თუკი ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება, ეს ძველ თანაგუნდელებს შორის კიდევ ერთხელ გააჩენს განცდას, რომ ჩვენ ვართ ერთნი და თანამებრძოლები ერთმანეთს არ ვკარგავთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკურ მდივნად ირაკლი ღარიბაშვილი ბრუნდება. ხუნდაძის განცხადებით, ღარიბაშვილის დაბრუნება მნიშვნელოვნად შეავსებს პარტიას.
„ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანამებრძოლი 2011-12 წლებში. მე ვფიქრობ, რომ ირაკლის დაბრუნება, თუკი ეს მოხდა, იქნება პოზიტიური და ძველ თანაგუნდელებს შორის კიდევ ერთხელ გააჩენს განცდას, რომ ჩვენ ვართ ერთნი და თანამებრძოლები ერთმანეთს არ ვკარგავთ. პარტიას ნებისმიერი წევრის გასვლა, რა თქმა უნდა, აკლდება, მაგრამ ისეთი ფიგურის, როგორიც არის ღარიბაშვილი, მისი დამსახურებიდან გამომდინარე, ეს იქნება პარტიის სერიოზული შევსება და ის გააძლიერებს პარტიულ მუშაობას. მე მაქვს პოზიტიური მოლოდინი და სიამოვნებით მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას,"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განცხადება "ფეისბუქზე" ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ გაავრცელა. მისი თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.