ავტორი:

"არაფერი არ აწუხებდა, ამბობდა, კენჭივით ჯანმრთელი ვარო... ისეთ რაღაცებს იტყვიან ახლა..." - რას ჰყვება ნიკა ქაცარიძის შესახებ მისი მეგობარი

"არაფერი არ აწუხებდა, ამბობდა, კენჭივით ჯანმრთელი ვარო... ისეთ რაღაცებს იტყვიან ახლა..." - რას ჰყვება ნიკა ქაცარიძის შესახებ მისი მეგობარი

დღეს, დილას სოციალურ ქსელში უმძიმესი ამბავი გავრცელდა. რუსთაველის თეატრის მსახიობი, 43 წლის ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი გულის შეტევაა.

ნიკა ქაცარიძეს უამრავი მეგობარი ჰყავდა. ისინი "ფეისბუქში" მსახიობთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ, იგონებენ მასთან დიალოგებს. გარდა თეატრისა, ნიკა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებშიც“ თამაშობდა და მისი გმირი მაყურებელს ძალიან მოსწონდა.

ნიკა ქაცარიძე 2005 წლიდან დღემდე რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. თეატრის სცენაზე განსახიერებული აქვს არაერთი როლი. მონაწილეობდა სპექტაკლებში: "შობის მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ“, "დარისპანის გასაჭირი“, "ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და… პრეზიდენტი“, "სალამურა“, "პატარა უფლისწული“ და სხვა.

რუსთაველის თეატრის მსახიობი მანანა აბრამიშვილი ამბობს, რომ კოლეგასთან თითქმის ყოველდღე საუბრობდა. ბოლოს ახალი წელიც მიულოცა და იმ სპექტაკლზე ისაუბრეს, რომელშიც ერთად თამაშობდნენ და 9 იანვარს კიდევ ერთხელ უნდა ეთამაშათ.

მანანა აბრამიშვილი:

- ყოველდღე ვსაუბრობდით მე და ნიკა ტელეფონით, ახლა ბათუმში ვარ, აქ გავიგე ეს ამბავი და ვერ ვიჯერებდი. დავდივარ და ვიძახი, რომ არ მომხდარა ეს ყველაფერი. ახლა ვიჯექი და მის ხმოვან შეტყობინებებს ვისმენდი, ორი დღის წინ რაც გამომიგზავნა.

- ჯანმრთელობის პრობლემა თუ ჰქონია?

- არა, არაფერი აწუხებდა, ამბობდა, ხოლმე კენჭივით ჯანმრთელი ვარო. თეატრში ასეთი ინფორმაცია გვაქვს, რომ გულის შეტევით გარდაიცვალა.

- ხომ არ შეიძლებოდა ეს სასმელის ინტოქციკაციაც ყოფილიყო...

- არა, ისეთ რაღაცებს იტყვიან ახლა. ერთმა დამირეკა და წამალი ახსენა. რა სისულელეებს მეკითხებით, პლანი რომ არსებობს, მაგას არ იკადრებდა ნიკუშა. არ ვიცი. ექსპერტიზაზე ალბათ იტყვიან.

- სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ სასწრაფომ დაიგვიანა...

- არ ვიცი... ნიკუშა შველიძემ მითხრა, დღეს დილით, ნაბახუსევზე ცივი წყალი დალიაო... ბიჭი კი მოკვდა და მიუსწრო თუ არა სასწრაფომ, რა ვიცი. აქვს ამას მნიშვნელობა?!

- ბოლოს რაზე ისაუბრეთ?

- ახალი წელი მომილოცა და პრემიერა, ბოლოს რაც ვითამაშეთ, მაგაზე მესაუბრა. ნახე, მანჩო რა კარგი გადაღებულიაო. მეუღლე და ორი შვილი დარჩა, გიჟი მამა იყო, უბედნიერესი თავისი შვილებით. განსაკუთრებულად უყვარდა თეატრი, ყველაზე ძალიან, ამას ხმამაღლა ვიტყვი... საშინლად დაიწყო 2022 წელი...