ორი დღის წინ, გერმანულმა მედიამ შემზარავი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მთავარი გმირები ქართველი ცოლ-ქმარი არიან. 46 წლის მამაკაცმა, თენგიზ კაკიაშვილმა ტრამვაიში, მეუღლეს აალებადი სითხე შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. ქალი ამჟამად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევა ქალაქ გერაში მოხდა. დამნაშავე გაიქცა და პოლიციას მასზე ძებნა აქვს გამოცხადებული.
ქალაქ გერას პოლიცია 46 წლის ქართველ მამაკაცს ეძებს, რომელსაც ბრალად ედება ქალის დაწვის მცდელობა. მამაკაცი თენგიზი კაკიაშვილი დაახლოებით 180 სმ სიმაღლისაა, ქართული წარმოშობის. შემთხვევის დროს ეცვა შავი სამუშაო სპეცქურთუკი ლურჯი წარწერით. დანაშაულის ჩადენის დროს მას ასევე შავი ქუდი ეხურა.
"ბატონი კაკიაშვილი და დაზარალებული ერთმანეთთან ურთიერთობაში იმყოფებიან. ის მისი ქმარია“, - აცხადებს პოლიცია.
"ამჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ძებნილი საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს", – წერია განცხადებაში.
თუ ვინმე დაინახავთ, უნდა გამოიძახოს პოლიცია. "გთხოვთ, საკუთარ თავს საფრთხეში ნუ ჩაიგდებთ!“ - მსგავსი შინაარსის ტექსტი, სავარაუდოდ დამნაშავის ფოტოთი, ყველა მედიასაშუალებამ გაავრცელა.
ინციდენტი 15 მარტს, დაახლოებით დილის 10 საათზე, 3 ნომერი ტრამვაის ხაზზე მოხდა. აღნიშნული ხაზი ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ რაიონში, ლუზანში მიემართებოდა, სადაც დიდი საცხოვრებელი კომპლექსია განთავსებული.
BILD-ის ინფორმაციით, "დაზარალებული და თავდამსხმელი, ორივე ქართველია". ისინი, სავარაუდოდ, ერთად ჩასხდნენ ტრამვაიში. ბოლო ინფორმაციით, გაჩხრეკილია წყვილის საცხოვრებელი სახლი.
მომხდარისთანავე, როდესაც მგზავრებმა სპეციალური ღილაკით ტრანსპორტი გააჩერეს, ტრამვაის მძღოლმა ცეცხლმაქრის საშუალებით ცეცხლმოკიდებული ქალი გადაარჩინა.
დაზარალებულს, რომელსაც სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები ჰქონდა, ადგილზე პირველადი დახმარება გაეწია და გადაუდებელი დახმარების ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბოლო ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
"ჩვენ ვატარებთ გამოძიებას მკვლელობის მცდელობის საქმეზე. ჯერ არ არის დადგენილი, რომელი სითხე იყო გამოყენებული, თუმცა იმაზე, იყო თუ არა ბენზინი, გამოძიება მიმდინარეობს", - განაცხადა პოლიციის პრესმდივანმა კატია რიდერმა.
ტრამვაის კართან თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, 1,5-ლიტრიანი ბოთლი დატოვა. ეტიკეტის მიხედვით, ბოთლში უნდა ყოფილიყო ნარინჯისფერი ACE მრავალფუნქციური ხილის წვენი, თუმცა ბოთლში აღმოჩნდა გამჭვირვალე ღია ყვითელი სითხე, რომელიც ძალიან ჰგავს ბენზინს.
ტრამვაიში დაახლოებით ათი მგზავრი იმყოფებოდა, რომლებმაც თვალნათლივ დაინახეს საშინელი დანაშაული. პოლიციის თანახმად, მათგან არცერთი არ დაზიანებულა, თუმცა ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდათ. ისინი ახლა საქმის მნიშვნელოვანი მოწმეები არიან.
ქალაქის მერმა, კურტ დანენბერგმა, მომხდარი მკაცრად დაგმო. ქალაქის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იგი "ღრმად შეძრულია ამ შემზარავი მოვლენით“. მისი თქმით, ქალთა მიმართ ძალადობას სხვადასხვა სახე აქვს, თუმცა ეს დანაშაული ერთ-ერთი ყველაზე სასტიკია.
"მიუხედავად გამოძიების შედეგისა, დაზარალებული მთელი სიცოცხლის განმავლობაში ამ შემთხვევის ტყვეობაში დარჩება", – განაცხადა მერმა და მოუწოდა ყველა ქალს, ვინც ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, დროულად მოითხოვონ დახმარება. "ჩვენთან ასეთი მხარდაჭერისთვის უამრავი შესაძლებლობა არსებობს", - დასძინა მან.
მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც სწრაფად ჩაერთო და დაეხმარა დაზარალებულს.
ქართველი მამაკაცი, რომელმაც გერმანიაში ცოლის დაწვა სცადა, პოლიციას ჩაბარდა - წაიკითხეთ სრულად