"დიდი ხანია, ასეთი საინტერესო რამ არ გვინახავს“, "მსგავსი ფესტივალი, არ მგონია სადმე არსებობდეს“, "უმაღლესი ხარისხის ღონისძიებაა“, "ვერ ვიჯერებ, რომ პირველად ტარდება“ - ეს, ფესტივალ "ვაინქასთის“ სტუმრების სიტყვებია, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გაისმოდა წინანდლის მამულში, 9 და 10 ნოემბერს.
კინოსა და ღვინის საერთაშორისო ფესტივალი "ვაინქასთი“ წელს პირველად ჩატარდა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კინო პროგრამის, ამერიკის საელჩოს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ლენდ ო ლეიქ ვენჩურ37 და ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით. ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია "მალბერი გრუპია“, რომელიც კინო-ვიდეო წარმოების, მარკეტინგული კამპანიების დაგეგმა/განხორციელების და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. იქიდან გამომდინარე, რომ ფესტივალის სადებიუტო წელს, ქვეყანა ფოკუსში
ამერიკის შეერთებული შტატები იყო, "ვაინქასთს“ საერთაშორისო სტუმართა უმეტესობა, სწორედ ამერიკიდან ეწვია. საფესტივალო კინო და ღვინო პროგრამაც მეტწილად ამერიკულ კულტურაზე იყო ორიენტირებული. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ნაპა ველედან მოწვეულმა მასტერ სომელიეებმა, რომლებმაც სტუმრები ამერიკულ ღვინოსა და ღვინის კულტურას აზიარეს, ჩაატარეს მატერკლასები, დეგუსტაციები და მიიღეს მონაწილეობა ქართული, საკონკურსო ღვინის შეფასებაში. ამერიკიდან მოწვეულმა რეჟისორებმა, პროდიუსერებმა და კინო ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებმა, ქართველ კინო სექტორში დასაქმებულ და დაინტერესებულ პირებს გააცნეს უახლესი ამერიკული ფილმები, ჩაატარეს ვორქშოფები, მასტერკლასები და ინდუსტრიული შეხვედრები. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის სტუმართა შორის იყვნენ ამერიკული, ცნობილი გამომცემლობების მწერლები და ჟურნალისტები, რომელნიც თავიანთ შთაბეჭდილებებს მკითხველებს, ისეთ ჟურნალებში გაუზიარებენ, როგორიცაა "ვაინ ენთუზიასტი“, "ორიონი“, "ნიუ იორკ თაიმსი“ და სხვა. ამრიგად, ფესტივალის საინაგურაციო წელი ნამდვილად იყო ქართულ-ამერიკული მეგობრობის იშვიათი წარმოჩინება.
ფესტივალმა სტარტი თბილისში აიღო. 8 ნოემბერს სიონის ქუჩაზე, თამადის ძეგლის მიმდებარედ, საზეიმოდ გაიხსნა ქართული ვაზის ჯიშისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა. ამგვარად, საფუძველი ჩაეყარა ფესტივალის გახსნის ამ, მეტად კრეატიულ ფორმატს. როგორც დამფუძნებლებმა აღნიშნეს, ყოველ წელს, ფესტივალი ამ, ფორმით გაიხსნება და აღნიშნული ადგილი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდება ღვინის ხეივნად, ჰოლივუდის ვარსკვლავთა ხეივნის მსგავსად. საღამო, თბილისის ღვინის მუზეუმში გაგრძელდა, სადაც სტუმრებმა ნახეს ქართული კინო შედევრი "ქვევრი“ და ისიამოვნეს ქართული ღვინის დაგემოვნებით.
საზეიმო დღეები კი კახეთში, წინანდლის მამულში გაგრძელდა. აქ, სტუმრებს დილიდან შეეძლოთ მათი გემოვნებისა და ინტერესების მიხედვით შერჩეულ სხვადასხვა ღონისძიებას და აქტივობას დასწრებოდნენ. საფესტივალო დღეების მანძილზე, ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა შვიდამდე სხვადასხვა ღონისძიება; მუშაობდა ორი კინო დარბაზი, სადაც ჩვენებებს შორის იმართებოდა შეხვედრები და დისკუსიები ფილმების ავტორებთან, მათ შორის იყვნენ ოსკაროსანი რეჟისორები ნანა ჯორჯაძე და ლაურა ნიქსი. სადეგუსტაციო სივრცეებში ეწყობოდა სხვადასხვა ქვეყნის ღვინის დეგუსტაციები, მათ შორის იყო ამერიკული უნიკალური ღვინოები, რომლებიც სპეცილურად ფესტივალისთვის, შემქმნელების მიერ ხელმოწერილი ბოთლებით ჩამოვიდა საქართველოში. ცალკე სივრცეებში იმართებოდა მასტერკლასები და ვორქშოფები, როგორც კინო, ისე ღვინის სექტორში დასაქმებული პროფესიონალებისთვის.
ყველაზე საინტერესო სანახაობა კი, სტუმრებს მთავარ დარბაზში, ეგრეთ წოდებულ "ბოლ რუმში“ დახვდათ, სადაც ოცდაათზე მეტი ქართული მარანი წარმოადგენდა სპეციალურად ვაინქასთისთვის შერჩეულ, უმაღლესი კლასის ღვინოს. აქ, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ისეთი ქართული ღვინოები, რომელნიც მსოფლიო მასშტაბით კონკურენციას უწევს ნებისმიერი ქვეყნის ღვინოს, როგორც ხარისხით, ისე გემოვნური თვისებებით. ღვინის გარდა დარბაზში წარმოდგენილი იყო უნიკალური ქართული, მივიწყებული ყველის სახეობები, ნუგბარი და ჩაროზი. ორივე საფესტივალო დღის დასკვნითი საღამო კონცერტით დაგვირგვინდა, პირველ დღეს ფესტივალმა შემოგვთავაზა სალიოს ცოცხალი პერფორმანსი, მეორე დღეს კი, გიგი პიანომენ ჭიპაშვილის მიერ შესრულებული კინო ჰანგები.
ფესტივალი დაჯილდოების ცერემონიალით დაიხურა. გამოვლინდნენ გამარჯვებული მეღვინეობები-პატრა მარანი, ორგო და პირველი. აგრეთვე ფესტივალმა საპატიო ჯილდო გადასცა რეჟისორ ნანა ჯორჯაძეს, ქართულ კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. დიპლომები გადაეცათ თითოეულ მონაწილე მარანსა თუ კინო რეჟისორს, რომელთაც ვაინქასთში მონაწილეობის მისაღებად საკმაოდ დიდი, შესარჩევი კონკურსი გაიარეს.
ფესტივალმა, პირველ წელს რვაასამდე სტუმარს უმასპინძლა. აღმოჩნდა, რომ კინოსა და ღვინის სიყვარულს ნამდვილად შეუძლია განსხვავებული ასაკის, ეთნოსის, ინტერესებისა და შეხედულებების მქონე ადამიანების გაერთიანება.
როგორც დამფუძნებლებმა აღნიშნეს ვაინქასთის ახალი, ბევრად მასშტაბური ფესტივალის მომდევნო სეზონი ზაფხულის მიწურულს შედგება.
(R)