ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა და ქობულეთში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დატბორა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქობულეთის გამგეობაში განუცხადეს.
აღნიშნულის გამო წუხელ, გარკვეული დროის განმავლობაში ქობულეთში გადაადგილება შეზღუდული იყო რკინიგზის სადგურისა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე გელაურის დასახლებაში, ჯავახიშვილის, რუსთაველისა და გურამიშვილის ქუჩებზეც.
საგანგებო რეჟიმში მუშაობდა სტიქიის შტაბი, მობილიზებული იყო მობილური ჯგუფები და ინტენსიურად იწმინდებოდა სანიაღვრე სისტემები, რასაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე პირადად ხელმძღვანელობდა.
გამგეობაში ამბობენ, რომ უხვი ნალექის შედეგად პრობლემები შეიქმნა მუნიციპალიტეტის სოფლებში, დაიმეწყრა შიდა სასოფლო გზები და საცხოვრებელი სახლები. დაზარალებულების მდგომარეობას სტიქიის შემსწავლელი კომისია განიხილავს.