აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ის მტკიცედ დგას მის გადაწყვეტილებაზე, რომ ავღანეთიდან ჯარები უნდა გაეყვანა.
პრესკონფერენციაზე საუბრისას ბაიდენმა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის წინაპირობა გაიხსენა.
„მინდა ყველას შევახსენო, იქ როგორ აღმოვჩნდით. ჩვენ ავღანეთში თითქმის 20 წლის წინ შევედით ცხადი მიზნებით - ალ-ქაიდას არ გამოეყენებინა ავღანეთი თქვენზე ხელახლა თავდასხმისთვის ბაზად. ჩვენ ეს გავაკეთეთ. როდესაც თანამდებობა დავიკავე, პრეზიდენტ ტრამპს უკვე მოლაპარაკებები ჰქონდა გამართული "თალიბანთან". მისი შეთანხმების თანახმად, ამერიკული ჯარები ავღანეთიდან 2021 წლის 1-ელი მაისისთვის უნდა გასულიყვნენ. მხოლოდ სამი თვის შემდეგ, რაც მე თანამდებობა დავიკავე. ტრამპის მმართველობის პირობებში ამერიკული ჯარები ქვეყანაში უკვე შემცირდა 15 500-დან 2 500-მდე. არჩევანი, რაც მე როგორც თქვენს პრეზიდენტს მქონდა, იყო ან შემესრულებინა ეს შეთანხმება, ან "თალიბანთან" ბრძოლას დავბრუნებოდი. 1-ელი მაისის შემდეგ აღარ იქნებოდა ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენს ძალებს არ დაიცავდა არანაირი შეთანხმება. არ იქნებოდა სტატუს-კვო და სტაბილურობა 1-ელი მაისის შემდეგ. მხოლოდ მკაცრი რეალობა. ან შევასრულებდი შეთანხმებას და გამოვიყვანდი ჯარებს, ან კონფლიქტის ესკალაცია მოხდებოდა და კიდევ ათასობით ამერიკელ ჯარისკაცს გავგზავნიდით ავღანეთში და ახალ ათწლეულს დავიწყებდით ომით. მე მტკიცედ ვდგავარ ჩემ გადაწყვეტილებაზე - გამოვიყვანო ამერიკული ჯარები ავღანეთიდან“, - განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, ფრთხილად აწონ-დაწონა რისკები, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ აღიარებს, რომ ადგილზე სიტუაცია უფრო სწრაფად განვითარდა, ვიდრე მოელოდა.
„20 წლის შემდეგ, მე რთული გზით გავიაზრე, რომ არასოდეს ყოფილა კარგი დრო აშშ -ს ძალების გაყვანისთვის. ამიტომ ჩვენ ჯერ კიდევ იქ ვართ. მე ნათლად ვაცნობიერებდი რისკებს, ჩვენ ვგეგმავდით ყველა გაუთვალისწინებელ გარემოებას, მაგრამ მე ამერიკელ ხალხს დავპირდი, რომ ყოველთვის პირდაპირი ვიქნებოდი. სიმართლეა ის, რომ ეს უფრო სწრაფად განვითარდა, ვიდრე მოველოდით“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ქვეყანა საკუთარმა ლიდერებმა მიატოვეს.
„რა მოხდა? ავღანეთის პოლიტიკური ლიდერები დანებდნენ და ქვეყნიდან გაიქცნენ. ავღანეთის არმია ჩამოიშალა, ზოგი ბრძოლასაც არ შეეცადა. სხვა თუ არაფერი, ბოლო კვირებში მომხდარმა ამბებმა დაგვანახა, რომ ამერიკული სამხედრო ყოფნის დასრულება ავღანეთში კარგი გადაწყვეტილება იყო. არ შეიძლება და არ უნდა იბრძოდნენ ამერიკელი ჯარები და იღუპებოდნენ ომში, რომელშიც ბრძოლა საკუთარი თავისთვის არ სურთ ავღანეთის ძალებს“, - განაცხადა ბაიდენმა.
მან ისიც გაიხსენა, რომ ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანს მოუწოდებდა დიპლომატიისთვის მიემართა და "თალიბანთან" პოლიტიკური გამოსავალი მოეძებნა.
„ეს რჩევა კატეგორიულად უარყვეს. ბატონმა ღანმა დაიჟინა, რომ ავღანეთის ძალები იომებდნენ და ცხადია, ის არასწორი იყო“, - განაცხადა ბაიდენმა.
მისივე თქმით, ამერიკამ ავღანეთში თითქმის ტრილიონი დოლარი დახარჯა, თუმცა მეტი დახმარება უკვე ვეღარაფერს შეცვლიდა.
„ჩვენ თითქმის ტრილიონი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ გავწვრთენით ავღანეთის სამხედრო ძალები - 300 000 ძლიერი, საუკეთესოდ აღჭურვილი მათგანი. მათ ჰყავდათ უფრო დიდი არმია, ვიდრე ჩვენს ბევრ ნატოს მოკავშირეს ჰყავს. მათ ყველა საჭირო ბერკეტი მივეცით. ჩვენ მათ ხელფასებს ვუხდიდით. ჩვენ მათ ყველა შანსი მივეცით, რომ განესაზღვრათ საკუთარი მომავალი. მაგრამ, თუ ავღანეთი ვერ ახერხებს "თალიბანის" მიმართ ახლა რეალურ წინააღმდეგობას, არ არსებობს შანსი, რომ ადგილზე ამერიკული სამხედროების დახმარების კიდევ ერთი, ხუთი ან 20 წელი რამეს შეცვლის. არასწორია ამერიკულ ჯარებს უთხრა იომონ, როცა ავღანეთის საკუთარი შეიარაღებული ძალები ამას არ აკეთებენ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა სპეციალურ ბრიფინგზე.
მართლაც არანაირი გამართლება არ აქვს იმას, რომ თავად ხალხმა არ გაუწია წინააღმდეგობა ამ ყველაფერს
ოცი წელია ასეა მარა ახლა მიხვდით რატომღაც, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, და კიდევ ერთ რამეს უნდა მიხვდეთ მალევე, დემოკრატია ლიბერალიზმი და ლგბტ უფლებები არაა ის იდეა რისთვისაც შეიძლება ხალხმა იბრძოლოს და თავი გაწიროს, აი ისლამი და რელიგია კი გამოდგა ასეთი, ჰოდა დროა ამრეიკული იდეოლოგიის ექსპორტის საკითხებს გადახედოთ. ხვალ ამერიკა რომ დადგეს რეალური საფრთხის წინაშე ამერიკული ჯარიც ასევე უბრძოლველად დანებდება იმიტომ რომ მთავარ ღირებულებად ამერიკელებისთვის კომფორტი და კაი ცხოვრება ჩამოყალიბდა, ჰოდა დროა ხალხს პატრიოტიზმის მნიშვნელობა გაახსენოთ.