აჩაჩული შარვალი, გაცვეთილი ფეხსაცმელი, დიდი და უცნაურად შეკრული ჰალსტუჰი, ქერა გაჩეჩილთმიანი ნიუ იორკელი და კაცი, რომელიც ბავშვობაში "მსოფლიოს მეფობაზე" ოცნებობდა - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონზე გიყვებით, თანამედროვე ეპოქის სრულიად განსხვავებულ პოლიტიკოსზე, რომელმაც პროტოკოლებისა და წესების მიმდევარ, კლიშეებში მოქცეულ ლიდერებს და "დავარცხნილ", მოწესრიგებულ პოლიტიკოსებს შეჩვეულ საზოგადოების თვალს, საკუთარი სახით სულ სხვანაირი პერსონა წარუდგინა.
ჯონსონი იმ ადამიანებს მიეკუთვნება, რომლებსაც დაბადებიდან განსაკუთრებული, მომნუსხველი ქარიზმა აქვთ. თუ მის ბიოგრაფიას გაეცნობით, აღმოაჩენთ, რომ არ არსებობდა მის ცხოვრებაში ეტაპი, როცა პოპულარული არ იყო და როცა საზოგადოების ყურადღების ნაკლებობას განიცდიდა - სკოლა, უნივერსიტეტი, შემდეგ უკვე ბრიტანული პოლიტიკა - ის ყოველთვის იყო და არის ადამიანი, რომელსაც ხალხმრავალ ოთახში პირველს ხედავენ.
ჯონსონის ლიდერული უნარები კიდევ უფრო მასშტაბურად გამოიკვეთა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ის არის ერთ-ერთი პირველი, რომელიც მყისიერ გადაწყვეტილებებს იღებს უკრაინის დასახმარებლად, არ ერიდება პუტინის მწვავე კრიტიკას, საკუთარ შეცდომებზე საუბარს.
გამოირჩევა მოულოდნელი გადაწყვეტილებებით. ერთ-ერთი ასეთი მისი კიევში დაუგეგმავი ვიზიტი იყო, რითაც კიდევ ერთხელ დაიმსახურა საზოგადოებისგან დადებითი შეფასებები.
და ახლა, არა მხოლოდ ბრიტანელებს, არამედ ადამიანებს მთელ მსოფლიოში, აინტერესებთ ყველა დეტალი მისი ცხოვრების შესახებ - ზოდიაქოს ნიშნით დაწყებული, საყვარელი სამოსის ბრენდითა და მისი ფავორიტი პოლიტიკოსით დამთავრებული.
სტენლი და შარლოტა 1963 წელს დაქორწინდნენ და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდნენ, სადაც ჯონსონის მამა, სტენლი სწავლობდა, მოგვიანებით, ჯონსონის დაბადების შემდეგ სამშობლოს დაუბრუნდნენ. ბავშვობაში ჯონსონი მშვიდი და შრომისმოყვარე იყო, მუდამ მეცადინეობდა, ექსცენტრიკული ხასიათი კი მოზარდობის წლებიდან გამოავლინა.
ჯონსონი სმენადაქვეითებული იყო. რის გამოც, ადრეულ წლებში რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.
ბავშვობიდან ჩანაწერებს აკეთებდა და მის ადრეულ ჩანაწერებში წერია, რომ სურს გახდეს "მსოფლიოს მეფე." პატარა ბორის ჯონსონს თითქმის არ ჰყოლია მეგობრები და ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და-ძმებთან.
მოგვიანებით ჯონსონის მამამ, სტენლიმ ევროკომისიაში დაიწყო მუშაობა და 1973 წელს ოჯახი საცხოვრებლად ბრიუსელში გადავიდა, შესაბამისად, იმ პერიოდში ჯონსონი სკოლაში ბრიუსელში სწავლობდა. ის იდეალურად დაეუფლა ფრანგულს. მალე ჯონსონის დედას, შარლოტას, ნერვული აშლილობა დაემართა და კლინიკური დეპრესიის დიაგნოზით კლინიკაში მოათავსეს.
რის შემდეგაც ჯონსონი და მისი და-ძმები 1975 წელს, ინგლისში, აღმოსავლეთ სასექსის მოსამზადებელ სკოლა ინტერნატში, "ენდან ჰაუსში" გაგზავნეს, სადაც ბორის ჯონსონმა ძველი ბერძნული და ლათინური ენები ისწავლა, მაგრამ იქ ცხოვრებას ბევრი უარყოფითი მხარე ჰქონდა - ბორის ჯონსონის მიმართ, სხვა ბავშვების მსგავსად, არაერთხელ გამოუყენებია მასწავლებელს ფიზიკური დასჯის მეთოდი.
ამასობაში მშობლების ურთიერთობა გაფუჭდა და 1980 წელს ისინი განქორწინდნენ. ბავშვები დედასთან, შარლოტასთან გადავიდნენ საცხოვრებლად, დასავლეთ ლონდონში.
Eton-ის დამთავრების შემდეგ, ჯონსონი ავსტრალიაში წავიდა, სადაც ინგლისურსა და ლათინურს ასწავლიდა.
მალევე ოქსფორდის უნივერსიტეტის სტიპენდია მოიპოვა. ოქსფორდში ოთხი წლის განმავლობაში სწავლობდა კლასიკოსებს, ანტიკურ ლიტერატურას და კლასიკურ ფილოსოფიას.
ადრეული წლებიდანვე გამოირჩეოდა რაგბის სიყვარულით და ოქსფორდში, რაგბის გუნდშიც თამაშობდა. ბორის ჯონსონის განსაკუთრებულობა არც იქ დარჩენია ვინმეს შეუმჩნეველი, უნივერსიტეტში ის პოპულარული იყო.
ოქსფორდში სწავლის პერიოდში ჯონსონი იყო სატირული ჟურნალის, Tributary-ის რედაქტორი.
ბორის ჯონსონს ისეთივე ქაოსური პირადი ცხოვრება აქვს, როგორ შთაბეჭდილებასაც ის პირველივე შეხედვით ტოვებს. ის სამჯერ იყო დაქორწინებული და შვიდი შვილის მამაა.
ჯონსონის პირველი ცოლი ალეგრა მოსტინ ოუენია. მათ ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როცა ორივენი ოქსფორდში სტუდენტები იყვნენ, 1987 წელს დაქორწინდნენ, მაგრამ მათი ქორწინება 1993 წელს დასრულდა. წყვილს საერთო შვილი არ ჰყავს.
ბრიტანეთის პრემიერის მეორე ცოლი მარინა ვილერია, რომელსაც 2018 წელს, 25-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა.
მარინა ადამიანის უფლებადამცველია. წყვილს ოთხი შვილი, ორი ქალიშვილი და ორი ვაჟი ჰყავს - ლარა, მილო, კასია და თეოდორი.
როცა ის მარინაზე იყო დაქორწინებული, პარალელურად ურთიერთობაში იყო ჟურნალისტ ელენ მაკლთაირთან. 2009 წელს მათ გოგონა, სტეფანია შეეძინათ. სტეფანიას შესახებ მედიისთვის ბევრი არაფერია ცნობილი.
ჯონსონის მესამე ცოლი კერი საიმონდსია. კერი გამოცემა The Independent-ის დამფუძნებლის, მეთიუ საიმონდსის შვილია. წყვილს ორი შვილი ჰყავს.
ჯონსონს თურქული ფესვები აქვს. მისი დიდი ბაბუა იყო ალი ქემალი - თურქი ჟურნალისტი, პოეტი და ლიბერალური შეხედულებების მქონე პოლიტიკოსი, რომელიც თურქეთის დამოუკიდებლობის ომის დროს მოკლეს. ალი ქემალს თავის მხრივ, კავკასიური ფესვები ჰქონდა, მისი დედა ჩერქეზეთიდან იყო. ალი ქემალის შვილი, ზაკი იყო შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში და ესპანეთში თურქეთის ყოფილი ელჩი, რომლის შთამომავალიც არის ბორის ჯონსონი.
ჯონსონის ფავორიტი პოლიტიკოსი უინსტონ ჩერჩილია. ის ბევრ რამეში ცდილობს ჩერჩილს მიბაძოს. მაგალითად, ჩერჩილის მსგავსად, ჯონსონიც ხატავს. მედიაში წერენ, რომ ჩერჩილის სამხატვრო ხელოვნებამდე რომ მიაღწიოს, ჯერ ბევრი უნდა იმუშაოს, თუმცა დასაწყისი არც ისე ცუდია.
1999-2005 ის ბრიტანული ყოველკვირეული გამოცემის The Spectator-ის რედაქტორი იყო. 2001 წელს პარლამენტის წევრი გახდა, შემდეგ იყო ლონდონის მერის თანამდებობა 2008-2016 წლებში.
მას შემდეგ საზოგადოებას თავისი ექცენტრიკული ბუნების გამო, მისთვის არაერთხელ უწოდებია კლოუნი, თუმცა მსგავსი შეფასებები დიდად არ ადარდებს.
ლონდონის მერობის პერიოდში ცნობილი იყო თავისი სტილით. ლონდონის ქუჩებში პაპარაცებს არაერთხელ შეუმჩნევიათ, როგორ დარბოდა უჩვეულო ფორმაში გამოწყობილი.
მისთვის არაერთხელ უკითხავთ ჟურნალისტებს, ივარცხნიდა თუ არა თმას და რატომ იყო მუდმივად გაჩეჩილი ვარცნილობით - "კი, თმას ნამდვილად ვივარცხნი", - ასეთია ხოლმე ჯონსონის პასუხი.
რაც შეეხება მის გაცვეთილ ფეხსაცმელებს, ეს ჯონსონის სტილია და კიევში ვიზიტის დროს ასეთი ფეხსაცმელი პირველად არ სცმია. ამ ფეხსაცმელების ჩაცმა ჯონსონისთვის კომფორტია, რომელზეც უარს არასდროს ამბობს.
მედიაში მას ყველაზე მოუწესრიგებელ და ქაოსურ პოლიტიკოსს უწოდებენ, რომელიც მუდამ სასაცილო სიტუაციებში ეხვევა, თუმცა ყველაფერი ისე ხდება, რომ არავის აღიზიანებს იმიტომ, რომ ეს ბორის ჯონსონია და ის უბრალოდ ასეთია.
ბონუსი:
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/F30oGnipOYo" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
იხილეთ ასევე: