როგორც ცნობილია, კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთ-ერთმა ვაქცინამ, ჯერჯერობით, ყველა გამოცდას გაუძლო და 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა. Pfizer-ისა და BioNTech-ის შემუშავებული ვაქცინა ექსპერიმენტულ მიდგომაზეა დაფუძნებული, რომელიც იმუნური სისტემის მომზადების მიზნით, ვირუსის გენეტიკური კოდის ნაწილის ინექციას გულისხმობს.
კომპანიები აცხადებენ, რომ ვაქცინა უკვე ექვს ქვეყანაში 43 500 ადამიანზე გამოსცადეს და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილა. ვაქცინაზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდ 19-სგან დასაცავად საჭიროა ორი დოზა, სამი კვირის ინტერვალით. 90%-იანი დაცვა კი მეორე დოზის მიღებიდან 7 დღეში მიიღწევა. საცდელი კვლევები აშშ - ში, გერმანიაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, სამხრეთ აფრიკასა და თურქეთში ჩატარდა.
Pfizer-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვაქცინის 50 მილიონი დოზის მიწოდება, 2021 წლის ბოლოსთვის კი ამ რაოდენობის 1.3 მილიარდამდე გაზრდა იქნება შესაძლებელი.
კომპანიები გეგმავენ, რომ თავიანთი ვაქცინის გამოყენებისთვის საჭირო საგანგებო ნებართვის მოპოვების თხოვნით შესაბამის ორგანოებს უახლოეს მომავალში მიმართონ. რა გზა უნდა გაიაროს მან, ვიდრე მისი მასობრივი გამოყენება შესაძლებელი გახდება? ამ თემაზე და კიდევ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხზე AMBEBI.GE-ს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ეპიდემიოლოგი, ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტის მაგისტრი ეკატერინე ქარქაშაძე ესაუბრა.
- კლინიკური კვლევების წინასწარმა შედეგებმა კომპანია Pfizer-ის წარმოების ვაქცინის ეფექტიანობა დაადასტურა, თუმცა ეს კვლევა ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა. აშშ-ის ჯანმრთელობის ინსტიტუტების დირექტორი ენტონი ფაუჩიც მიიჩნევს, რომ აღნიშნული შედეგები იმედისმომცემია. ეს უკვე ძალიან კარგი ნიშანია იმის გათვალისწინებით, რომ კვლევაში დაახლოებით 43 ათასი ადამიანი იყო ჩართული, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია. წარმოებამდე და პროდუქტის ფართოდ გამოყენებისთვის, ვაქცინას სჭირდება შესაბამისი უწყებებისგან სპეციალური ნებართვის მიღება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი გამოწვევაა საკმარისი რაოდენობის დოზის წარმოება მასზე არნახულად დიდი მოთხოვნის პირობებში. კომპანია მიიჩნევს, რომ ამ წლის ბოლომდე შეუძლია 50 მილიონი დოზის წარმოება და 2021 წლის ბოლომდე - 1.3 მილიარდი დოზის წარმოებას შეძლებს. მოგეხსენებათ, ეს ვერ დაფარავს მსოფლიო მოსახლეობას. ბუნებრივია, ქვეყნები უკვე შეკვეთის რიგში დგანან. როგორც წესი, უპირატესობა აქვთ იმ ქვეყნებს, რომლებიც მონაწილეობენ ვაქცინის კვლევაში. ამ შემთხვევაში ესენია აშშ, არგენტინა, ბრაზილია, გერმანია და სხვ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სხვა წარმოების ვაქცინებიც გადიან კვლევებს და მოსალოდნელია, რომელიმემ ეფექტიანი შედეგები უახლოეს მომავალში გამოაქვეყნოს.
- როდის მოაღწევს ჩვენამდე და ყველასთვის იქნება თუ არა ხელმისაწვდომი. საინტერესოა ასევე ისიც, პირველ ეტაპზე მხოლოდ რისკჯგუფების მქონე პაციენტები დაკმაყოფილდებიან, თუ სხვა კრიტერიუმის მიხედვით მოხდება განაწილება?
- საქართველოში ვაქცინის შემოტანა დამოკიდებული იქნება გარკვეულწილად დროულ შეკვეთასა და მოლაპარაკებაზე, რაც სახელმწიფო უწყების პრეროგატივაა. თუმცა საუკეთესო შემთხვევაში, რეალობის გათვალისწინებით, ალბათ არ უნდა ველოდოთ მას 2021 წლის შემოდგომამდე. შეზღუდული რაოდენობის გათვალისწინებით, საწყის ეტაპზე ვაქცინა ვერ იქნება ხელმისაწვდომი საყოველთაოდ მთელი მოსახლეობისთვის. საკითხზე, თუ ვისთვის იყოს განკუთვნილი ვაქცინა პირველ რიგში, სხვა ქვეყნებიც მსჯელობენ და უპირატესობას ანიჭებენ ასაკობრივ განაწილებას: რადგან ასაკი ამ დაავადების სერიოზული რისკფაქტორია, ამდენად ფიქრობენ, რომ პირველ რიგში ასაკოვანი ჯგუფების ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს. გარდა ამისა, ჩამონათვალში უნდა მოხვდნენ პირები, რომლებსაც აღენიშნებათ Covid-19-ის გართულებების მაღალი რისკი: დიაბეტის, გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტები და სხვ.
- უკვე საკმაო დრო გავიდა და საინტერესოა, განიცადა თუ არა კოვიდინფექციამ მუტაცია და რამდენად აგრესიულია ის ამ ეტაპისთვის?
- ბევრი საუბარი იყო ახალი კორონავირუსის მუტაციაზე და მისი ვირულენტობის (აგრესიულობის) შემცირებაზე ან გაძლიერებაზე. დღეისათვის ამის მნიშვნელოვანი მტკიცებულება არ არსებობს. ერთადერთი, რაც ხელთ აქვს მეცნიერებას ის არის, რომ ვირუსის კონკრეტულმა ნაწილმა განიცადა მუტაცია (ცვლილება), რომელიც პასუხისმგებელია ვირუსის უჯრედში შეჭრაზე (ცნობილია Spike-პროტეინის სახელით) და გამომდინარე აქედან, ეს გავლენას ახდენს ვირუსის კონტაგიოზურობაზე ანუ გადაცემის უნარზე. განმარტებისთვის, ეს ნიშნავს, რომ ვირუსის ნაკლები კონცენტრაცია არის საჭირო, რომ ადამიანის ინფიცირება მოხდეს და ვირუსი უფრო ადვილად გადამდები გახდა. თუმცა არაფერი მოწმობს, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსის აგრესიულობა შეიცვალა რომელიმე კუთხით. უბრალოდ, ახლა მეტი ვიცით ამ ვირუსზე.
მუტაციის საკითხს გავაგრძელებ და ბოლო სიახლეების მიხედვით, დანიაში წაულებში აღმოაჩინეს კორონავირუსი და ფრთხილობენ, რომ მუტაციის შედეგად უფრო აგრესიული შტამი არ წარმოიშვას, რაც პოტენციურად გლობალური ჯანმრთელობის საფრთხეს ქმნის და ამ მიზნით წაულების პოპულაციების განადგურების გეგმაც კი დასახეს. ამდენად, მაინც ვერ გამოვრიცხავთ იმ რისკს, რომ ვირუსმა მომავალში რაიმე მუტაცია განიცადოს და სხვანაირი გახდეს.
- თითქოს ასეთი მოსაზრებაც გაისმა, რომ რაც მეტს შეხვდება ეს ვირუსი, ლეტალობა უფრო ნაკლები იქნება. თუ ასეა, ამას რა ახსნა აქვს?
- მოსაზრება, რომ რაც მეტს შეხვდება ვირუსი, ლეტალობა ნაკლები იქნება, არ ემყარება რაიმე მტკიცებულებას. თუ ვგულისხმობთ ვირულენტობის შემცირებას და ნაკლებ აგრესიულობას, ამის დამადასტურებელი სერიოზული არგუმენტი არ გვაქვს. ერთი, რამაც შეიძლება ლეტალობის პროცენტული მაჩვენებელი შეამციროს, გახლავთ ის, რომ დიაგნოსტიკის დახვეწით და ტესტირების გაძლიერებით ინფიცირებულების გამოვლენა იზრდება და როდესაც დაავადებულთა საერთო რაოდენობა იზრდება, ბუნებრივია, ლეტალობის მაჩვენებელი, ანუ პროცენტული წილი, შემცირდება.
- კვლევების მიხედვით, ვირუსით ინფიცირებისას, დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობას რა იწვევს, რაზეა ეს დამოკიდებული?
- მოგეხსენებათ, რიგ შემთხვევებში, Covid-19 დადასტურებულ პაციენტებში უსიმპტომო მიმდინარეობა აღინიშნება. ბოლომდე არ არის გარკვეული, თუ რა იწვევს უსიმპტომო მიმდინარეობას, ან თუნდაც გართულებებს და დაავადების სრულიად განსხვავებულ მიმდინარეობას პაციენტებში. ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს ორგანიზმის იმუნური სისტემის თავისებურებები, როგორც ეს სხვა ინფექციების დროსაც აღინიშნება და თითქოს ახალი ამაში არაფერია. მეორე მხრივ, ბოლო დროს, მეტად ლაპარაკობენ ვირუსის დამაინფიცირებელ დოზაზე. ცხოველებზე ექსპერიმენტებში დაამტკიცეს, რომ ვირუსის დაბალი დოზა იწვევს დაავადების მსუბუქ მიმდინარეობას და მაღალი დოზა კი ზრდის დაზიანების და გართულებების რისკს. სხვათა შორის, ნიღბის გამოყენების მართებულობა ამ კუთხით კიდევ უფრო ძლიერდება, რადგან ნიღბის ტარების პირობებში, ადამიანის დაინფიცირებაც რომც მოხდეს, ვირუსის ნაკლები დოზა მოხვდება ორგანიზმში და შესაბამისად, მცირდება მძიმე გართულებების რისკიც, თუ ეს თეორია მართებულია.
- ერთ-ერთი კვლევით, ამ ვირუსისთვის თითქოს მეორე ჯგუფის სისხლი ყოფილა სარისკო. რას ეყრდნობა ეს მოსაზრება და მართლაც ასეა?
- გამოქვენდა კვლევა, რომლის მიხედვითაც სისხლის ჯგუფი დაკავშირებულია Covid-19-ის სიმძიმესთან: კვლევაში დაინფიცირების და მძიმე ფორმების რისკი ყველაზე დაბალი იყო პირველი ჯგუფის (0 ჯგუფი) პირებში და ყველაზე მაღალი - მეორე ჯგუფის (A ჯგუფი) შემთხვევაში. თუმცა ეს არის ერთი კვლევის მონაცემი და არ ნიშნავს, რომ ეს აბსოლუტური მტკიცებულებაა და ამას ინდივიდულურ დონეზე რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ გააჩნია. შეიძლება ჩატარდეს მსგავსი კვლევები და მათ განსხვავებული შედეგები მოგვცეს, ამდენად, ეს საკითხი მოითხოვს შემდეგ შესწავლას. ახსნა, თუ როგორ შეიძლება სისხლის ჯგუფი უკაშირდებოდეს Covid-19-ს, არ მოიპოვება.
- პაციენტების გარდაცვალების მიზეზად ხშირად თანმდევ დაავადებებს ასახელებენ. საბოლოოდ, რა სტატისტიკა შეიქმნა, კოვიდის შემთხვევაში რომელი თანმდევი დაავადებები (გულის უკმარისობა, დიაბეტი, ჰიპერტენზია) სრულდება ლეტალური შედეგით?
- მსოფლიოში, და მათ შორის, საქართველოშიც, Covid-19-ის გართულების თვალსაზრისით, გარკვეული დაავადებები რისკ-ფაქტორს წარმოადგენენ და ეს ჩამონათვალია: დიაბეტი, სიმსუქნე, არტერიული ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული პათოლოგიები, სისხლის შედედების სისტემის დაავადებები, ასევე, მდგომარეობები, როდესაც დაქვეითებულია იმუნური სისტემა (მაგ. ქიმიოთერაპიის ფონზე). თუმცა აქვე გასათვალისწინებელია, რომ ეს დაავადებები არ წარმოადგენს განაჩენს, რადგან როდესაც ქრონიკული მდგომარეობა მართულია, რისკიც მინიმუმამდეა დაყვანილი. გვახსოვდეს, რომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. ქრონიკული დაავადების არსებობის შემთხვევაში სასურველია, გაძლიერდეს თავდაცვის ზომები (ნიღაბი, დისტანცირება) და აგრეთვე, კონსულტაცია პირად ექიმთან. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე დაცულია და მიუხედავად ჩამოთვლილი რისკის დაავადებების არსებობისა, ყველამ უნდა დაიცვას მოწოდებული რეკომენდაციები.
ძალიან კარგი რომ გვიან შემოიტანენ,როგორც წესი ნეიტრალური ექსპერტი არც ამ ვაქცინის გამოცდაზე დაუშვეს და რა გვერდითი ეფექტი ექნება ასე მაინც ვეღარ დაიმალება
მეც ვემხრობი იმ აზრს რომ თუ დაინფიცირება მოხდება პირბადიდან ეს იქნება სუსტი და თითქმის უსიმპტომო ეს უკვე დადსტურდა ამიტომ წავალთ სადმე სახლიდან გავიკეთოთ ეს დალოცვლი პირბადე თუ მარტომ უნდა იმოძრაო მასი კიდე ხო არ მგონია ჰაერში დაფრინავდეს