200-ზე მეტი ვენესუელელი, რომელსაც თეთრი სახლი კრიმინალური დაჯგუფების წევრად მიიჩნევს, აშშ-დან დეპორტირებული იქნა.
“ეს მონსტრები ჩვენს ქვეყანაში ჯო ბაიდენმა და რადიკალმა მემარცხენე დემოკრატებმა შემოუშვეს. რამდენს ბედავენ! მადლობა ელ სალვადორს და კერძოდ პრეზიდენტ ბუკელეს, რომ გაგებით მოეკიდნენ ამ საშინელ სიტუაციას,“ - წერს ტრამპი და სპეცოპერაციის ვიდეოს აქვეყნებს, რომელსაც შოუს ელემენტები არ აკლდა.
არც აშშ-ს და არც ელ სალვადორის მთავრობებს, დაკავებულების ვინაობა არ დაუსახელებიათ.
აღსანიშნავია, რომ ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებამ ტრამპის ადმინისტრაციას აუკრძალა, გამოეყენებინა საუკუნოვანი საომარი კანონი ზოგიერთი დეპორტაციის გასამართლებლად, თუმცა ამის მიუხედავად ფრენები მაინც შესრულდა.
ტრამპის დეპორტაციის დირექტივა ეყრდნობა 1798 წლის “უცხო მტრის აქტს“. ეს კანონი ოფიციალურად არ გაუქმებულა, მაგრამ ის იშვიათად გამოიყენებოდა ამერიკის ისტორიაში და ყოველთვის ომის დროს.
კანონი ითვალისწინებს ამერიკასთან ომში მყოფი ქვეყნების მოქალაქეების დაკავებას და დეპორტაციას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. იგი გამოიყენებოდა 1812 წლის ომის დროს დიდ ბრიტანეთთან და მეორე მსოფლიო ომის დროს.
მოსამართლე ჯეიმს ბოასბერგმა დაადგინა, რომ კანონი მოქმედებს მხოლოდ სხვა ქვეყანასთან ომის შემთხვევაში და ამიტომ მის ფარგლებში დეპორტაცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
იხილეთ ასევე: