აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა. თითქმის მესამედი საუკუნის შემდეგ, ახლა როგორც ქართულ, ასევე აფხაზურ მხარეს გაიგონებთ, რომ ეს იყო უაზრო ომი, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყავს... ავტონომიურ რესპუბლიკაში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საბჭომ გახშირებული ყაჩაღობისგან რკინიგზის სოჭი-ინგირის მონაკვეთის დასაცავად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებით სამთავრობო ძალები გაგზავნა... 1992 წლის 14 აგვისტოს, დილის 7 საათზე, საქართველოს თავდაცვის ძალების კოლონა თავდაცვის მინისტრ თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით აფხაზეთში შევიდა, თუმცა, ეროვნულ გვარდიას და პოლიციას ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ოჩამჩირესა და გულრიფSში შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რასაც ოჩამჩირეში, სოფელ ოხურეისთან პირველი გასროლა მოჰყვა... აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური სამხედრო ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში რუსული არმია ჩაერთო - ასე დაიწყო აფხაზეთის ომი. შემდეგ სიტუაცია უმართავი გახდა... 1-ლ ოქტომბერს რუსეთის არმიის დახმარებით, აფხაზმა ბოევიკებმა გაგრას შეუტიეს. ქალაქში მოწყობილ ეთნიკურ წმენდას ასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა...
მეორე შეტაკება გულრიფშის რაიონის სოფელ აგუძერაში მოხდა, ქართულ სამხედრო შენაერთებს ცეცხლი გულრიფშის რაიონშიც გაუხსნეს. იმავე დღეს აფხაზებმა ტამიშის ხიდი ააფეთქეს და ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ უკან დაიხიეს...
ქართველები სოხუმისკენ დაიძრნენ, თუმცა, სისხლის ღვრისა და შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, სამხედრო შენაერთები ქალაქის შემოგარენში დაბანაკდნენ... აფხაზების 300-კაციან დაჯგუფებას აფხაზეთის სამხედრო კომისარი სერგეი ბარი ხელმძღვანელობდა.
იმავე დღეს ვლადისლავ არძინბამ სოხუმის ტელევიზიით მობილიზაცია გამოაცხადა და აფხაზურმა გვარდიამ საქართველოს სამთავრობო ძალებისათვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო... პარალელურად, იქმნებოდა აფხაზ მოხალისეთა ბატალიონები.
აფხაზების მხარეს იბრძოდნენ: კაზაკები, რუსები, სომხები, ასევე, ჩრდილოკავკასიელები, ჩეჩნები, დაღესტნელები, ყაბარდოელები...
სეპარატისტები და მათი თანამებრძოლები ადგილობრივ მშვიდობიან ქართველ მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდა. დევნილები წამებისა და შეურაცხყოფის ფაქტებს ჰყვებიან, თუმცა, საპირისპირო შემთხვევებიც იყო, როდესაც აფხაზმა ქართველის გადასარჩენად გარისკა ან სულაც, თავი გაწირა...
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა... 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს ამ რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა, თუმცა, ძალიან მალე აფხაზები მიხვდნენ, რომ ეს მხოლოდ ფორმალობა იყო. რაც დრო გადის, აფხაზეთის რეგიონი ეკონომიკურად და პოლიტიკურად რუსეთზე დამოკიდებული ხდება.
ისტორიკოსი გიორგი ანჩაბაძე ის გამონაკლისია, რომელიც ომის შემდეგ, წლების განმავლობაში ჩადიოდა სოხუმში, სადაც მამის, ზურაბ ანჩaბაძის დაარსებულ უმაღლეს სასწავლებელში ადგილობრივ ახალგაზრდებს ლექციებს უკითხავდა. ის გვიამბობს, როგორ ცხოვრობს აფხაზეთი დანარჩენი საქართველოს გარეშე...
