"კარგად იყიდება ჰიბრიდები. ამას სახელმწიფოც ხელს უწყობს - განბაჟების საფასური განახევრებულია"
- "რომელწლიანია? რამდენად გაყიდით?" - რუსთავის ავტობაზრობაზე შესვლისთანავე ამ კითხვით შემაჩერა ახალგაზრდა კაცმა. მანქანას არ ვყიდდი, თუმცა ეს კითხვა საბაბი აღმოჩნდა დიალოგის გასაბმელად. რა ხდება დღეს ქართულ ავტობაზარზე, რომელი ქვეყნიდან შემოტანილი ავტომანქანები იყიდება ყველაზე ხშირად, ვინ არიან მყიდველები... კითხვა ბევრია, თუმცა, მყიდველის რაოდენობას თუ დავაკვირდებით (მიუხედავად იმისა, რომ შაბათია), ვარაუდის გარეშე გეტყვით - მოვაჭრეებს მათთან სალაპარაკოდ ბევრი დრო აქვთ. მყიდველის მოლოდინში გვარიანად გარუჯულები, მორიგეობით ეფარებიან ქოლგებს და იმედის თვალით უყურებენ ყოველ გამვლელს, - იქნებ დღეს მაინც არ დაბრუნდნენ შინ ხელცარიელები.
ჩემი ავტომანქანით დაინტერესებული მამაკაცი მანქანების რეალიზატორი აღმოჩნდა. ამერიკულმა მანქანებმა იაპონური ჩაანაცვლა, - მეუბნება შეწუხებული, - ცხრა წელია, ამ საქმიანობას ვეწევი. ეს ბიზნესი დაახლოებით 6 წლის წინ უფრო მომგებიანი იყო. შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანელი მყიდველები ამუშავებდნენ ამ ბაზარს, მაგრამ, მას შემდეგ, რაც იქ ევრო-4 სტანდარტზე გადავიდნენ, მანქანის ჩამოყვანას აზრი აღარ აქვს. თუ ჩამოიყვან, 2010 წელს ზემოთ გამოშვებული უნდა იყოს, გარანტია რომ გქონდეს დროულად რეალიზაციისა, მაგრამ ეს იმხელა სახსრებს მოითხოვს, არ ღირს, მოგებასაც ვერ ნახავ. ამიტომ უმრავლესობას მანქანა აღარ ჩამოჰყავს, აქ იძენენ, გაალამაზებენ პატარძალივით, განბაჟება იმას არ უნდა და ცოტა რაღაც გრჩება.
სანამ ბაზრის ცენტრს მივაღწევდი, რამდენჯერმე მკითხეს - ყიდი? ფერი არაა გასავლიანი, მაგრამ თუ კარგ ფასში მომცემ, გავრისკავდი და ავიღებდი. გასავლიანი ფერები თეთრი, შავი და ვერცხლისფერი ყოფილა.
მანქანას სადგომზე ვაჩერებ. ჭაღარათმიან გამყიდველს გამოვესაუბრე: "დაახლოებით 7-8 ათასი დოლარის ღირებულების მანქანები იყიდება, უფრო ძვირიანები - თითო-ოროლა. ისე გაფუჭდა სიტუაცია, რომ სხვა საქმეს მოვეკიდებოდი, მაგრამ ჩემი ხნისას აღარავინ მამუშავებს. ამერიკიდან შვილი მიგზავნის მანქანებს, რაც ჩემს მდგომარეობას ბევრად ამარტივებს..."
მეზობლად კიდევ ერთი მოვაჭრე მანქანის საბარგულში იქექება და თან მე მესაუბრება:
- ამერიკიდან იაფად ჩამომაქვს დამტვრეული მანქანა, მერე ვალამაზებ და ვყიდი.
იაპონური მანქანებით თითქმის აღარავინ ვაჭრობს. რატომ გადაიხდი, 2005-წლიანი NISSAN MARCH-ის განბაჟებაში 3600 დოლარს, როცა 2500 დოლარად შეგიძლია ამერიკიდან ჩამოყვანილი განბაჟებული მანქანა შეიძინო?! ამ ეტაპზე უფრო ამერიკიდან ჩამოყვანილი 2013-14 წელს გამოშვებული ჭოლსვაგენ ჯეტა და ჭოლსვაგენ პასატ-ი იყიდება.