სკანდალი ცხინვალის "უდიპლომო" პრეზიდენტის" გარშემო

სკანდალი ცხინვალის "უდიპლომო" პრეზიდენტის" გარშემო

ცხინვალის რეგიონში, ე.წ. ხელმძღვანელობის ცვლილებების შემდეგ დაწყებული დაკავებების სერია გრძელდება. ამჯერად, ოსი საზოგადო მოღვაწე ნარ გაბარაევი დააკავეს, რომელსაც "პროკურატურა" "პრეზიდენტის" წინააღმდეგ ცრუ ბრალდებაში ადანაშაულებს. თავად გაბარაევი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ საქმე ყალბი ბრალდებით აღძრეს...

ეს ისტორია, 2014 წელს დაიწყო. ე.წ "საპარლამენტო არჩევნების" შემდეგ, ნარ გაბარაევმა გადაწყვიტა, ანატოლი ბიბილოვის უმაღლესი განათლების შესახებ არსებული ინფორმაცია შეემოწმებინა. ერთ-ერთი ვერსიით, მას უმაღლესი განათლება საერთოდ არ მიუღია. ცნობისთვის, ცხინვალის რეგიონის ლიდერმა თბილისში, გენერალ ლესელიძის-სახელობის სპეციალიზირებული სკოლა-ინტერნატი დაამთავრა... ხოლო მის უმაღლეს განათლებაზე, როგორც გაბაევი ამბობდა, არსად არაფერია ცნობილი.

ასევე წაიკითხეთ: ვინ არის ანატოლი ბიბილოვი და რა აკავშირებს თბილისთან ცხინვალის მომავალ დე ფაქტო პრეზიდენტს

მართალია, ოსური პრესა ამის შესახებ არაფერს წერს, თუმცა, ბიბილოვის უმაღლესი განათლების შესახებ მის დოსიეში არაფერია ნათქვამი, - თბილისში სკოლა-ინტერნატის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა რიაზანის სასწავლებელში განაგრძო. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კი ფსკოვის 76-ე საჰაერო დესანტის დივიზიაში გაამწესეს, რომლის ეგიდითაც 90-იან წლებში, ცხინვალში "სამშვიდობო ოპერაციის" ფარგლებში დააბრუნეს. იქიდან კი ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებში აღმოჩნდა...

"სამხედრო წარსულის შესახებ ვიცით, მაგრამ სად არის დიპლომი? - კითხულობს გაბარაევი, რომელმაც ბურუსით მოცული საიდუმლოსთვის ნათელის მოფენის მარტივი გზა აირჩია და ბიბლოვს ოსური ტელევიზიის ეთერში პირდაპირი უთხრა, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი ეჩვენებინა. ბიბილოვმა მისი თხოვნა უგულებელყო, თუმცა, გაბარაევმა ამ საქმის ძიება პრინციპულად განაგრძო და ბოლოს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მოგვიანებით, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

"მას შემდეგ, რაც გენერალურ პროკურორად ჯაგაევი დანიშნეს, რომელიც ცინვალში სოჭიდან ჩამოვიდა, შეიძლება ითქვას, რომ ჩემზე და ჩემს ძმაზე "ჩაიციკლა"... - ამბობს ნარი გაბარაევის და, ნელი გაბარაევი, რომელიც აღნიშნავს, რომ მუდმივ, უსაფუძვლო ჩხრეკებს შეეჩვივნენ.

"ერთ დღესაც, ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თავიდან მეგონა, რომ ეს აბსურდული გაუგებრობა იყო, შემდეგ "გაირკვა", რომ "საბრძოლო მასალებს ვინახავდი სახლში". საქმე მართლაც ისეთი არასერიოზული იყო, რომ მალე თავადაც დაიბნენ და დახურეს. თუმცა, მითხრეს, რომ თურმე მადლობა უნდა გადამეხადა..."

თუმცა, მისივე თქმით, მისი ძმის წინააღდეგ საქმე არ დახურულა. "არადა, ყველა ადამიანს აქვს უფლება საჯარო პირის შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვოს. თუმცა ჩემი ძმის თხოვნა, პრეზიდენტის დიპლომის შესახებ სისხლის სამართლით დასჯადი აღმოჩნდა. ჩვენ მათი გადაწყვეტილება სამართლებრივად გავაპროტესტეთ..."- წერს ნელი გაბარაევი.

თავის მხრივ, ბიბილოვის მხარეც ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მან არაერთხელ მიმართა გაბარაევს, ოფიციალურად გამოეთხოვა საბუთები და ის მისთვის საინტერესო ინფორმაციაზე პასუხს აუცილებლად მიიღებდა. თუმცა, მას მხოლოდ სკანდალის ატეხვა სურდა...

გაბარაევის თქმით, ის არაერთხელ დაიბარეს "სასამართლოში", თუმცა, მოთხოვნის მიუხედავად, ადვოკატიც არ დაუნიშნეს. "მითხრეს, გყავთ ადვოკატი და რას აპროტესტებთო, მაგრამ ვერსად ვიპოვე... ვუთხარი, ხვალ მოვალ პროცესზე და ადვოკატიც დამახვედრეთ-მეთქი. როგორც კი სახლში წამოვედი, ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და ძებნა გამოაცხადეს... სახლში მოსულს, მეზობლებმა დამახვედრეს ამბავი, რომ სამართალდამცავები იყვნენ და გიკითხესო... ვითარების გასარკვევად, მაშინვე მივბრუნდი საქალაქო სასამართლოში, სადაც მანქანაში ჩამსვეს და პროკურატურაში გამაქანეს. იქ განსაკუთრებული არაფერი უთქვამთ, მხოლოდ ის მითხრეს, პრეზიდენტზე ზეწოლა კარგს არაფერს მოგიტანსო და იქიდან ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით გამომიშვეს..." - წერს გაბარაევი...

ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოქმედი უფლებადამცველი ფატიმა მარგიევა აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამართალდამცველები ასე იქცევიან. "აქ ყველა ერთმანეთს იცნობს და თუ ის სახელმწიფო სტრუქტურებმა მიზანში ამოიღეს, მისი დაცვა ძნელია. ერთადერთი გამოსავალია, თავშესაფრის თხოვნით, მიმართო რუსეთის საელჩოს, თუმცა, თუ საქმე რუსეთის მოქალაქეს არ ეხება, რუსი დიპლომატები შიდა სიტუაციაში ჩარევას არ ჩქარობენ და ამ შემთხვევაში, გამოსავალი არც ორმაგი მოქალაქეობაა.

"არადა, რუსეთის კონსტიტუციაში წერია, რომ ფედერაცია რუსეთის იმ მოქალაქეზეც ზრუნავს, რომელსაც სამხრეთ ოსეთის პასპორტიც აქვს, თუმცა, რატომღაც ჩვენ, აქაურები, ვისაც რუსეთის მოქალაქეობა გვაქვს, მაინც მეორეხარისხოვანები ვართ... შს სამინისტროსა და პროკურატურაში არსებობს რუსეთის წარმომადგენელი, რომელსაც ასეთი საკითხების მოგვარება ევალება, მაგრამ ის ჩვენთვის, უბრალო ადამიანებისთვის მიუწვდომელია. თუმცა, ის მაინც არსებობს.."- წერს ფატიმა მარგიევა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე