არსებული ინფორმაციით, ვაკეში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს მოკლული პირი სოსო ჯოხაძეა, რომლის სახელიც არაერთ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეში ფიგურირებს. იგი ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის გიორგი ჯოხაძის ძმაა.
ჯოხაძეზე შეიარაღებული თავდასხმა დაახლოებით 15:20 საათზე ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. ცეცხლი მას და კიდევ ერთ ახალგაზრდა მამაკაცს გაუხსნეს. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ.
სოსო ჯოხაძის სახელი რამდენიმე წლის წინ საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის სახელს დაუკავშირდა. 2013 წელს "თავისუფალმა ზონამ" გაავრცელა ფოტოები, რომელზეც წულუკიანი ჯოხაძესთან ერთად არის გადაღებული. მაშინ გავრცელებულ ფოტოებზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კანდელაკმა გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ სოსო ჯოხაძის სახელს გასულ წლებში არაერთი გახმაურებული დანაშაული უკავშირდებოდა, მათ შორის 2001 წელს სასტუმრო "საქართველოსთან" მომხდარი კრიმინალური გარჩევა, რომლის დროსაც ორმხრივი სროლისას სამი ახალგაზრდა დაიჭრა.
კანდელაკის ინფორმაციითვე, ჯოხაძე 2006 წელს, "ციხის ბუნტის" დროს ის იყო ე.წ. კრიტის ე.წ. მაყურებელი და "ციხის ბუნტის" ერთ-ერთი ორგანიზატორი.
მოგვიანებით, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ის კრიმინალებთან არ მეგობრობს და ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ეს ფოტო არის ამოჭრილი დიდი ფოტოდან, სადაც ჩვენი მონაზონის სულიერი შვილები ვიყავით ჩაის დასალევად შეკრებილი. მე დღესაც "ვიძიებ", თუ საიდან მოხვდა ეს დაჭრილი ფოტო იქ, სადაც მოხვდა, და ამაზე ცალკე გადაცემა იქნება, ალბათ, საჭირო", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ძმები ჯოხაძეების სახელი 2005 წელს ვაკის საცურაო აუზთან მომხდარ ტრაგედიაშიც ფიგურირებს. გავრცელებული ინფორმაციით, პლეხანოველ და საბურთალოს "საძმოებს" შორის დაპირისპირებას ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა - დავით ზირაქიშვილი და ნათია მთავრიშვილი ვაკის საცურაო აუზთან საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. 2005 წელს სამართალდამცველები ამბობდნენ, რომ მკვლელობა ჯოხაძეებზე შურისძიების მიზნით მოხდა.
რაც შეეხება სოსო ჯოხაძის ძმას, ის ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი გიორგი ჯოხაძეა, რომელიც ოთხჯერაა ნასამართლევი. ის შსს-მ 2013 წლის 13 აგვისტოს დააკავა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. შსს-ს ცნობით, დაკავებისას მან პოლიციელებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით და 8 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, მისი კუთვნილი "აუდის" მარკის ავტომანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღი "ზიგზაუერი", 3 მჭიდი და 42 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.