გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილი გაავრცელა.
როგორც რევაზიშვილი წერს, როდესაც ბრალი წარუდგინეს, იმედოვნებდა, რომ ექსპერტები „გუგლის“ სისტემიდან არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი ფეხით გადაადგილების მარშრუტს ამოიღებდნენ, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია, გამოძიებამ წაშალა.
აღნიშნული წერილი „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ოჯახმა მიაწოდა. გთავაზობთ წერილს უცვლელად:
„უკვე 2 თვეა ვიმყოფები პროკურატურის ტყვეობაში. მედავებიან გურამ ამირხანაშვილის თავისუფლების აღკვეთას, თუმცა თავისუფლება არავისთვის აღმიკვეთავს.
მედავებიან ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობას, მაშინ, როცა გიორგი შაქარაშვილი არასოდეს მინახავს.
როცა გამოძიება დაიწყო, მაშინვე მივედი მცხეთაში გამომძიებლებთან და მოვუყევი, რაც ვიცოდი. პირდად მივუტანე გამოძიებელს 19 ივნისს ნაცვამი გაურეცხავი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, გადავეცი ჩემი მობილური ტელეფონი, ჩავაბარე გენეტიკური ანალიზი, ჩემი სურვილით მონაწილეობა მივიღე ამოცნობაში. გამომძიებელს გადავეცი ჩემი ტელეფონის გამხსნელი პაროლი, რომ ყველაფერი ენახათ, რაც ტელეფონში მქონდა, იმის ღრმა რწმენით, რომ სიმართლე დადგინდებოდა.
როცა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალი დამდეს და დამაბრალეს, თითქოს გზა მოვუჭერი შაქარაშვილს და ხევში ჩავედი, იმედი მქონდა, ექსპერტები „გუგლის“ სისტემიდან ამოიღებდნენ არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩემი ფეხით გადაადგილების მარშრუტს და სიმართლე გაირკვეოდა, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია გამოძიებამ წაშალა. ამის შემდეგ მივხვდი, რომ გამოძიება და მართლმსაჯულება სიმართლის დადგენით კი არ არის დაკავებული, არამედ ფაქტების გაყალბებით, მას შემდეგ, რაც გამოძიებამ წამიშალა თავის მართლების ფაქტობრივად ერთადერთი მტკიცებულება, მივხვდი, რომ ამ ბინძური სისტემის წინააღმდეგ ნებისმიერი ადამიანი უძლურია.
მეგონა, რომ სისტემა ამაზე მეტს ვერაფერს დამიშავებდა, თუმცა ვცდებოდი, როცა ამოცნობის მიზნით ციხიდან შსს-ში გადამიყვანეს. იქ არ დარჩენილა თანამდებობის პირი, რომელიც არ გამესაუბრა და კითხვები არ დამისვა. ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ დარწმუნებული იყო ჩემს უდანაშაულობაში, თუმცა მეუბნებოდნენ, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ. ამ სიტყვების წარმოთქმისას ყველა მაღლა იხედებოდა.
წარმოგიდგენიათ? როცა ის, ვინც მკვლელობას საჯაროდ გაბრალებს, არაფორმალურ ვითარებაში გიდასტურებს, რომ უდანაშაულო ხარ. არგუმენტი - სხვა გზა არ აქვთ.
დღეს, 2020 წლის 26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ გამოძიებამ გამოკითხა ჩემი თანამესაკნე, კობა ჩიტიძე, რომელსაც თურმე არჩადენილი დანაშაულის შესახებ აღსარება ჩავაბარე და მოვუყევი, თუ როგორ მოხდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა.
აგრეთვე, თურმე 50 000 ლარის სანაცვლოდ კობა ჩიტაძეს შევთავაზე მის თავზე აეღო გიორგის მკვლელობა. არ მგონია ჩვენებაში მითითებული გარემოებები რომელიმე საღად მოაზროვნე ადამიანმა დაიჯეროს, თუმცა, მთელმა საზოგადოებამ მინდა გაიგოს, თუ სადამდე მიდის ამ სისტემის ფანტაზიები. ახლა ვხვდები, სისტემამ რატომ აუკრძალა საზოგადოებას საქმეში ჩახედვა. იმიტომ, რომ არ ენახა კობა ჩიტიძე, რომელიც თავისუფლების სანაცვლოდ ეშმაკთან, ანუ ჩვენს „სამართლადამცავ“ სისტემასთან დებს გარიგებას.
მინდა მივმართო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ჩემს სიკვდილით დასჯას ითხოვს არჩადენილი დანაშაულისთვის და გისურვოთ, არასოდეს აღმოჩნდეთ ამ სადამსჯელო მანქანის მძევალი. და ბოლოს, მინდა მივმართო კობა ჩიტიძეს, ტყუილებით თავისუფალი ვერასოდეს გახდები.
პატივისცემით, სისტემის მძევალი ნიკოლოზ რევაზიშვილი“, - წერს ნიკოლოზ რევაზიშვილი წერილში.
ცნობისთვის, პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.