"გაფრენილი მანქანა ბორდიურზე მდგარ ჩემს შვილს შეეჯახა, ბავშვი გაისროლა, მისი მოპედი კი იქ მდგარ მანქანის ქვეშ შეტენა" - გვიამბობს მაია ნადირაშვილი იმ უბედური ავარიის დეტალებს, რომლის შედეგადაც მისი 20 წლის შვილი, მარიამ ჩაჩანიძე უკვე 5 თვეა, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. მარიამს საზოგადოების დახმარება ესაჭირობა.
მაია ნადირაშვილი: 6 ივნისის საღამო იყო, ჯერ კიდევ სამსახურში ვიყავი, როდესაც დამირეკეს, შენი შვილი ავარაში მოჰყვა. თავიდან მეგონა, უბრალო ავარია იყო... მითხრეს რატიანის კლინიკაში ჰყავთ გადაყვანილიო, გამოვიცვალე და გავიქეცი. გზიდან რომ გადავრეკე, უკვე გავიგე რომ მარიამი კომაში იყო... დღეს 5 თვე გახდა, რაც ამ მდგომარეობაშია. თავიდან, 24-ე დღეს კონტაქტში შემოვიდა, მაგრამ მერე შუნტირება დასჭირდა. თავში შუნტი რომ ჩაუდგეს, ამის შემდეგ მენინგიტი დაემართა, ნაწოლები გაუჩნდა, მერე შუნტმა გაჭედა და კიდევ ოპერაცია დასჭირდა. ამის შემდეგ, ისევ მენინგიტმა გაუმეორა. ამ წუთას უკონტაქტოა. მცირე რეაქციები კი აქვს, ან რომ გადააბრუნებ, ან თავზე შეეხები, ტირილს იწყებს.
- ეს ხომ კარგია, ტკივილს რომ გრძნობს, იმას ვგულისხმობ...
- რა თქმა უნდა. ნეიროქირურგიც ამბობს, კარგია რომ მგრძნობელობა აქვსო.
- 6 ივნისს დავუბრუნდეთ, რა და როგორ მოხდა?
- ჩემი გოგო ვოლტის კურიერი იყო, მოპედით მოძრაობდა. ქსნის ქუჩაზე ავარია მომხდარიყო და ხალხი შეგროვილიყვნენ, მარიამიც გაჩერებულა, იქვე ბორდიურზე, უყურებდა, თუ რა მოხდა. ამ დროს ვიღაც ქალბატონი გამოვარდნილია, არ ვიცი ჩქარა მოძრაობდა, წინ არ იყურებოდა თუ რა მოხდა, რომ მიმხვდარა რომ გაჩერებულ მანქანებს ეჯახებოდა, აუქცევია და ბორდიურისკენ აუღია საჭე, მაგრამ იმის მაგივრად, რომ დაემუხრუჭებინა, არევია და მუხრუჭის მაგივრად გაზისთვის მიუჭერია ფეხი... ეს გაფრენილი მანქანა ბორდიურზე მდგარ ჩემს შვილს შეეჯახა, ბავშვი გაისროლა და მისი მოპედი კი იქ მდგარ მანქანის ქვეშ შეტენა. მარიამს ჩაფხუტი ეფარა და ისეთი ძლიერი შეჯახება იყო რომ ჩაფხუტიც გაუძვრია. ტვინის დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მიიყვანეს... უცბად მომხდა რეაგირება, სასწრაფო გამოძახებიდან 3 წუთში მისულა ადგილზე.
- ექიმები რას ამბობენ?
- ექიმები ამბობენ, მარიამი ვეგეტატიურ მდგომარეობაშია, ანუ მცენარესავით არისო... ვიკითხეთ და ნეირო რეაბილიტოლოგმა გვითხრა, რომ ასეთი პაციენტები გამოსულან მდგომარეობიდან. ამიტომ მე მის რეაბილიტაციაზე უნდა ვიზრუნო და ვიბრძოლო, მანამ პირში სული მიდგას. 5 თვეა ვბრძოლობ და არც დავყრი ფარ-ხმალს. ახლა ვაპირებ, სახლში გადმოვიყვანო მარიამი. ამისთვის უნდა ვიზრუნო და შევიძინო სპეციალური საწოლი, სანაციას აპარატი, ჟანგბადის აპარატი და ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი, უნდა ავუყვანო ექთნები. ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. მოვაძლიერებ და სარეაბილიტაციო ცენტრში მინდა მოვათავსო, სად ან რომელ ქვეყანაში მაგას მერე განვსაზღრავთ, ამ ეტაპზე რთულია..
- მიამბეთ მარიამზე...
- მარიამი 20 წლისაა. მშრომელი და დედაზე მზრუნველი გოგო. უყვარს ცხოველები, თბილი და ჰუმანური ადამიანია. სულ სხვის დახმარებას ცდილობდა. მე ვფიქრობ, ქსნის ქუჩაზეც იმიტომ გაჩერდა, ვინმეს რომ მიხმარებოდა. ძალიან კეთილი და ალალია. მოპედი იმდენად არ უყვარდა, რამდენადაც გამომუშავებისთვის სჭირდებოდა. სტუდენტია, სწავლა შეაჩერა და კოლეჯში უნდოდა სწავლის გაგრძელება. IT სპეციალობას ეუფლებოდა. უნდოდა პროფესია მალე აეთვისებინა. მოპედისთვის თავი დაენებებინა და პროფესიით ემუშავა. მშიშარაა და ემოციური ბავშვია და მოპედი უბრალოდ შემოსავლის წყარო იყო მისთვის.პირველად კონტაქტზე როდესაც გამოვიდა, მისი ხელი მეჭირა ხელში. რომ ველაპარაკებოდი უცბათ თითი გაანძრია. ვიფიქრე ხომ არ მეჩვენება მეთქი და ვუთხარი, დედიკო, თუ ჩემი ხმა გესმის, ხელი მომიჭირე მეთქი, - კიდევ გაანძრია თითი. იცი რომ დედაშენი ვარ მეთქი? - კიო, დამეთანხმა.მჯერა, ჩემი შვილი კიდევ ბევრჯერ ჩამეხუტება, მომეფერება და მეტყვის თუ როგორ ვუყვარვარ. დასახულ გეგმებსაც განახორციელებს. მე ვიბრძოლებ რომ ეს დღე მალე დადგეს. ყველას ვთხოვ გვერდში დაუდგეს ჩემ შვილს.
საქართველოს ბანკი: GE23BG0000000807567300
მიმღები: მაია ნადირაშვილი
თიბისი ბანკი: GE96TB7405145061100046
მიმღები: მაია ნადირაშვილი