„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს მოუწოდებს, ოპოზიციის დისკრედიტაცია შეწყვიტოს, რადგან „ეს მისთვის და მისი პოლიტიკური ძალისთვის ძალიან წამგებიანი პოზიცია იქნება“.
კითხვაზე, იმის შესახებ, რომ ელისაშვილი ხატია დეკანოიძეს და სხვა ოპოზიციონერებს „გადაუწყვეტელს“ უწოდებს, დეკანოიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია მყარია.
„ძალიან კარგი იქნება, თუ ჩემი გვარის ხსენება ამ კონტექსტში შეწყდება და ჩემი მეგობრების, ვინც გადაწყვეტილება მიიღო. „ნაციონალური მოძრაობის“ და ჩემი ძალიან მყარი გადაწყვეტილებაა, რომ მიუღებელია ამ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება, მათ შორის იმ ნამცეცებზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სთავაზობს, საარჩევნო რეფორმის სახით, თუმცა შემდეგ კობახიძე გამოვიდა და მცირე პარტიებს, მათ შორის ელისაშვილს უთხრა, რომ მე ამათ ისედაც მივიღებ თუ გინდა შემოდი, თუ გინდა არა. გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, ერთიანი ვართ ოპოზიციასთან, არანაირი მერყეობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ ყოფილა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რაც საგანგებო განცხადებად მომეჩვენა, რომ ღიად ოპოზიციის დისკრედიტაციის მცდელობა მიდის და საჯაროდ მინდა მოვუწოდო, რომ შეწყვიტოს ოპოზიციის დისკრედიტაცია, მათ შორის ძალიან არ მესიამოვნა მამუკა ხაზარაძეზე თავდასხმა, როდესაც სრულიად ცრუ ინფორმაცია გაავრცელა“, - განაცხადა დეკანოიძემ.
რაც შეეხება ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს, როგორც ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, პოზიტიური მოლოდინი არ აქვს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ დიალოგში მონაწილეობას მიიღებს.
„მე დიდად პოზიტიური განწყობა ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არ მაქვს იმიტომ, რომ მოლაპარაკებები მიდიოდა, კობახიძე კი ოპოზიციას და „ნაციონალურ მოძრაობას“ რეგისტრაციიდან ჩახსნით დაემუქრა. მაგრამ, თუ იქნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სურვილი, ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ამ დიალოგში“, - განაცხადა დეკანოიძემ.