სოფელ ყიზილაჯლოში დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
"დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა. საარჩევნო ყუთის გატაცება თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, თავი შეიკავოს აგრესიული ქმედებებისგან. ყველა იმ აქტივისტის მიმართ, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე 48-ე უბანზე უცნობი პირები არჩევნების გაყალბებას ცდილობდნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ჩამსხვრეულია იმ შენობის მინები, რომელშიც აღნიშნული უბანია განთავსებული.
მომხდარში "ნაციონალური მოძრაობა" - "ქართულ ოცნებას", "ქართული ოცნება" კი "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს.