"4 პირი გვყავს, ვინც მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვაქცინაციამდე იცოდა და იცის, თუ რა დახმარება გაეწია ვაქცინაციის შემდგომ, ისინი ამას საგანგაშოდ მიიჩნევენ", - ამის შესახებ გარდაცვლილი 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა ნინო ამაღლობელმა მედიაცენტრ "მთავარში“ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პირები ოჯახის წევრები არ არიან.
"ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი მინდა გავაჟღერო. ჩვენ 4 პირი გვყავს, ვინც იცის და იცოდა მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვაქცინაციამდე და იცის, თუ რა დახმარება გაეწია ვაქცინაციის შემდგომ და ისინი ამას საგანგაშოდ მიიჩნევენ. მინდა აგრეთვე გაგიმხილოთ, რომ ეს პირები არ არიან ოჯახის წევრები და აბსოლუტურად ობიექტური პირები არიან. უახლოეს შემჭიდროებულ ვადებში პროკურატურას შუამდგომლობით მივმართავთ, ყველა ამ პირის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციით, რომ ეს პირები გამოკითხული იყვნენ“, - განცხადა ნინო ამაღლობელმა.
გარდაცვლილი ექთნის ოჯახის კიდევ ერთი ადვოკატის, ვახტანგ ბარამაშვილის განცხადებით, მეგი ბაქრაძის სამედიცინო ისტორიის ნაწილი ძალიან ზოგადია.
"სამედიცინო ისტორიის ის ნაწილი, რაც ჩვენ გვაქვს, ძალიან ზოგადია და თითოეული ვერსიის განვითარების საშუალებას იძლევა. გარდაცვალების პირველი ვერსია ეს არის, ანაფილაქსიით გამოწვეული შოკი, მეორე ვერსია, რომელიც პროფესიონალების მხრიდანაც გავრცელდა, ესაა ფილტვის თრომბოემბოლია, მესამე ვერსიით კი, მეგის ფილტვების ორმხრივი მინისებრი დაჩრდილვა", - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელსაც "ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.