"დღეს ეს სიახლე უკვე აღარ არის: "ნაპოლი" ისევ იმარჯვებს, ამჯერად გასვლაზე ამარცხებს "სასუოლოს", ანგარიშით 0:2 და აგრძელებს თავის გზას სატურნირო ცხრილის მწვერვალისკენ. ხვიჩა კვარაცხელიამ და ვიქტორ ოსიმენმა პირველ ტაიმში გადაწყვიტეს მატჩის ბედი", - ასე იწყებს თავის მთავარ სტატიას ცნობილი იტალიური სპორტული გამოცემა Corriere dello Sport - ი, რომლის 18 თებერვლის ნომრის პირველ გვერდზე სწორედ "ნაპოლის" შეუდარებელი დუეტის ფოტოა დაბეჭდილი.
გამოცემამ კვარაცხელიას და ოსიმენს ყველაზე მაღალი 7.5 ქულა დაუწერა და ქართველი გარემარბის თამაში ლეგენდარული იტალიელი მოთხილამურის ალბერტო ტომბას ასპარეზობას შეადარა.
"ალბერტო ტომბა მოსთხოვდა ამ სლალომზე უფლებას, ნებისმიერ შემთხვევაში მასთან შედარებით ტომბა შეიძლება გამოიყურებოდეს ისე, თითქოს გაჭირვებით ჟონგლიორობს თავისი თხილამურებით. "კვარა" ამას ისე მარტივად აკეთებს, რომ ეს საშიშიც კია... "სასუოლო" ეცადა მის შეჩერებას, მეტიც, ეცადა საერთოდ შერწყმოდა მოედნის საფარის ფერს (იგულისხმება "სასუოლოს" ფეხბურთელებს მაისურების ფერი - რედ.), მაგრამ არაფერი გამოვიდა აქედან... როგორც კი ოდნავ შეყოყმანდები, "კვარა" უკვე დრიბლინგს იწყებს...", - წერს გამოცემა.
"გვარდიოლას "ბარსელონას” ვგავართ? გმადლობთ, მაგრამ სჯობს სიმშვიდე რომ შევინარჩუნოთ, მშვიდად უნდა ვიყოთ. უნდა გავაკეთოთ ის, რაც ყველაზე კარგად ვიცით. დღეს შესანიშნავი თამაში გამოგვივიდა, ბოლო რამდენიმე მატჩში ხარისხი გვაკლდა, რასაც დღევანდელზე ვერ ვიტყვით. ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის... მეორე ტაიმში მესამე გოლის გატანაც შეგვეძლო. ახლა ჩვენთვის კარგი მომენტია, მაგრამ მოშვების საშუალება არავის არ აქვს...
ოსიმენის ტრავმას რაც შეეხება, პირველადი დაკვირვებით, სერიოზული დაზიანება არ უნდა იყოს...
"აინტრახტთან" მატჩი? ეს ძლიერი გუნდია, რომელსაც ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს, თან შარშან ევროპა ლიგის ფინალში თამაშით დიდი გამოცდილება მიიღეს. თითოეულ თამაშს ისე უნდა მივუდგეთ, თითქოს, ეს გადამწყვეტია...” - განაცხადა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, 17 თებერვალს იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" გასვლაზე “სასუოლოს” დაუპირისპირდა და 0:2 სძლია.
მე-12 წუთზე ქართველმა მარცხენა გარემარბმა შეუდარებელი დრიბლინგის შემდეგ მასპინძლებს ულამაზესი გოლი გაუტანა. "ის შეუჩერებელია" - წერენ გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში. ეს "კვარას" მე-10 გოლია სერია A-ში.
33-ე წუთზე "ნაპოლი" 2-ბურთიანი სხვაობით უკვე ვიქტორ ოსიმენმა დააწინაურა. მისი გოლი მართლაც საოცარი გამოდგა.
"ნაპოლი" სკუდეტოს" მოგებისკენ გზას წარმატებით აგრძელებს. მომავალ კვირაში კი გუნდს ჩემპიონთა ლიგის თამაში ელის - 22 თებერვალს ის ფრანკფურტის "აინტრახტს" დაუპირისპირდება.
იხილეთ ასევე: