როცა შენი მეზობელი რუსეთია, თავის ტკივილი გარდაუვალია. არაჯანსაღი იმპერიალისტური განწყობებით გაჟღენთილი დიდი ჩრდილოელი "ძმა“ იმდენად არაპროგნოზირებადი და უმადურია, რომ ნებისმიერ დღეს, შესაძლოა, საზღვარს ტანკები მოაყენოს და სხვადასხვა აბსურდული მიზეზებით, როგორიცაა, მაგალითად, დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია, ოკუპაცია დაიწყოს. უმადურია, იმიტომ რომ მასთან გინდ კარგად იყავი, გინდ გაემიჯნე და ნეიტრალიტეტი სცადე, მაინც ადრე თუ გვიან "პატარა კაცის" ბრძანებით მოვა და თან მოიტანს უამრავ უბედურებას, ტკივილს და სისხლს.
როცა შენი მეზობელი ბნელი, ურდოს ტიპის ქვეყანაა, შენც შესაბამისად უნდა განაწყო საზოგადოება. აქ კი დაახლოებით ორი ალტერნატივა არსებობს:
"გინდა მშვიდობა? - ემზადეთ ომისთვის“ და მეორე - ჩვენთვის კარგად ცნობილი "არგაღიზიანების". ამგვარი გზავნილით: "აბა, ომი გინდათ? ხომ არ გავაღიზიანებთ რუსეთს?“
ვიდრე ჩვენ რუსეთის არგაღიზიანებით ვართ დაკავებული, უკრაინამ პირველი მეთოდი აირჩია. ყირიმის ანექსიის შემდეგ, გააანალიზეს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - სულ რომ რუსეთის მარიონეტი პრეზიდენტი იყოს სათავეში, ის მაინც მტერია და მასთან დაპირისპირება გარდაუვალია.
დღეს ჩვენ არ ვილაპარაკებთ სამხედრო რეფორმებზე და უკრაინის გადაიარაღებაზე. ეს უფრო ვრცელი და კომპლექსური საკითხია, თუმცა დღეს შედარებით ეროვნულ დანაყოფზე - ტერიტორიულ დაცვაზე მოგიყვებით, რომელიც საკმაოდ ეფექტიანი, პატრიოტული სულისკვეთებითა და თავდადებით გამორჩეული დაცვის მექანიზმი აღმოჩნდა.
ტერიტორიული დაცვა რამდენიმე წლის განმავლობაში იცვლებოდა და იხვეწებოდა. პირველი დანაყოფი ჩერკასის ოლქში 2015 წელს შეიქმნა. მომდევნო წლებში დაემატა პოლტავისა და ხარკოვის ოლქების ტერიტორიული დაცვის დანაყოფები. გაზრდილი რიცხოვნობის გამო, უკვე სახელმწიფოსაც მოუწია კანონმდებლობით დაერეგულირებინა და ამასთანავე, უფრო სრულყოფილი გაეხადა ამ ტიპის დაცვის სტრუქტურები.
ტერიტორიულ დაცვას უკრაინის მთლიან ტერიტორიაზე აორგანიზებს გენერალური შტაბი, ხოლო საოლქო დონეზე - საოლქო ადმინისტრაციები.
ტერდაცვა იშლება 3 ეტაპად:
პირველი ეტაპი - მშვიდობის პერიოდში იქმნება ბრიგადები და ბატალიონები, რომელთა ძირითადი შემადგენლობა დაკომპლექტებულია უკრაინის სამხედრო ძალების ჯარისკაცებით. მათი მოვალეობაა შიდა მეთაურობის შექმნა, სამოქალაქო პირების მომზადება და სამხედრო საქმის საფუძვლების შესწავლა. მოგვიანებით სამოქალაქო პირები, რომლებიც გაივლიან მომზადებას, ტერდაცვის რეზერვში სამსახურისთვის კონტრაქტს აფორმებენ, რის შემდეგაც იმ ტერიტორიის დაცვა ევალებათ, სადაც თავად ცხოვრობენ. თითოეულ ბატალიონში 600-მდე ადამიანი ირიცხება.
მეორე ეტაპი - ტერდაცვის რეზერვის ფორმირება განსაკუთრებულ პირობებში. ამ ეტაპზე, ვინც კონტრაქტს გააფორმებს და ტერდაცვაში დაიწყებს მსახურს, მათთვის გამოიყოფა იარაღი. იარაღის გადაცემა კი ხდება სწავლების ან განსაკუთრებული მდგომარეობის შემთხვევაში.
მესამე ეტაპი - განიხილება დასახლებულ პუნქტებში ამ ტერიტორიის მკვიდრთაგან მცირე ფორმირებების შექმნა. ეს ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მშვიდობიანობის დროს უკვე შეიქმნა ძირითადი შტატი და განსაკუთრებული პერიოდისთვის არსებობს რეზერვი.
2022 წელს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დააკორექტირა ტერდაცვის ძირითადი შემადგენლობის წესები. ადრე თუ დაცვის ბირთვი დაკომპლექტებული იყო მხოლოდ ჯარისკაცებით, ახლა უკვე შეიძლება დაკომპლექტდეს იმ ადამიანებით, ვინც სხვადასხვა სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობენ.
ვიდრე უშუალოდ დაცვის მიზნებზე ვილაპარაკებთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, მათი დევიზი, რომელიც ზუსტად შესაბამება დაცვის ამ ტიპის იდეას:
"დაიცავი სახლი, დაიცავი უკრაინა“. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ტერდაცვის წევრები, ფაქტობრივად, საკუთარ რაიონებს იცავენ, რომლებსაც კარგად იცნობენ, შესაბამისად, მტერთან შედარებით უზარმაზარ ტაქტიკურ უპირატესობასაც ფლობენ.
დავუბრუნდეთ ტერდაცვის მიზნებს:
2015 წლიდან მოყოლებული, ტერდაცვის შენაერთები წვრთნებს სხვადასხვა პირობებში გადიოდნენ. მათი წვრთნა არა მხოლოდ უკრაინელი ჯარისკაცების კონტროლქვეშ მიმდინარეობდა, არამედ, 2019 წელს, ესტონეთში გამართულ წვრთნებზე მათ ნატოს ქვეყნების ჯარისკაცებიც ეხმარებოდნენ.
2020-21 წლებში ტერდაცვაის მოსამზადებელი ადგილები უკვე თავად უკრაინის კონკრეტული ქალაქები გადაიქცა. მოხალისეებს ამზადებდნენ თითქმის ყველა ქალაქში. გამონაკლისი არც დედაქალაქი, კიევი იყო. აღსანიშნავია, რომ კიეველებს ჩვენებურებმა, "ქართული ლეგიონის" წევრებმა ასწავლეს თავდაცვითი მოქმედებების წარმოება.
რეზერვისტი შეიძლება გახდეს უკრაინის ნებისმიერი მოქალაქე, განურჩევლად სქესისა და სამხედრო გამოცდილებისა, რომელიც არის 18-დან 57 წლამდე ასაკის. მთავარია ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დამაკმაყოფილებელი. ისინი ეტაპობრივად გადიან პროფესიონალურ და ფსიქოლოგიურ მომზადებას.
სამშობლოს დაცვის სურვილით, უამრავი ცნობილი უკრაინელი შეუერთდა თავიანთი ქალაქების ტერდაცვას. მათ შორის არიან სპორტსმენებიც, რომლებიც პირველივე დღიდან იარაღით ხელში იცავენ უკრაინას.
გარდა ამისა, მსგავსი დანაყოფები მოსახლეობის უზარმაზარი მხარდაჭერით სარგებლობენ. ომის პერიოდში ისინი ხშირად საკვები პროდუქტითა და მედიკამენტებით უბრალო მოქალაქეების მეშვეობით მარაგდებიან. არსებობს სპეციალური პუნქტები, სადაც შესაძლებელია სახლში არსებული სურსათის, ტანსაცმლის, წამლების მიტანა და დატოვება, რასაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ დაცვის წევრები.
რა თქმა უნდა, ამ სისტემას თავისი ხარვეზებიც აქვს და პერიოდულად ჩანს კიდეც. თუმცა ეს უფრო განპირობებულია იმით, რომ კონკრეტულ რეგიონებში სრულყოფილად ვერ მოესწრო შესაბამისი გადამზადება. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, როცა შენი მეზობელი რუსეთია, საჭიროა მოსახლეობის ნაწილმა შეძლოს საცხოვრებელი ადგილის, ქალაქის დაცვაში ეფექტიანად მონაწილეობა. ჯართან ერთად მოსახლეობასაც უნდა შეეძლოს ორგანიზებული შეტევისა თუ დაცვის განხორციელება. ისე, როგორც უკრაინაში ამბობენ: "ვიცავთ სახლს, ვიცავთ ქვეყანას!"
იხილეთ ასევე:
ავტორი: ანრი კურტანიძე
როცა უკრაინა 45 მილიონანი, ევროპის უმდიდრესი ქვეყანაა რესურსებით და შენ 3 მილიონიანი ღატაკი ქვეყანა ხარ.
როცა უკრაინას ზურგს უკან (პირაპირი და გადატანითი მნიშვნელობთ) ევროპის ქვეყნები უმაგრებენ, შენ კი ისტორიული მტრები და მერკანტილური მეზობლები გყავს მხოლოდ წინაც და უკანაც.
როცა ამხელა სახელმწიფოც ვერ აჩერებს აგრესიას და მისი ქალაქები მიწასთანაა გასწორებული, მთლიანი შენი ქვეყანა კი მაგ სახელმწიფოს ერთ დანგრეულ ოლქზე პატარაა და 50 კილომეტრში დედაქალაქიდან ეგ აგრესორი გიდგას.
როცა უკრაინის მოსახლეობა ერთიანია,შენთან კი გამზადებული სეპარატისტული ნაღმები დევს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებში.
როც უკრაინის ხელისუფლება ქვეყნიდან ამხნევებს ხალხს, (ჯერ ჯერობით მაინც) და შენები საზღვარზე ჭყლიტავენ ერთმნეთს გაქცევისას.
როცა აგრესორს აღიზიანებ და ბნელ ურდოს უწოდებ, და ამ დროს ეკონომიკა მასზე გაქვს მორგებული.
როცა.....
როცა...
როცა...
P.S. შეიძლება ბევრისთვის ახალი ხილია ავტორის ჩათვით, მაგრამ რეზერვის სისტემა საქართველოშიც მოქმედებს, ამიტომ უადგილო სარკაზმს შეგიძლიათ ჩაეწეროთ და გამოცდილება გაგვიზიაროთ, თავის პლიუს მინუსებით , დამიჯერეთ გაცილებით საინტერესო სტატია გამოვა.
ტერიტორიული რეზერვის პროგრამა ჩვენთანაც არსებობს, ავტორო, ამიტომ შენი უადგილო ირონია შენთვის დაიტოვე, მიბრძანდი და გაერთიანდი. დიახ, ეს სისტემა დასახვეწია, მაგრამ ამას საფუძვლიანი მსჯელობა სჭირდება და არა უაზრო ყელყელაობა. თვითონ სავალდებულო სამსახური მოხდილი მაქვს და საჭიროების შემთხვევაში გავაკეთებ იმას, რაც მევალება, და ჩემთან ერთად საკმაოდ ბევრი ასე მოიქცევა, მაგრამ უნდა იცოდე, როდის იომო და როდის მოცდა არჩიო.