ცოტა ხნის წინ Youtube-ზე ქართველი კინორეჟისორის, ერმალო მაღრაძის მიმართვა გავრცელდა. მიმართვაში ის საკუთარი ფილმის გაყიდვის მეთოდებზე საუბრობს, რომელიც ასეთია: მაყურებელმა უნდა გადარიცხოს 7 ლარი სპეციალურ ანგარიშზე, რომელიც ბატონმა ერმალომ ერთ-ერთ ბანკში გახსნა, 20 დღის შემდეგ კი რეჟისორი თბილისში ჩამოვა და შეარჩევს ადგილს, სადაც გაანაღდებს გაყიდულ ფილმს, რომელიც ყოველგვარი შეფუთვის გარეშე, სტანდარტულ CD-ზე იქნება ჩაწერილი. რატომ გადაწყვიტა მან გაყიდვის ასეთი ფორმისთვის მიემართა და რა სურპრიზებს უმზადებს გულშემატკივარს მომავალში, ამაზე რეჟისორი AMBEBI.GE-სთან საუბრობს.
- გაგონილი გექნებათ რეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლა, ჰოდა, 1980 წელს მოსკოვში ჩამოიტანა ფილმი "აპოკალიფსის დღე". მაშინ მეც მოსკოვში ვიყავი და კინოს სახლში დავესწარი ჩვენებას. სხვათა შორის, ეს ფილმი ჯერ ამერიკაში არ ჰქონდათ ნაჩვენები და მალევე მთელ საბჭოეთში გავრცელდა ეს კინო, ანუ კოპოლას მოპარეს. ჰოდა, თუ იმას მოპარეს, მეც ხომ მომპარავდნენ?! ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება. გამოვაცხადე ანგარიშის ნომერი, მერე ჩამოვალ თბილისში (დავჯდები სადმე, ან კინოს სახლში ან სხვა ადგილას) და ვინც გადმორიცხვის ქვითარს მოიტანს, მას მივცემ ჩემ დისკს. იმედია ბევრი შეკვეთა იქნება, დავამზადებ უმაღლესი ხარისხის დისკებს და მივცემ ამ შემკვეთებს, დისკები არ იქნება გაფორმებული, მაგრამ ყველა მყიდველს გავუკეთებ ავტოგრაფს და ყველა ერთად პატარა დღესასწაულს მოვიწყობთ.
- ფესტივალებზე თუ გაგაქვთ თქვენი ფილმები?
- ჩემი კარგო, მე არა მაქვს დრო, ზესტაფონს ვერ ვცილდები, თორემ აუცილებლად გავიტანდი ბევრ ფესტივალზე. აი, დისკების გაყიდვის მერე, თუ ვინმე მომეხმარება და სადმე გამატანინებს ამ ფილმს, ჩემი თავი ენაცვალოს.
- შემოსავალი თუ მოაქვს თქვენს ფილმებს?
- პირველ ფილმს "შვეციის პრინცი იმერეთიდან", რომელიც 1995 წელს გადავიღე, ჰქონდა მოგება, მაგრამ ესეც ჩემი დამსახურებით. მე გავაკეთე ისეთი რამ, რაც არავის გაუკეთებია საქართველოში. წარმოიდგინეთ, 1995 წელს, როცა არსად იყო დენი, ჩემი მანქანით დამქონდა ეს ფილმი მთელ საქართველოში. ხაშურიდან დავიწყე და მოვიარე თითქმის ყველა ქალაქი. მერე იქ კინოდარბაზებს ვასუფთავებდი, ვშოულობდი გენერატორს და ვაწყობდი ჩვენებას. ასე ვიშოვე 5 000 $, დანარჩენი არცერთი ფილმიდან კაპიკი არ მიშოვია.
- მაშინ რატომ იღებთ ფილმებს?
- ოო, თქვენ ძალიან არასწორად უდგებით ამ საკითხს. მე კინოთი ვარ დაავადებული, კინო ჩემი სიყვარულია. ბოლო ფილმი - "აპოკალიფსი არ იქნება" რომ გადავიღე, მისი პრემიერის მერე ორმა ქალმა დამირეკა და მითხრა: ბატონო ერმალო, მადლობლები ვართ, რადგან ცხოვრების მიზანი მოგვეციო, რატომ-მეთქი და გვეგონა, რომ მოვკვდებოდით, აღარაფერი იქნებოდა, მაგრამ თქვენ დაგვარწმუნეთ, რომ იქითაც ყოფილა ცხოვრებაო. ამაზე დიდი საჩუქარი და შემოსავალი რა არის?! კანის ჯილდო და "ოსკარი" არაფერია იმასთან, რა სიყვარულსაც მე ხალხისგან ვიღებ.
- ამ ხალხის გახარებას თუ აპირებთ რაიმე ახალი ფილმით?
- როგორც გითხარით, მინდა დისკების გაყიდვა, რადგან ბოლო ფილმის გადაღებისას ვალები დამრჩა და მინდა გავისტუმრო. ამ ვალების გასტუმრების მერე აუცილებლად დავიწყებ ახალი ფილმის გადაღებას.
- დაფინანსება საიდან გქონდათ როცა იღებდით?
- ბოლო ფილმი დამიჯდა 5 000$. მეგობრები და ახლობლები მეხმარებიან. მაგალითად, ბოლო ფილმში მთავარ როლს ვინც ასრულებს, ფინანსურად ის დამეხმარა. მივლინებების დაფინანსებაშიც ახლობლები მეხმარებოდნენ.
- თქვენ ყველა ფილმს დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე, თუ ეცნობით?
- როგორ არა. მწერენ, მირეკავენ და მეუბნებიან, რომ კარგიაო. ერთ გოგონას სურათი დაუდია, სადაც აქეთ-იქით ის და თავის მეგობარი დგანან და შუაში ვარ მე და წერს: ნათია, თეა და შუაში ღმერთი. სიმართლე გითხრათ, ეს ცოტა გადამეტებულად მომეჩვენა. გეტყვით, რატომ უყვარს ხალხს ჩემი ფილმები, ქვეყანაში არის იდეოლოგიური შიმშილი, ქართული კინო ვერაფერს ვერ აძლევს ხალხს და ამის ფონზე ჩემი ფილმები ძალიან ზუსტად მოხვდა ადამიანების გრძნობებს.
ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE
გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!
AMBEBI.GE/საზოგადოება