"თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის ხელისუფლებას მესამე ძალის სახით, წონიანი კონკურენტი ეყოლება, ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ექსპერტები ხაზარაძეს სტარტს უწონებენ და ამბობენ, რომ ახლა მთავარი გუნდია, რომლის შესახებაც ბიზნესმენი ჯერჯერობით არაფერს ამბობს.
"არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. აუცილებელია მიმდინარე პროცესებში საზოგადოების აქტიური ჩართვა და ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნევ, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები" - ნათქვამია ხაზარაძის განცხადებაში, რომელიც მისი "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა.
კულუარული ინფორმაციით, მის გვერდით შესაძლოა ვიხილოთ „ქართული ოცნების“ ყოფილი სახეები - ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი და თვით ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც კი. მისი და ხაზარაძის მეგობრობაზე დიდი ხანია საუბრობენ. უფრო მეტიც, სწორედ ანაკლიის პორტის პროექტი, რომელიც კვირიკაშვილის პრემიერობის დროს ხაზარაძემ მოიგო, ყოფილი პრემიერისა და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირების მიზეზიც გახდა.
თავად ხაზარაძეს ხელისუფლება რამდენიმე თვის წინ დაუპირისპირდა, მაშინ როცა, 14 თებერვალს, ეროვნულმა ბანკმა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს თანამდებობის დატოვებისთვის ორთვიანი ვადა მისცა.
საქმე ეხება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა. "თიბისი ბანკის" საქმეზე გამოძიება საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს. მაშინ ხაზარაძემ უკანონო ტრანზაქციები უარყო და აღნიშნა, რომ რეალურად გამოძიება მიზნად ისახავს ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებას.
უკვე მაშინ ალაპარაკდნენ ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლის შესაძლებლობაზე, რაც მაშინ ბიზნესმენმა უარყო.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ხაზარაძეს სტარტს უწონებს, თუმცა ამბობს, რომ ხაზარაძეს კარგი გუნდის გარეშე გაუჭირდება, რადგან "ივანიშვილივით ლეგენდა არაა და მარტო ვერაფრის გაკეთებას შეძლებს":
"ხაზარაძის პოლიტიკურ აქტიურობას ნამდვილად ველოდებოდი, რადგან ტრადიციულად ხელისუფლება თუ ბიზნესმენს უპირისპირდება, ბიზნესმენს ორი არჩევანი აქვს - ან პოლიტიკაში მიდის ან ემიგრაციაში. ხაზარაძემ როგორც ჩანს პოლიტიკაში შემოსვლა გადაწყვიტა. მას კარგი პროდასავლური იმიჯი აქვს, რაც შეუქმნა ხელისუფლებასთან დაპარისპირებამ, რადგან მოსახლეობამ ეს აღიქვა არა როგორც ბანკთან დაპირისპირება, არამედ ანაკლიის პორტთან, რომლის მშენებლობას რუსეთი ეწინააღმდეგება. ასე რომ, მას აქვს იმიჯი, ფინანსები და კავშირები.
სასტარტო პირობები კარგია, მაგრამ ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ ვინ იქნება მის გუნდში. როდესაც ადამიანებს პოლიტიკური საქმიანობა არ აქვთ, ეს ცუდად მთავრდება ხოლმე, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვის ვიხილავთ მის გუნდში და ამასთანავე რა ახალ პლატფორმას შესთავაზებს საზოგადოებას.
წარმოდგენა არ მაქვს ვინ შეიძლება იყო მის გვერდით, მაგრამ ხაზარაძეს სჭირდება ძალიან კარგი გუნდი. ის არ არის ივანიშვილი - ამას იმიტომ ვამბობ, რომ 2012 წელს ივანიშვილს შეეძლო მხარდაჭერა გუნდის გარეშეც მიეღო. ხაზარაძეს ბევრი სუსტი წერტილი აქვს ივანიშვილთან შედარებით. ივანიშვილმა ლეგენდა შექმნა თავისი თავისგან, ხაზარაძე კი ლეგენდა არ არის, ის არის უბრალოდ წარმატებული ბანკირი.
ამიტომ ვამბობ, მას სჭირდება გუნდის საკმაოდ ფრთხილი შერჩევა და რაც მთავარია, სჭირდება მებრძოლი პოლიტიკოსების გამოცდილება. სანამ ხაზარაძე იყო ხელისუფლებისგან დევნილი, მისაღები იყო ყველა პოლიტიკური ძალისთვის, მაგრამ, როგორც კი გახდება პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ის იქნება კონკურენციაში ყველასთან და მას ყველა დაუპირისპირდება.
