ავტორი:

"ჩვენთვის, ბათუმელებისთვის სასიამოვნო იყო, რომ თქვენი პირველი ვიდეო ბულვარში ჩაიწერა" - ოპოზიციის აქცია ბათუმში და მიმართვა მიხეილ სააკაშვილს

"ჩვენთვის, ბათუმელებისთვის სასიამოვნო იყო, რომ თქვენი პირველი ვიდეო ბულვარში ჩაიწერა" - ოპოზიციის აქცია ბათუმში და მიმართვა მიხეილ სააკაშვილს

ბათუმში, ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს სლოგანით „ბრძოლა გამარჯვებამდე“. აქციის მონაწილეებს თან აქვთ ბანერები - "ერთად თავისუფლებისთვის და ცვლილებებისთვის" , „თავისუფლება მიშას“.

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ და აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს.

მისი თქმით, ოპოზიციას ბათუმის საკრებულოში უკვე ჰყავს მრავალპარტიული უმრავლესობა და ეს გამარჯვება ბოლომდეა მისაყვანი.

"ათასობით ადამიანი ტელევიზიით გვადევნებს თვალ-ყურს. მადლობა მათ, მაგრამ განსაკუთრებული მადლობა ერთ ადამიანს, რომელიც ასევე ტელევიზიით გვადევნებს თვალს, რომლესაც ყველაზე ძალიან უყვარს ჩვენი ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტად თანაგვიგრძნობს ჩვენ და რომელსაც ახლა, ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, მოგესალმები ბატონო მიშა. თქვენ კარგად იცოდით, რა ნაბიჯსაც დგამდით. იცოდით, რომ თქვენი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ჩამოდიოდით საქართველოში, მაგრამ თქვენ ეს ნაბიჯი გადადგით და შეასრულეთ თქვენი სიტყვა ისე, როგორც ყოველთვის ასრულებდით! თქვენ ისჯებით იმ გაკეთებული საქმეებისთვის, რაც შეძელით ჩვენს ქვეყანაში. თავისუფლება და ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ეს იყო მთავარი ის, რისთვისაც თქვენ მთელი ცხოვრება იბრძოდით. ამის ნათელი დასტური იყო ორი ოქტომბრის რეფერენდუმზე თქვენი ჩამოსვლა საქართველოში.

ჩვენთვის, აქ შეკრებილი ადამიანებისთვის, ბათუმელებისთვის ძალიან სასიამოვნო და სიმბოლური იყო თქვენი პირველი განცხადებები, პირველი და მეორე ვიდეო ახალ და ძველ ბულვარში ჩაიწერა. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, პარტიული კუთვნილების მიუხედევად, ამ ქვეყნაში მცხოვრები ყველა პატრიოტის ღირსების საქმეა ის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ იყოს პოლიტიკური პატიმარი. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ამ ქვეყნის უკანასკნელი პოლიტიკური პატიმარი. ეს არის მთავარი, ის ცვლილება, რასაც ხალხმა მხარი დაუჭირა, მათ შორის, ბათუმში ორი ოქტომბრის არჩევნებზე. ჩემთვის წარმოუდგენელი პატივი და პასუხისმგებლობაა ის, რაც მოხდა ორ ოქტომბერს ბათუმში, ყველამ ერთად შევძელით და ამ უსამართლო, დაუნდობელ ბრძოლაში დავამარცხეთ „ქართული ოცნება“, - განაცხადა გიორგი კირთაძემ.