- აფხაზეთში 1998 წლიდან, მამაჩემის მიერ დაარსებულ უნივერსიტეტში, რომლის რექტორიც იყო წლების განმავლობაში, ლექციებს ვკითხულობდი... ომის შემდეგაც, პრობლემა არასდროს შემქმნია, მაგრამ 2008 წლის მერე გარკვეული პაუზა მქონდა. ვიფიქრე, იქნებ არ არის საჭირო იქ მუშაობის გაგრძელება-მეთქი, მაგრამ მიvხვდი, არ იყო ეს სწორი გადაწყვეტილება... აფხაზეთში დიდი პატივისცემითა და მოკრძალებით მხვდებიან. კარგი ურთიერთობა მაქვს როგორც აფხაზ, ასევე ქართველ სტუდენტებთან. თუმცა, უნდა აღვნიშნო, აფხაზები უფრო მოკრძალებული არიან. უფროს-უმცროსობის ტრადიცია ჯერაც ძლიერად აქვთ შემონახული. როგორც თბილისში, ახალგაზრდობა იქაც საკმაოდ გახსნილია. ყველაფერი აინტერესებთ: ისტორია, პოლიტიკა, კულტურა. თუ უფროსი თაობა მისთვის არასასიამოვნო თემაზე კამათს იწყებს, ისინი ინტერესით გისმენენ და ცდილობენ, შენი საუბრიდან სწორი ანალიზი გააკეთონ.
ისტორიული საკითხების გარდა, აინტერესებთ როგორ გრძელდება ცხოვრება ენგურს გაღმა. ერთხანს ეს ინტერესი თანდათან შემცირდა, მაგრამ შემდეგ ისევ განახლდა... ამა თუ იმ ისტორიულ ეპიზოდს უფროსი თაობა ცოტა მტკივნეულად აღიქვამს, რასაც ვერ ვიტყვი ახალგაზრდებზე. ისინი უბრალოდ ინტერესით მისმენენ და უფროსებისგან განსხვავებით, მოთმინება ჰყოფნით. ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ ალბათ, ის ფაქტორიც არის, რომ უნდა სჯეროდეთ იმის, ვისაც ელაპარაკებიან. ისტორიულ საკითხებთან დაკავშირებით, ორივე მხარეს, ქართველებსა და აფხაზებს ერთნაირად ვუხსნი სიმართლეს და ჩემდა გასაკვირად, აღმოვაჩინე, რომ ორივესთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა... ამიტომაც არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, როდესაც უფროსი თაობა ამბობს, - ჩვენ რომ აღარ ვიქნებით, ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები ერთმანეთთან ურთიერთობას გაწყვეტენო.
- რა აინტერესებთ აფხაზ ახალგაზრდებს ქართველი თანატოლების შესახებ?
- ყველაფერი: როგორ ცხოვრობენ, რას ფიქრობენ ამა თუ იმ მოვლენაზე. 90-იანი წლების შემდეგ იქ რომ ჩავედი, ვიგრძენი, იმ ომმა საუკუნოვანი საერთო ისტორიული და კულტურული ურთიერთობები ვერ დაამსხვრია, მაგრამ განსხვავებული სურათი დამხვდა აგვისტოს შემდეგ: ამ ომის შემდეგ რუსეთის მიმართ ინტერესი გაიზარდა, ოღონდ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის დადებითი, მათ არ უნდათ მის შემადგენლობაში აღმოჩნდნენ ან ხელქვეითები გახდნენ, როგორც ეს ქართულ პრესაში იწერება. რუსეთთან დაკავშირებით ძველი ცუდი ამბებიც ახსოვთ, - თუნდაც, მუჰაჯირობა და სხვა "სიკეთეები..." ამბობენ, რომ რუსეთის მოქალაქეები, განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდეგ, მასობრივად ჩამოდიან საცხოვრებლად და აქ თავის დამკვიდრებას ცდილობენ, რაშიც ჩვენი ხელმძღვანელობა ეხმარებაო. ეს სიმართლეა. ხალხი ცდილობს ჩამოსულ რუსს ბინის ან მიწის ნაკვეთის შეძენის უფლება არ მისცეს, მაგრამ რუსეთიდან ზეწოლა იმდენად ძლიერია, რომ მათ არავინ უსმენს...
