"რას აკეთებს “ის’’, ვისაც შეთანხმების გაგონებაც არ უნდა - შავი არქივიდან იღებს ძველ ფარულ ჩანაწერებს, ჩეხავს, ამონტაჟებს, ცვლის კონტექსტს, შინაარსს და ამ გაყალბებული რეალობით ხელახლა ცდილობს ხალხის გაბრაზებას, რადგან წინა რამდენიმე მცდელობამ არ გაამართლა", - ამის შესახებ “ფეისბუქის“ გვერდზე ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე წერს.
მდინარაძე ბერა ივანიშვილთან დაკავშირებული ჩანაწერების გასაჯაროებას “კაგებეშნიკური" მეთოდებით, საბჭოთა საინფორმაციო ტერორს უწოდებს.
“ოპოზიციამ ბუნებრივია იცოდა, რომ გუშინ ქვეყნდებოდა ეუთო/ოდირის საბოლოო და ძალიან პოზიტიური დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. იციან, რომ მათი მხრიდანაც გადმოსადგმელია ერთი კომპრომისული ნაბიჯი მაინც. მათი ნაწილი განიხილავს კიდეც ასეთი წინადადების უახლოეს დღეებში დაყენებას.
და რას აკეთებს “ის’’, ვისაც შეთანხმების გაგონებაც არ უნდა - შავი არქივიდან იღებს ძველ ფარულ ჩანაწერებს, ჩეხავს, ამონტაჟებს, ცვლის კონტექსტს, შინაარსს და ამ გაყალბებული რეალობით ხელახლა ცდილობს ხალხის გაბრაზებას, - რადგან წინა რამდენიმე მცდელობამ არ გაამართლა.
სახელი: საინფორმაციო ტერორი საბჭოთა, “კაგებეშნიკური" მეთოდებით საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ.
მიზანი: მოლაპარაკების ჩაშლა, რევანში, სახელმწიფოს ჩამოშლა და ხელისუფლების ხელში ჩაგდება.
შედეგი: მორიგი წარუმატებელი მცდელობა.
P.S. ამის მიუხედავად (ქვეყნის, საზოგადოების ინტერესებიდან და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მკაფიო პოზიციიდან გამომდინარე, რომელსაც ძალიან ვაფასებთ), არ ვაპირებთ რადიკალიზაციაში ჩაყოლას.
მოლაპარაკების მაგიდასთან ველით მათ თუნდაც ერთ კომპრომისულ წინადადებას.
ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას და სწრაფვას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ. ამას წინ ვერანაირი "კარგად გადაფუთული" ტყუილები ვერ დაუდგება!”, - წერს მამუკა მდინარაძე “ფეისბუქზე“.
"ტვ პირველის" ეთერში გასული სიუჟერის მიხედვით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე ინფორმაციით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის მოზარდის დასჯას უკვეთავს.