გივი ბერიძე, გუნდთან ერთად, "სტარტაპ საქართველოს" მაღალტექნოლოგიური ბიზნეს-იდეების ერთ-ერთი გამარჯვებულია.
გუნდის იდეა კი ეგრეთ წოდებული გეიმერებისთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება.
როგორც პროექტის თანადამფუძნებელი გივი ბერიძე "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას ამბობს, აღნიშნული პროექტით მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, თამაში რეალურად შეიგრძნოს.
"პროექტი რეალური ლაზერული თამაშებია. ეს არის ჟილეტი, რომელიც მთლიანად სენსორებითაა დაფარული. ლაზერული სხივის მოხვედრის შემთხვევაში, სენსორის უკან მყოფი ვიბრაციის ძრავი ამოქმედდება და ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ტყვია მართლა მოგხვდა. სწორედ ეს ხდის თამაშს რეალურს", - ამბობს გივი ბერიძე.
თამაშიც რეალური ადამიანებით მიმდინარეობს, რომლებიც სწორედ ამ ჟილეტებით არიან აღჭურვილი. მოთამაშეს ტყვიის მოხვედრის შეგრძნება ჟილეტის ზუსტად იმ წერტილში ექნება, რომელშიც მეტოქე მოთამაშე ტყვიას მოარტყამს.