იმის მიუხედავად, რომ პარლამენტარის მოვალეობაში სოფლებსა და ქალაქებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება არ შედის, მაინც ამ პრობლემების მოგვარებას ელისსამცხე-ჯავახეთის ამომრჩეველთა დიდი ნაწილი მაჟორიტარებისგან. ნაწილი კი ამბობს, რომ დიდი ხანია არავის დაპირების აღარ სჯერა. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ მაჟორიტარი გზას თუ ვერ დააგებს, სამაგიეროდ შეუძლია სხდომებზე მისი საარჩევნო ოლქის პრობლემები წამოწიოს და მათ ამით მაინც დაეხმაროს.
ადგილობრივების პრობლემებსა და მოლოდინებს "სამხრეთის კარიბჭე" გაეცნო.
ბორჯომი
ბორჯომში, სოფელ დვირში მცხოვრები ვალია ხუციშვილი ამბობს, რომ მათი სოფლის მთავარი პრობლემა გაზიფიცირებაა, გარდა ამისა, სოფელში არც საბავშვო ბაღი აქვთ. გარე განათების გაკეთება სურს ამავე სოფელში მცხოვრებ ქეთინო ხუციშვილს.
"მაინტერესებს ხალხს ეშველება თუ არა, შიმშილის ზღვარზეა. გვინდა ისეთმა გაიმარჯვოს, ვინც საქმის გამკეთებელია. უმუშევრობა უნდა მოგვიგვაროს. მატრო მე ვმუშაობ ოჯახიდან, ცხრა ვართ სახლში", - ამბობს ბორჯომში, სოფელ ტაძრისში მცხოვრები მანანა გოგოლაძე.
"ყველა ოჯახში გაჭირებაა, ისეთი დეპუტატი გვინდა, რომ ყველა ოჯახიდან წაიღოს პრობლემა და მოახსენოს ხელისუფლებას", - აღნიშნავს ამავე სოფლის მცხოვრები ნოდარ შაყულაშვილი.
უმუშევრობის პრობლემაზე წუხს ასევე ტაძრისში მცხოვრები კობა მეტრეველი: "ქვეყანა რომ ძლიერი იყოს, ოჯახები უნდა იყოს ძლიერი. გაღარიბდა ხალხი, მასობრივი უმუშევრობაა, ვისურვებდი, მომავალმა დეპუტატმა იზრუნოს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად".
დამეწყრილ დგვარში მცხოვრებლებისთვის ყველაზე მთავარი უსაფრთხოდ ცხოვრებაა.
"გასახლებაზე იყო საუბარი და აღარაფერს ამბობენ, როდის მოგვხედავენ?! ცემენტი და სამშენებლო მასალები მაინც მოგვცენ", - ამბობს ბორჯომში, სოფელ დგვარში მცხოვრები მაია თაბუკაშვილი.
"ხალხისკენ რომ მოიხედონ, შეიძლება?! კაბინეტებში რომ ჯდებიან და მერე არავინ აღარ ახსოვთ. ჩვენნაირი დაბალი ფენა უკიდურეს მდგომარეობაში ვართ, მოგვხედონ", - კატეგორიულია ყვიბისში მცხოვრები ციალა გელაშვილი.
ამავე სოფელში მცხოვრები ვლადიმერ გელაშვილი კი პირველ რიგში ქვეყანაში ითხოვს უსაფრთხოებას: "პრობლემებს რა გამოლევს, მაგრამ სტაბილურობა მინდა ქვეყანაში. კრიმინალმა მოიმატა, მაღაზია გამიტეხეს. ასეთი რაღაცეები არ უნდა ხდებოდეს".
შიდა გზების მოწესრიგება სურს ბორჯომში, სოფელ რველში მცხოვრებ ნანა კობერიძეს. ზანავის მკვიდრი ჯუმბერ რაზმაძე კი ფიქრობს, რომ რაიმე პრობლემის გაჟღერებას აზრი არ აქვს: "ერთი პარტია რომ იყოს, არ შეიძლება?! ჭამენ ერთმანეთს და დაპირებებია მხოლოდ".
ასპინძა
"სოფელში გზები საერთოდ არ არის, სახლებამდე რომ მივაღწიოთ", - ამბობს ასპინძაში, სოფელ ხიზაბავრაში მცხოვრები მერი მაზმიშვილი.
ამომრჩევლის პრობლემები და მოლოდინი ტყემდე მისასვლელი გზის მოწესრიგება და სპორტული მოედანი სურთ ასპინძის სოფელ ტოლოშში: "გზა არა გვაქვს, შეშა რომ მოვიტანოთ".
"სოფელში ბევრი ახალგაზრდა ვართ და ერთი სტადიონი არ გვაქვს. ახალგაზრდების გასართობ საშუალებებზეც თუ იზრუნებენ, კარგი იქნება", - ამბობს შალვა მელიქიძე.
ასპინძაში, სოფელ ხიზაბავრაში, ინტერნეტს ითხოვენ. ხერთვისში კი გზების მოწესრიგება სურთ.
"სოფელს ბევრი ტურისტი სტუმრობს და ვფიქრობ ეს სერვისი აუცილებელია", – ამბობს გული ჭიკაიძე, ხიზაბავრიდან.