"იმდენი მტანჯეს, 4 წელი, 140 პროცესი..." - რას წერდა სასამართლო პროცესამდე რუსუდან კერვალიშვილი ეკა ხერხეულიძეს

"იმდენი მტანჯეს, 4 წელი, 140 პროცესი..." - რას წერდა სასამართლო პროცესამდე რუსუდან კერვალიშვილი ეკა ხერხეულიძეს

"ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს. კერვალიშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 4 წლით პატიმრობა შეუფარდა. ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი "ცენტრ პოინტის" კიდევ ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი, რომელსაც ასევე თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიესაჯა.

მეგობრის დაკავებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ეკა ხერხეულიძე. როგორც ის წერს, მასა და კერვალიშვილს შორის, სასამართლო პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე მიმოწერა შედგა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ რუსუდან კერვალიშვილი სასამართლოს ამგვარ გადაწყვეტილებას ელოდა და დაპატიმრებისთვის მზად იყო:

"ზუსტად იცოდა, რომ დღეს დააპატიმრებდნენ. ბარგით მივიდა სასამართლოზე. სიტყვები არ მყოფნიდა, მისი ხმის გაგონებაზე, თავს ვერ ვიკავებ და მეტირება. ესეც ჩემი და რუსოს დღევანდელი მიმოწერა", - წერს ეკა ხერხეულიძე "ფეისბუქზე" და მიმოწერის ფოტოს ასაჯაროვებს.

მიმოწერაში კერვალიშვილი ხერხეულიძეს წერს: "ეკა, იმდენი მტანჯეს, 4 წელი, 140 პროცესი... ყველაფერი მაინც კარგად იქნება! სიცოცხლე მხოლოდ ღირებულებებია, დანარჩენი გაძლება"

სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე, "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით ჰქონდათ წარდგენილი. გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

ბრალდებულებს თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა მოგვიანებით ბრალდებულებს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს თავდებში პარლამენტის რამდენიმე წევრი ჩაუდგა, რის შემდეგაც საქმეზე ბრალდებულებისთვის შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეიცვალა.

მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის შეფარდებული 150-150 ათას ლარიანი გირაო უძრავი ქონებით იყო უზრუნველყოფილი, რომელიც სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, გირაოს პირობების დარღვევის გამო ჩამოართვა და სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართა.

წაიკითხეთ:

კერვალიშვილისა და რჩეულიშვილის საქმეზე სასამართლოს განაჩენს "ფეისბუქში" ეხმაურებიან

ხმაური სასამართლოში და ატირებული ლელა კილაძე - რა ხდებოდა რჩეულიშვილი-კერვალიშვილისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ

"იმისთვის, რომ 29 ათასი დოლარი მეშოვა და ამათთვის შემეწირა, 6 წელი გადასახლებაში ვიცხოვრე" - "ცენტრ-პოინტის" დაზარალებულებს განაჩენი არ აკმაყოფილებთ