თუკი აღნიშნულ პერიოდში დადგმულ ქართულ ფილმებს საქართველოს უახლესი წარსულის უმნიშვნელოვანი მოვლენების კონტექსტში განვიხილავთ, შევამჩნევთ, რომ ახალგაზრდა და საშუალო თაობის ქართველი კინემატოგრაფისტები გარკვეულ ინტერესს იჩენდნენ იმ თემების მიმართ, რომლებმაც ღრმა კვალი დატოვეს ერის ცნობიერებაში. მაგალითად, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ მხოლოდ რამდენიმე მოკლემეტრაჟიან ფილმში ჰპოვა ასახვა. ეს ფილმებია: ლევან კიტიას ინტელექტუალური, გარკვეულწილად ექსპერიმენტული ფილმი "გზაჯვარედინი" (1991 წ.), ლევან ადამიას ირონიული "კომენდანტის საათი" (2006 წ.) და თორნიკე ბზიავას ექსპრესიული დრამა "აპრილის სუსხი" (2009 წ.). ამ ფილმების ავტორებს არ დაუსახავთ მიზნად სრულად გადმოეცათ იმ დღეების პათოსი, რომლებმაც, ფაქტობრივად, სათავე დაუდეს საქართველოს უახლეს ისტორიას. მათ თავიანთი პირადი, საკმაოდ დისტანცირებული დამოკიდებულება გამოხატეს ამ მოვლენის მიმართ. მიუხედავად "გზაჯვარედინის" და " აპრილის სუსხის" უდავო მხატვრული ღირსებისა და საფესტივალო წარმატებისა, ამ ფილმებს არ მიუპყრია ფართო საზოგადოებრივი ყურადღება. ეს, ალბათ, უნდა აიხსნას, როგორც ამ ფილმების მოკლე მეტრაჟით, აგრეთვე იმ გარემოებით, რომ 9 აპრილის თემა ავტორებისათვის, ძირითადად, აღმოჩნდა მხატვრული ინსპირაციის წყარო, რომელმაც მათ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ამსახველი დრამატული რეალიების ეკრანული ვარიაციის შექმნის შესაძლებლობა მისცა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოთეატრების ეკრანებზე ჩვენება კომერციული თვალსაზრისით მომგებიანი არ არის, და ამდენად, მასობრივ მაყურებელს არ ეძლევა მათი ნახვის საშუალება. ნებისმიერ შემთხვევაში, 9 აპრილი, როგორც ქვეყნისათვის ტრაგიკული, და ამდენად, საეტაპო მოვლენა, ნამდვილად იმსახურებს უფრო ღრმა და სერიოზული კინემატოგრაფიული ასახვის პატივს.