გურჯაანში, ცოლ-ქმრის ჩხუბის დროს 11 თვის ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, გარდაცვლილი ჩვილის დედა პირველ კომენტარს აკეთებს. ვიდეო ჩანაწერს "ტვპირველი“ ავრცელებს.
"ხელიდან რომ გამომგლიჯა, ეტყობა ეგეთ არტერიაში მოარტყა... ანუ ახალი ნაჭამი ჰქონდა და ეტყობა, ყელში მოუხვდა და გაგუდა. აიყვანა და აჯანჯღარებდა. მე განწირული ხმით ვყვიროდი, ხალხო, მიშველეთ. არავინ არ მიშველა...განწირული ხმით ვყვიროდი, მეზობლებო, მიშველეთ...და არავან არ მომეშველა.“ - ამბობს დედა.
ჟურნალისტის კითხვაზე - "მამამ მოკლა ბავშვი?“ ქალი პასუხობს, რომ "კი, ბავშვი მამამ მოკლა."
ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი - 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ფაქტზე, 1985 წელს დაბადებული ზ.შ. გურჯაანის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.