, არამედ ჩემს ოჯახს გაგვილამაზეს.