ავტორი:

პანიკა ე.წ. სამხრეთ ოსეთში: მობილიზაციის თავიდან არიდების მიზნით რეგიონში რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობენ - "რასაკვირველია, სიცოცხლეს ვირჩევთ"

პანიკა ე.წ. სამხრეთ ოსეთში: მობილიზაციის თავიდან არიდების მიზნით რეგიონში რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობენ - "რასაკვირველია, სიცოცხლეს ვირჩევთ"

21 სექტემბერს, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რამდენიმე ათეული ოსი, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, რუსეთიდან ცხინვალში არ შეუშვეს, რადგან რუსეთში სამხედრო აღრიცხვის გამო მობილიზაციაში გაწვევას ექვემდებარებიან.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, საკითხი ცხინვალის რეგიონის პარლამენტმა განიხილა. "საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელის", ზაზა დრიაევის უწყებამ რუსეთის საელჩოს ნოტა გაუგზავნა, საიდანაც უპასუხეს, რომ გაწვევა რუსეთის მოქალაქეობის მქონე ყველა იმ პირს შეეხება, ვინც შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. პირველ რიგში მათ, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, არ აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და ასაკი ხელს უწყობს.

ამ ფაქტს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსახლეობაში (ასევე, აფხაზეთშიც) აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, რადგან თავდაპირველი ინფორმაციით, სამხედრო მობილიზაცია მათ არ უნდა შეხებოდათ, თუმცა ამ მოსაზრებას თავიდანვე ეჭვით უყურებდნენ. განსაკუთრებით ბევრ კითხვას სვამდნენ ისინი, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ბოლო ხანებში დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ნაწილი სიცოცხლის გადასარჩენად რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობდა...

"სრულიად აშკარაა, რომ რუსეთი მაინცდამაინც წარმატებულად ვერ ახორციელებს სამხედრო გაწვევას... ეს ზემო ლარსთან, საქართველოში გადამსვლელთა რიგებსაც ეტყობა, სადაც ხალხმრავლობა მხოლოდ მას შემდეგ შემცირდა, რაც მობილური სამხედრო კომისარიატი გახსნეს. გარდა ამისა, ქვედა ზარამაგშიც გადაწყვიტეს სამხედრო პუნქტის გახსნა, რომ ხალხი არ გაექცეთ. ანუ მოსკოვსა და პეტერბურგს ხელს არ აკარებენ, რეგიონებს დაერივნენ, ჩვენნაირების ხარჯზე...

ზოგს უკვირს, რატომ ამბობენ უარს რუსულ პასპორტებზე, პასუხი მარტივია, იმიტომ, რომ ევროკავშირმა რუსეთის მიერ ამგვარ რესპუბლიკებში გაცემული პასპორტები დაბლოკა, ანუ ისინი, ვინც ევროპაში დადიოდნენ, ვერ წავლენ, მეორეს მხრივ რუსული პასპორტის ქონა ომში წასვლის საფრთხესთან ასოცირდება, ჰოდა, რასაკვირველია, რომ სიცოცხლეს ვირჩევთ" - წერს ადგილობრივი ინტერნეტმომხმარებელი ფსევდონიმით მერის ირისტონი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალი ნაკადის ომში გაშვება რეგიონისთვის კატასტროფის მომტანი იქნება, რადგან ჯერ კიდევ ახსოვთ ფრონტის ხაზიდან გამოქცეული ჯარისკაცების ფრაზა, რომლის თანახმად, ამ ომში რუსეთი დამარცხდება... ისინი ისე შეუშვეს ომში, რომ არც შესაბამისი აღჭურვილობა ჰქონდათ და აღარც კვება. ახლა კი, ზამთარში, ეს საკითხი კიდევ უფრო მწვავდება და გარისკვა არავის სურს.

არსებობს მეორე, სოციალური მხარეც. არსებული ინფორმაციით, სბერბანკმა რუსეთის არმიის რიგებში მებრძოლ ცხინვალელ მოხალისეებს საბანკო კრედიტის გადახდის დაგვიანებისთვის ჯარიმები დააკისრა.

მათმა ოჯახებმა ხმაური დაიწყეს და ადგილობრივ ხელმძღვანელობას მოსთხოვეს, საკითხის მოგვარებაში დახმარებოდნენ. ე.წ. იუსტიციის სამინისტრომ, საქმეში ეროვნული ბანკი ჩართო და უკრაინაში მყოფი სამხედროებისთვის საბანკო ვალების მომსახურების ვალდებულებისგან გათავისუფლება სთხოვა.

ადგილობრივები ekhokavkaza.com-თან საუბარში ამბობენ, რომ ოსებმა ისედაც საკმარისი ომი ნახეს, მათი გენოფონდი ძალიან დაზარალდა, ამიტომ მათმა ხელმძღვანელობამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ოსებს კიდევ ერთ ომში ჩაბმა არ მოუწიოთ.

"არ მგონია, რომ ჩვენი ბიჭების მობილიზაციის ფარგლებში გაწვევის აუცილებლობა იდგეს. მოხალისეებს შეუძლიათ მონაწილეობა. წავიდნენ და იომონ რუსეთის დასაცავად, ეს მათი გადასაწყვეტია, რადგან რუსეთი ჩვენი დიდი ძმაა, მაგრამ ამ ომში ჩვენი ბიჭების მონაწილეობის მიზეზს ვერ ვხედავ" - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

"ის უფრო მაწუხებს, რომ არც გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამისგან დაგვიცავს. ხვალ-ზეგ მართლაც რომ გახდეს საჭირო ოსეთში მობილიზაცია, ამაზე რეაგირება არავის ექნება, თუ არ ჩავთვლით სოციალურ ქსელებში დაწყებულ აღშფოთებას.. აქ დავიბადე და გავიზარდე, ძალიან მაწუხებს ის, რა ახლა ხდება. ჩვენი ბავშვები უნდა დავიცვათ, რამდენიმე დღის წინ, ჯუსოევი (უკრაინაში დაღუპული ცხინვალელი ოსი) დავკრძალეთ, საშინელება იყო. უკვე ძალიან ბევრი დავკარგეთ. საკმარისია", - ამბობს ადგილობრივი ემა გამოცემასთან საუბარში.