94 წლის მოხუცი ასწლოვანი მაგნოლიის გაყიდვაზე უარს ამბობს - "სამი მანქანით მომადგნენ, ხე მომყიდეო...მილიონი, რომ მომცენ არ გავყიდი"

94 წლის მოხუცი ასწლოვანი მაგნოლიის გაყიდვაზე უარს ამბობს - "სამი მანქანით მომადგნენ, ხე მომყიდეო...მილიონი, რომ მომცენ არ გავყიდი"

ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმნის მკვიდრი 94 წლის ოლია თოდუა საკუთარ ეზოში მრავალწლოვან მაგნოლიას იცავს. ამბობს, რომ მაგნოლია, რომელმაც 200 წელს მიაღწია, მამამისის  დარგულია და მის გაყიდვას არ აპირებს. თუმცა როგორც თვითონ აღნიშნა, მისთვის უცნობი ადამიანები ხშირად სტუმრობენ და ხის წაღების სანაცვლოდ გარკვეულ თანხას სთავაზობენ.

"სანამ ცოცხალი ვარ, ამ ეზოდან ამ ხეს ვერავინ გაიტანს, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები - ეს ხე აქედან ჩემი სიკვდილის შემდეგაც არ გავა ან მე შევაკვდები ან მე მოვკლავ ვინმეს. სამი მანქანით მომადგნენ, ხე მოგვყიდეო, ვუთხარი რომ ამ ხეს არ მოვჭრიდი, მითხრეს ჩვენც არ მოვჭრით, უბრალოდ ამოვიღებთ და გადავიტანთო, რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, მოიჭრება თუ გადაირგვება, ჩემთან მაინც არ იქნება ", -ამბობს ოლია ბებია.

ოლია ბებო 94 წლისაა და გადაადგილება უჭირს, მიუხედავად ამისა,  ფანჯარასთან დღეში რამდენჯერმე მიდის, რათა დარწმუნდეს, რომ ხე თავის ადგილზე დგას. მარტოხელა მოხუცს ყოველი სტუმარი ხის წამღები ჰგონია.

"მილიონი რომ მომცენ, ამ ხეს მაინც არ გავყიდი. არა, ფულს გამოვართმევ, გავხევ და დავუბრუნებ. ყოველი სტუმარი, რომელიც ჩემს ეზოში შემოდის, ამ ხის წამღები მგონია, ძალით მკლამენ ნერვიულობით", - თქვა მან. ხისადმი განსაკუთრებული სიყვარული მას მამისგან გამოყვა. გვიყვება, რომ მაგნოლია ამ ეზოში მამამ ჯერ კიდევ მის დაბადებამდე დარგო და მისთვის ეს ხე სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებული.

"მამა დავით დადიანთან მსახურობდა, დაოჯახება რომ გადაწყვიტა, დადიანმა მას სოფელში მიწის ნაკვეთი გამოუყო. თურმე ნაეკლესიარი ყოფილა და აქ მიცვალებულების სამარხებია, სწორედ ამას ვუკავშირებ აქ მაგნოლიის დარგვას. სულ პატარა ნერგი მოუტანია მამას სოფელ რუხიდან, არ ვიცი ვინ მისცა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მას უმიზეზოდ არ დარგავდა ",- თქვა ოლია თოდუამ.

ას წელს მიღწეული მოხუცი ამბობს, რომ მაგნოლიას ფესვები მთელ ეზოში აქვს გადგმული და მისი დაზიანება არ შეიძლება.

"ამ ხეს ვუვლიდი, ტოტებსაც კი არ ვაჭრიდი. ეზოში დაყრილ ფოთლებს სათითაოდ ვაგროვებდი. მისი ფესვები თითქმის მთელს ეზოშია გადგმული. სახლიც კი არ ავაშენე, საძირკველი რომ გამეკეთებინა, ფესვებს საფრთხეს შევუქმნიდი. ამის აქედან გატანით, მამას როგორ ვაწყენინებ",- თქვა მოხუცმა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ხის წაღება საქართველოს ყოფილ პრემიერ- მინისტრს ბიძინა ივანიშვილს სურს.

თათია როგავა

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი