19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.
როგორც ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა.
"2020 წლის 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად მყოფი მოზარდების ორ ჯგუფს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში. ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი დაბრუნდა თბილისში, ანგარიშსწორების მიზნით დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა და ავტომანქანებით გაემგზავრა მცხეთაში.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ.
ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, დაედევნენ გაქცეულებს, რომლებიც მიიმალნენ მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ანგარიშსწორების მიზნით, მოძალადეებმა განაგრძეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით, ხოლო მისი მეგობარი, 2001 წელს დაბადებული გ.ა. (გუკა ამირხანაშვილი) იპოვეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შედეგად აღმოჩენილ იქნა მდინარე არაგვის კალაპოტში. ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და შესაბამისად, უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლის ,,ბ“ და ”გ“ ქვეპუნქტებით დაკავებული არიან: ს.ჩ., ს.გ. და ი.წ.;
სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ც., ლ.შ., გ.მ. და გ.ტ.;
სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკავებულია ვ.ჩ;
სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და ნ.ჟ.;
143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით კი დაკავებული არიან: ვ.მ., ა.ქ., ა.გ., ნ.რ. და ზ.ხ.
გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება. ჩვენ კვლავ აქტიურად ვთანამშრომლობთ გარდაცვლილის ოჯახთან და გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ვაწვდით ინფორმაციას" - განაცხადა ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით კი, დაკავებულებს შორის არიან: ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი, მორაგბეები - არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე, ნიკა ჟვანია, ასევე ვახო ჩიქოვანი, რომელმაც არსებული ინფორმაციით, დაურეკა მორაგბეებს და ჩხუბში დასახმარებლად მოიხმო "ნახალოვკიდან". ასევე დაკავებულები არიან - „ვიტ ჯორჯიას" 19 წლის ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, საბა ჩხარტიშვილი, თენგო ბარბაქაძე და ირაკლი მუმლაძე.