გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, 46 წლის ქართველი მამაკაცი, რომელმაც ცოლს ტრამვაიში აალებადი სითხე შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა.
ის შემთხვევის შემდეგ გაქცეული იყო და სამართალდამცველებს მასზე ძებნა ჰქონდათ გამოცხადებული.
”ეჭვმიტანილი გერას პოლიციაში გამოცხადდა დაახლოებით დილის 9:00 საათზე, ის წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დააკავეს”, - აცხადებენ პოლიციაში.
BILD-ის ინფორმაციით, "დაზარალებული და თავდამსხმელი, ორივე ქართველია". ისინი, სავარაუდოდ, ერთად ჩასხდნენ ტრამვაიში. ბოლო ინფორმაციით, გაჩხრეკილია წყვილის საცხოვრებელი სახლი.
მომხდარისთანავე, როდესაც მგზავრებმა სპეციალური ღილაკით ტრანსპორტი გააჩერეს, ტრამვაის მძღოლმა ცეცხლმაქრის საშუალებით ცეცხლმოკიდებული ქალი გადაარჩინა.
დაზარალებულს, რომელსაც სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები ჰქონდა, ადგილზე პირველადი დახმარება გაეწია და გადაუდებელი დახმარების ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბოლო ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
იხილეთ ასევე: