ავტორი:

როსტომ ხანი და ვახტანგ V - ქართველი გამაჰმადიანებული მეფეების უმძიმესი ცხოვრება ერთ წიგნად

როსტომ ხანი და ვახტანგ V - ქართველი გამაჰმადიანებული მეფეების უმძიმესი ცხოვრება ერთ წიგნად

საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, დამპყრობელთაგან შევიწროებულ ქვეყანას გამუდმებით უწევდა არსებობისთვის ბრძოლა. ჩვენი მეფეები კი ხშირად უბრალოდ ცდილობდნენ, ცოცხლები გადარჩენილიყვნენ.

მუდმივი დაპყრობებისა და მძიმე გადასახადებისგან ძალაგამოცლილი ქვეყანა საუკუნეების მანძილზე ელოდებოდა-ხოლმე მხსნელს. ბევრი ქართველი ისე კვდებოდა, თავისუფალი საქართველოს შესახებ მხოლოდ გადმოცემით, ლეგენდებით და სიმღერებით იცოდა ცოტა რამ...

ქვეყანა რომ სისხლისგან საბოლოოდ არ დაცლილიყო, ქართველ მეფეებს ხშირად კომპრომისზე უწევდათ წასვლა. ზოგიერთი სარწმუნოებას იცვლიდა, ზოგი თანხმდებოდა წარმოუდგენლად დიდი ხარკის გადახდას, ზოგი დამპყრობლის ომებში ღვრიდა ქართველთა სისხლს, ოღონდ საქართველო აღარ აეოხრებინათ.

სწორედ ამიტომ აქვთ ისტორიკოსებს სხვადასხვანაირი შეხედულება ქართლის ბაგრატიონების დინასტიის წარმომადგენლის როსტომის, იგივე როსტომ ხანის (ხოსრო მირზა, ქაიხოსრო ბატონიშვილი - 1565-1658 წწ) შესახებ, რომელიც ირანის შაჰთან დაახლოებულ პირად მიიჩნეოდა.

როსტომ ხანი ირანში აღიზარდა. ის შაჰ-აბასმა თავისი გვარდიის სარდლად დანიშნა, შემდეგ კი ისპაანის მოურავად. ქართველებს მიაჩნდათ, რომ როსტომი იყო მეფე, რომელიც თავს ირანის ვასალად აღიარებდა, თავის მხრივ, შაჰ-აბასს კი, ქართლი ირანის პროვინციად მიაჩნდა, როსტომი - თავის მოხელედ.

მას შემდეგ, რაც როსტომ ხანი ქართლში გამეფდა, ირანსა და ქართლს შორის ურთიერთობები შედარებით „დალაგდა“. როსტომმა შაჰ-აბასის მითითებით დაიპყრო კახეთი და თავად გამეფდა. შაჰ-აბასი როსტომს მეფობას მაჰმადიანობის პირობით უნარჩუნებდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქართველმა მეფემ თავისი სამეფოს ეკონომიკურ-სოციალურ წყობილებაში ძირეული ცვლილებები არ შეიტანა. მეტიც, ის ცოლს, მარიამ დადიანს ხელს უწყობდა, ქრისტიანული ტაძრები აღედგინა. ქართლ-კახეთი ირანს ხარკს უხდიდა, თუმცა როსტომი ცდილობდა, ვაჭრობა განევითარებინა და სამეფო ეკონომიკურად გაეძლიერებინა.

უცხო ქვეყანაში აღზრდილ, გამაჰმადიანებულ ქართველ მეფეს, რომელიც ირანის შაჰის მოთხოვნებისა და ქართველთა ინტერესების დასაცავად შუაზე გახლეჩა უწევდა, არც შვილის ყოლის ბედნიერება ეღირსა. თავდაპირველად, როსტომს სურდა, მემკვიდრედ იმერთა მეფის შვილი მამუკა დაესახელებინა, თუმცა საბოლოოდ, ქართლის ხანის სიმონ II-ის ვაჟი იშვილა, რომელიც მოკლედ. შედეგად, 1653 წელს, მის მემკვიდრედ ბაგრატიონების გვერდითი შტოს - მუხრანბატონების წარმომადგენელი ვახტანგი აირჩიეს, რომელიც ისტორიაში ვახტანგ V-ის სახელით შევიდა.

ალბათ, არც არავის ჰქონდა იმედი, რომ ვახტანგ Vქრისტიან მეფედ ეკურთხებოდა და ტაძრებში წირვას დაესწრებოდა ხოლმე... მართლაც, გამეფებიდან მალევე 1654 წელს მას ირანში მაჰმადიანობა მიაღებინეს და შაჰნავაზი უწოდეს.ვახტანგ V გაღებული პიროვნული მსხვერპლის ხარჯზე ცდილობდა, ქართლ-კახეთის სამეფო გააერთიანებინა, ეკონომიკურად გაეძლიერებინა, თავადებისთვის პოლიტიკური უფლებები შეეზღუდა და ცენტრალური ხელისუფლება განემტკიცებინა, რამდენადაც ამის საშუალება მიეცემოდა. მართლაც, მთელი ეს პროცესი წინ მიიწევდა. ვახტანგმა დასავლეთ საქართველოშიც დაიწყო პოზიციების გამყარება. საბოლოოდ, როცა ვახტანგ V თითქმის მთელი საქართველოს მმართველი ხდებოდა, ისევ შიდა მტრის მეშვეობითა და ირანის ხელშეწყობით, რომელსაც მუდამ თვალი ეჭირა ქვეყნის დაქუცმაცებაზე, მას კახეთის მხარე დაუპირისპირდა. მომხდარის გამო ის ირანში დაიბარეს, თუმცა გზაში გარდაიცვალა. შედეგად, ერთიანი საქართველოს იდეა მასთან ერთად მიაბარეს მიწას და ირანმა მშვიდად განაგრძო ქვეყანაში ფესვების გადგმა...

ამ მოკლედ მოთხრობილ ისტორიებში რთულია წარმოაჩინო, რამდენად დიდი იყო ქართველი მეფეების ვნებათაღელვა, როცა სარწმუნოების დათმობა და გამაჰმადიანება უწევდათ, როცა ირანის შაჰს ყველა ბრძანებაზე თავს უკრავდნენ, როცა პარალელურად ებრძოდნენ შიდა მტერს და მუდმივ შეთქმულებებს უმკლავდებოდნენ. ამ ყველაფრის შესახებ დეტალურად არის მოთხრობილი გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ქართველი მეფეების სერიის 32-ე ტომში „როსტომ ხანი და ვახტანგ V“. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ტომეული, რომელიც ქართველი მეფეების ისტორიას მარტივი ენით, სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობითა და აკადემიურ ჩარჩოებში მოგვითხობს. 32-ე ტომის შეძენა მკითხველს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად 20 ივლისიდან შეეძლება.

ტომეულიდან მათ შესახებ ახალ დეტალებს ვიგებთ. ისტორიკოსები გვიყვებიან ყველაფერს, რაც არც სკოლაში და არც უნივერსიტეტში ჩვენთვის არავის უსწავლებია და ამ მხრივ, ეს სერია კიდევ უფრო საინტერესო ხდება.

"ლიტერატურული გაჩერება" სვანეთშია - მესტიაში გამოფენა-გაყიდვა 50%-მდე ფასდაკლებით იმართება

გამომცელობა „პალიტრა L“ -ის „ლიტერატურული გაჩერება“ გრძელდება

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი მეათე)