ყველა მაღაზიას, რომელიც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით არ დახურულა, უფლება აქვს გაყიდოს ნებისმიერი ნივთი, რომელიც დახლზე უდევს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში ადასტურებენ.
"სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მაღაზიებს, რომელებიც აგრძელებენ ფუნქციონირებას, შეუძლიათ გაყიდონ ნებისმიერი პროდუქცია, რაც მათ დახლებზე დევს", - განუცხადეს Ambebi.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციაში.
ჩვენს კითხვაზე, მოდის თუ არა ეს კომენტარი წინააღმდეგობაში მთავრობის N699 დადგენილებასთან, უწყებაში განგვიცხადეს, რომ "მაღაზიებს შეუძლიათ გაყიდონ მათ დახლზე არსებული ყველა პროდუქცია".
მთავრობის დადგენილების მიხედვით, ქვეყნის კონკრეტულ ტერიტორიებზე, მათ შორის თბილისში, ყველა სახის საქონლის როგორც საცალო ისე, საბითუმო რეალიზაცია ხორციელდება მხოლოდ დისტანციურად. დადგენილებით გამონაკლისია შემდეგი პროდუქცია: სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალები.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ასახულია მაღაზიის ადმინისტრაციის შენიშვნა, რომ ის პროდუქცია, რომლის არადისტანციური რეალიზაციაც მთავრობის N699 დადგენილებით აკრძალულია, არ გაიყიდება. ფოტოებს საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. მათი შეფასებით, ერთი მაღაზიისთვის, პროდუქციის სახეობის მიხედვით, რეალიზაციის უფლების განსაზღვრა აზრს მოკლებულია.