კვირიკაშვილი თუ ეყოლება გუნდში, ცუდი არ იქნება, მაგრამ მარტო მისით ვერაფერს იზამს. ყოფილმა პრემიერმა შეცდომა დაუშვა, როცა დუმილს ინარჩუნებდა აქამდე და მხოლოდ ახლა დაიწყო აქტიურობა. მისი პოლიტიკური კაპიტალი მაინც და მაინც დიდი არ არის, მაგრამ არც უარყოფითი დამოკიდებულება იქნება მის მიმართ.
დრო კარგი შეარჩია, რომ სექტემბერში აფუძნებს, მაგრამ ჯობდა სექტემბერში გაეკეთებინა განცხადება ამის შესახებ. ორი თვე ძალიან ბევრი დროა იმისთვის, რომ ყველა იმ პირობამ, რომელიც ვახსენე, თავის ინტერესებიდან გამომდინარე იმუშავოს ხაზარაძის წინააღმდეგ" - უთხრა AMBEBI.GE-ს ძაბირაძემ.
ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, ხაზარაძეს შეუძლია, რომ მოსახლეობას ძალიან სწორი და კარგი ეკონომიკური ხედვა შესთავაზოს. პოლიტოლოგის თქმით, ქვეყანაში დრო და ნიშა ახლა ხაზარაძისთვის ძალიან ხელსაყრელია.
„იმას, თუ რა შანსები აქვს მამუკა ხაზარაძეს და მის სამოქალაქო მოძრაობას, დიდწილად განაპირობებს დღეს შექმნილი ფონი. ფონი არის ასეთი: ჩვენ ვცხოვრობთ რევოლუციური სცენარის პირობებში.
მეორე - იმდენად დაძაბულია სიტუაცია, რომ სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროებაც არის და მესამე - იმ ხალხს, რომელსაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში თავისი ფავორიტი არ ჰყავს, „უსაფრთხოების ქოლგა“ სჭირდება. 60%-მდეა იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც ახალ პოლიტიკურ ძალას მიესალმება. განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშის ეშინია, პოლიტიკური ძალის სახით უსაფრთხოების ქოლგა სჭირდება. ეს არის ის ხალხი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს მისცა ხმა. არა იმიტომ, რომ ზურაბიშვილი ან „ქართული ოცნება“ ეხატებათ გულზე, არამედ იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშის შეეშინდათ. ამიტომაც ამისგან თავის დასაცავად ერთადერთი პოლიტიკური ძალა ეგულებოდათ „ქართული ოცნება“.
„უსაფრთხოების ქოლგის“ როლს „ქართული ოცნება“ ვეღარ ასრულებს. ის პოლიტიკური ძალა იქნება წარმატებული, რომელიც შეძლებს, რომ საზოგადოებაში გააჩინოს მათი დამცველის იმიჯი, თუნდაც „ნაციონალური მოძრაობისგან“ და თუნდაც პოლიტიკური რყევებისგან. ხაზარაძეს ამ ნიშის შევსება შეუძლია, ამის რესურსი აქვს. მას ბრძოლას დაუწყებს ერთი მხრივ „ქართული ოცნება“ და მეორე მხრივ „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ მას შეუძლია მოსახლეობას ძალიან სწორი და კარგი ეკონომიკური ხედვა შესთავაზოს. ნიშა და დრო მისთვის ახლა ძალიან ხელსაყრელია,“ - განაცხადა ლაგაზიძემ.
ანალიტიკოს გია ხუხაშვილის აზრით, ხაზარაძე "ოცნებას" სერიოზულ თავსატეხს გაუჩენს.
"ხაზარაძე იქნება ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი. მესამე ძალაში არ იგულისხმება ერთი რომელიმე ძალა. მესამე ძალა არის ის, რაც ორ ძირითადად პოლუსის მიღმა იქნება. ხელისუფლება, რომელსაც დაკარგული აქვს ფაქტობრივად სახალხო განწყობა, ფიქრობდა, რომ რესურსების მონოპოლიზაციის გზით მოახერხებდა არა არჩევნების მოგებას, არამედ ყიდვას.
მამუკა ხაზარაძის სახით პოლიტიკურ ბაზარზე ალტერნატიული რესურსი ჩნდება და ეს ხელისუფლებისთვის სერიოზული პრობლემაა. რაც მისასალმებელია. რესურსების მონოპილია არის ყველაზე საშიში, რაც შეიძლება მოხდეს სახელმწიფოში. ხაზარაძე არღვევს ამ მონოპოლიას და ეს კარგია. მინიმუმ ეს არის და დანარჩენს გვაჩვენებს პროცესი.
არ ვიცი ვინ იქნება მის გვერდით, არავისზე ვიჭორავებ. მაგალითად, კვირიკაშვილი არ ვიცი რამდენად არის აქტივი, მე ცოტა სკეპტიკურად შევხედავდი ამას“, - განუცხადა AMBEBI.GE-ს ხუხაშვილმა.