დღეს ამერიკის უსაფრთხოების სისტემა იმდენად რთული და მასიურია, რომ მისი სტრუქტურასა და ფუნქციებში ხელისუფლების ვერცერთი წარმომადგენელი ვერ გაერკვევა, - მიიჩნევს გაზეთი The Washington Post, რომელიც ამ დასკვნამდე სისტემის ორწლიანი შესწავლის შემდეგ მივიდა.
ორშაბათს გაზეთის სპეციალურმა პროექტი "ზესაიდუმლო ამერიკა" დაიწყო. გაზეთის მონაცემებით, აშშ-ის უშიშროების სისტემის "გაბერვა" 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ დაიწყო.
სპეცსამსახურებმა 9 წლის განმავლობაში თავიანთი საქმიანობა იმ დონემდე გაართულეს, რომ გამორიცხული არაა, არსებობდეს პარალელური პროგრამები და განყოფილებები, რომლებიც ერთსა და იმავე ფუნქციას ასრულებენ. რა თქმა უნდა, ამ სამუშაოებს ბიუჯეტიდან უზარმაზარი თანხები ხმარდება.
ოფიციალური მონაცემებით, 2009 წელს დაზვერვაზე გაწეულმა დანახარჯებმა 75 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 21,5-ჯერ მეტია 9 წლის წინანდელ მაჩვენებელზე. ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ამჟამად კონტრტერორისტული საქმიანობითა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის საკითხით 1271 სახელმწიფო ორგანიზაცია და 1931 კერძო კომპანიაა დაკავებული.
მაგალითისთვის, ტერორისტული ორგანიზაციების ფულად ნაკადებს აშშ-ის 51 ფედერალური ორგანიზაცია და სამხედრო უწყება უდგას კვალში. ამასთან, ზესაიდუმლო ინფორმაცია ხელმისაწვდომია 854 ათასი ადამიანისთვის. რაც მთავარია, არ არსებობს ერთი უწყება, რომელიც საერთო სამუშაოებს კოორდინაციას გაუწევს.
გამოცემა მიიჩნევს, რომ გაბერილი და მოუქნელი სტრუქტურა, აგრეთვე სისტემაში ინფორმაციის უდიდესი ნაწილის გასაიდუმლოება სპეცსამსახურებს ეფექტიან მუშაობაში ხელს უშლის.
გაზეთში ასევე საუბარია 2004 წელს ნაციონალური დაზვერვის დირექტორის კანცელარიის შექმნაზეც. მიუხედავად კარგი ჩანაფიქრისა, დროთა განმავლობაში ამ უწყების მუშაობაში მრავალი ხარვეზი გამოჩნდა. მაგალითად, ნაციონალური დაზვერვის დირექტორი თავიდანვე არ იყო აღჭურვილი იურიდიული და საფინანსო-საბიუჯეტო მკაცრად განსაზღვრული უფლებამოსილებებით.
გაზეთმა პენტაგონიც გააკრიტიკა. ამ სამხედრო უწყების ეგიდით 18 სააგენტო და სამსახური ახორციელებს საინფორმაციო ოპერაციებს, რომლებიც საზღვარგარეთულ აუდიტორიას აშშ-ის პოლიტიკასა და სამხედრო ოპერაციებზე წარმოდგენას უქმნიან.
ექსპერტთა თქმით, კიდევ უფრო დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული კიბერთავდაცვის სფეროს კოორდინირება, რისი მიზეზიც გავლენის მოსაპოვებლად გაჩაღებული უწყებათშორისი ქიშპობაა. ეს უარყოფითად იასახება სამუშაოს ხარისხსა და მის გასაიდუმლოებაზეც.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.