ფინანსთა მინისტრი, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური გასული წლის სექტემბერში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
ექსმინისტრი დღეს 50 წლის გახდებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ხადურის ქალიშვილი მარიამ ხადური სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"5 საათიანი მგზავრობა სრულად საკმარისია ძველი ფოტოების და დოკუმენტების დასათვალიერებლად. წერა მიყვარს და ყოველთვის ვცდილობ თავისუფალი დროის შემთხვევაში პატარა ჩანახატები ვაკეთო. ძირითადად ნოდოსთან გატარებულ იმ უნიკალურ 14 წელზე ვწერ; მეხსიერებას ხშირად ვაწუხებ და მოგონებების სიტყვებად ქცევას ვაიძულებ. ინფორმაციის და მოგონებების დავიწყების შიში მაქვს. მეშინია ერთ დღეს გაღვიძების და იმის გაანალიზების, რომ ბევრი რამ აღარ მახსოვს. შესაბამისად ამ შიშის დამარცხების საუკეთესო გამოსავალი სწორედ ჩემი ზემოთ ხსენებული ქმედება მგონია.
მოკლედ, ვათვალიერებდი ძველ ჩანაწერებს და თითქმის დავიწყებული დოკუმენტი ვიპოვე:
“მამა სულ კითხულობდა. თავისუფალ დროს ან კითხულობდა, ანდაც შემეცნებით გადაცემებს უყურებდა და ასე “ირთობდა” თავს. უხაროდა მონაწილეებს, რომ ასწრდებდა დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემას და ანთებული თვალებით იღიმოდა ხოლმე. (*ნეტავ წამით მაინც დამანახა მისი ოდნავ ნამიანი, ანთებული და ფარული სევდით გაჟღენთილი თვალები*)
კუთვნილ შვებულებას წელიწადში ერთხელ იყენებდა, ისიც მაქსიმუმ ერთი კვირით. ამ დროის განმავლობაში, არ მახსოვს ოდესმე სამუშაო რეჟიმი მიეტოვებინა; არასდროს ისვენებდა. ერთ-ერთი ასეთი “შვებულების” დროს, საწოლზე იწვა და ჟიულ ვერნის “ყინულის სფინქსს” კითხულობდა. მე მისაღებ ოთახში ვიჯექი, როდესაც საძინებლიდან ნოდოს ჩვეული კისკისი მომესმა. გამიკვირდა, ასეთ სერიოზულ ნაწარმოებში რაზე გაეცინა-თქო და გადავწყვიტე მეკითხა. შევედი თუ არა შემომხედა და ღიმილით მითხრა: “თითქმის დავასრულე, მე კი ახლა გავიზარე, რომ ეს წიგნი წაკითხული მაქვსო.” ერთად დიდხანს ვიცინეთ.”
როგორ მწყინს ნოდოს მონატრებული კისკისის სიტყვებად ქცევას, რომ ვერ ვახერხებ.
თითქმის ცარიელი მატარებლის ვაგონი საკმაოდ ნოსტალგიურია. ბევრს ფიქრობ, სრულად უცხო ადამიანების სახეზე მათი განწყობის ამოკითხვას ცდილობ (უმეტესობას სევდიანი მზერა აქვს, ადამიანურად სევდიანი) , ფანჯარაში იყურები და აკვირდები გარშემო მიმდინარე მოვლენებს;“ა პუნქტიდან” - “ბ პუნქტამდე”. ოთხკუთხედ ფანჯარაში ნახატები ისახება, ფოტოაპარატის ფირივით. მატარებელი მიქრის, ისწრაფვის დანიშნულების პუნქტისკენ. მიუხედავად ამისა, გარეთ არაფერი იცვლება. შემდეგი მატარებელიც ამ გზას გაივლის, იმ “ნახატებს” დაინახავს ჩემს ადგილას მჯდომი მგზავრი, რასაც მე ვუყურებ; ისევ “ა პუნქტიდან” - “ბ პუნქტამდე” და კვლავ გააგრძელებს ასე სიარულს, სანამ ამის შესაძლებლობა ექნება. ბოლოს დაიღლება, დაძველდება და უკანასკნელი რეისის შესრულების შემდეგ ამაყად მიიძინებს.
ადამიანებიც მატარებლები ვართ. ვისწრაფვით დანიშნულების პუნქტისკენ და ვაკვირდებით ფანჯრებიდან “ნახატებს”... საბოლოოდ წუთისოფელში მოგზაურობა სრულდება, მიუხედავად იმისა გვინდა ეს, თუ არა (ხშირად დანიშნულების პუნქტის მიუღწევლად) და ვიძინებთ.
29 აგვისტოს ჩემი ყველაზე ტკბილი ტკივილის დაბადების დღეა.ჩემი ნოდო დღეს 50 წლის გახდებოდა" - წერს მარიამ ხადური.