"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაჭრეს, თანაგუნდელებთან საუბრისას მომხდარის დეტალებს იხსენებს. პეტრიაშვილმა თავდასხმის შესახებ ნინო გოგუაძესთან და ირაკლი ალასანიასთან საავადმყოფოში ისაუბრა.
როგორც გოგუაძე ამბობს, პეტრიაშვილის თქმით, ორივე თავდამსხმელი მისთვის უცნობი ადამიანი იყო.
"როგორც ვიცი ბუკა მოვიდა სასაფლაოზე. მას დახვდა სამი მეგობარი. ერთი იყო კახა საკანდელიძე, მეორე ზურაბ ლომაშვილი და მესამეს გვარი აღარ მახსოვს. ისინი ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ. ბუკას ლევანის საფლავზე ამოსვლა მარტო უყვარს ხოლმე... ბუკა ჰყვება, სანთელი დავანთე და ამ დროს დავინახე, რომ უკნიდან ორი ადამიანი სწრაფი ნაბიჯით მოემართებოდა საფლავისკენო. ისიც კი გავიფიქრე, გზის გადასაჭრელად რაღა ეს საფლავი აირჩიესო. მოვბრუნდი და გავაგრძელე ლაპარაკი კახასთანო", - იხსენებს ნინო გოგუაძე პეტრიაშილის მონაყოლს.
ტელეკომპანია "იმედმა" პეტრიაშვილის თანაგუნდელების მონაყოლზე დაყრდნობით თავდასხმის სცენის აღდგენა სცადა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:
მას შემდეგ რაც პოლიტიკოსი მეგობრისკენ შებრუნდა, მას უკნიდან უცნობი პირი მიეპარა და ჩაქუჩი ჩაარტყა. პეტრიაშვილმა თავდამსხმელს ჩაქუჩიანი ხელი დაუჭირა. თავდამსხმელმა ჩაქუჩი მეორე ხელში გადაიტანა და მსხვერპლს ის უკვე საფეთქელთან ახლოს ჩაარტყა. პეტრიაშვილის მეგობრებს კი სასაფლაოზე მყოფი მეორე უცობი ადამიანი ბეისბოლის ჯოხით და იარაღით ემუქრებოდა. ამის შემდეგ მოხდა რამდენიმე გასროლა პოლიტიკოსის მისამართით. რამდენიმე გასროლის შემდეგ პეტრიაშვილს კახა საკანდელიძე გადაეფარა, თუმცა თავდამსხმელები მასაც სროლით დაემუქრნენ და პეტრიაშვილის ცემა განაგრძეს. გაქცევა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ერთ-ერთი სახლის აივნიდან ქალის ყვირილი გაისმა, რომელიც ამბობდა, რომ პატრულში ჰქონდა დარეკილი და პოლიცია ადგილზე მალე მივიდოდა.
"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი რამდენიმე დღის წინ დაჭრეს.
ასევე იხილეთ: რა მოხდა ხუთი თვის შემდეგ?! - ვის ასახელებენ შემკვეთად პეტრიაშვილის ახლობლები?!