თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ავტობუსში მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებულ როინ მებონიას 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
მეორე ინსტანციის სასამართლომ სასჯელის უვადო თავისუფლების აღკვეთით შეცვლის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც მსჯავრდებულის ადვოკატმა სულხან კომახიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დაცვის მხარე ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებს.
„ძალაში დარჩა იგივე გადაწყვეტილება, რაც პირველ ინსტანციას ჰქონდა. პროკურატურა ითხოვდა სასჯელის უვადო თავისუფლების აღკვეთით შეცვლას - მოსამართლემ არ დაუნიშნა უვადო და ძალაში დატოვა 20 წელი. თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ადამიანი არ იყო ჯანმრთელი. ქმედების განხორციელების დროს შეზღუდული შერაცხადობა ჰქონდაო. მგონია, ვერ გაბედეს იმ დიაგნოზის დაწერა, რაც მას ნამდვილად ეკუთვნოდა.
განაჩენს ვნახავთ და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას, რაც შესაძლოა, რომ გამოყენებული იქნას“,- განაცხადა სულხან კომახიძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული როინ მებონია დამნაშავედ მიმდინარე წლის 17 თებერვალს ცნო და სასჯელის სახედ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მოიღო. მოსამართლის განმარტებით, მსჯავრდებული მამაკაცი გამოჯანმრთელებამდე სასჯელს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მოიხდის.
შემთხვევა თბილისში, 2022 წლის 21 მაისს მოხდა. შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მამაკაცმა მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარედ იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
გამოვა 20წ მერე და კიდევ ერთ ქალს მოკლავს,უკაცრავად ,მაგრამ სამუდამო რომ იყოს ასეი დანაშაული
კაცის კვლაზე უმაღლესი სასჯელი არ შეიძლება თორემ ღმერთი თავად დასჯიდა კაენს და კაცობრიობა არ გამრავლდებოდა....მაგრამ პედოფილიაზე კი ბატონო და ერთსქესიანთა ოჯახს ბავშვის აყვანის უფლება რომ აძლევ ეგაა პედოფილიის დაკანონება!მაშინ როცა პედოფილი სიკვდილით უნდა ისჯებოდეს!!