ამის კვალდაკვალ, რუსეთის გავლენა გაიზარდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ სახელმწიფომ აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" აღიარა. ხელმძღვანელობა იძულებულია რუსეთის ხელისუფლებას ანგარიში გაუწიოს, რადგან საერთაშორისო არენაზე ის ერთადერთი მხარდამჭერია. ამაში ჩვენ, ქართულ მხარეს დიდი "წვლილი" მიგვიძღვის.
- ეს როგორ?
- რუსეთმა იქიდან გაერო სწორედ ჩვენი დახმარებით გააძევა. 2008 წლის შემდეგ, ამ ორგანიზაციის სტატუსი უნდა გარდაქმნილიყო, მაგრამ ქართულმა მხარემ უარი განაცხადა, რის შედეგადაც გაერომ დატოვა კონფლიქტის ზონა და იქ რუსული სამხედრო ძალები განლაგდნენ. არადა, ეს ყველაფერი ძნელი განსაჭვრეტი არ იყო. მაშინდელ ხელისუფლებას სურდა ყველაფრის ნულიდან, სუფთა ფურცლიდან დაწყება, მაგრამ ვერ გათვალეს, რომ ამის განხორციელება ადვილი არ იქნებოდა. ის სამშვიდობო პროცესი მართალია, დიდი შედეგის მომცემი არ იყო, მაგრამ მაინც წლების განმავლობაში შენდებოდა და ერთი ხელის მოსმით მისი დანგრევა, ვფიქრობ, სწორი არ იყო. მაშინდელი ნაბიჯით ჩვენ პრაქტიკულად, რუსეთს გავუთავისუფლეთ გზა.
- კონკრეტულად რაში გამოიხატება რუსული გავლენის გაძლიერება? ადგილობრივი მოსახლეობისგან ხშირად გვესმის, რომ რუსის სამხედრო ბაზების იქ ყოფნამ, მათი ოცნება დამოუკიდებელი აფხაზეთის არსებობის შესახებ, დაასამარა...
- როგორც ვთქვი, რუსების მიმართ მადლიერების გრძნობით აღვსილნი არ არიან, რადგან ჯერ კიდევ წინა "პრეზიდენტის", რაულ ხაჯიმბას დროიდან იყო მცდელობები, რომ რუსეთის მოქალაქეებს იქ უძრავი ქონების შეძენის დამოუკიდებელი უფლება ჰქონოდათ, მაგრამ აფხაზებმა არ დათმეს და კორპუსში ბინების შეძენის უფლებაც კი არ მისცეს. ამიტომ, რუსებმა სხვა გზა იპოვეს, - იქ მასობრივად იდება რუსული კაპიტალი. თავდაპირველად ეს ფარულად, აფხაზების ხელით ხდებოდა, ახლა კი დამალვაც არ სჭირდებათ. ასევე შემოდის თურქული და სომხური ინვესტიციები. განაგრძეთ კითხვა
საქართველოს ბრალი არ არის რომ აფხაზეთიდან გაერო გავიდა, მაშინ რუსებმა და აფხაზებმა მოითხოვეს რომ სოხუმის ოფისი თბილისისგან დამოუკიდებლად სხვა სახელმწიფოში დარეგისტრირებულიყო, რაზეც საქართველომ რა თქმა უნდა უარი განაცხადა ისევე როგორც თავდაუსხმელობის დოკუმენტს არ აწერს ხელს იმიტომ რომ ეს იგივე აფხაზეთის აღიარებას ნიშნავს. ისე ეგ ანჩაბაძე აფხაზების პლატფორმიდან ლაპარაკობს, უყურეთ იაგო ხვიჩიას საქართველოს დაბადებაში მაგის ინტერვიუს და გაიგებთ.
ისტორიამ გამოკვეთა,ის, რომ თენგიზა კიტოვანი გრუ ს აგენტი ყოფილა და რუსეთის ინტერესებს ახორციელებდა.დაწყევლილი იყოს ის და მისი შთამომავლობა,სამშობლოს ღალატისა და ქვეყნის განადგურებისათვის. არ დამბლოკოთ, გეთაყვა.