განვითარდება ქართული ფეხბურთი და დააღწევს თუ არა თავს წლობით გაგრძელებულ კრიზისს. ამ არჩევნების მნიშვნელობას ზრდის ისიც, რომ სახელმწიფო ფეხბურთის განვითარებისთვის 250 მილიონი ლარის გამოყოფას აპირებს - გულშემატკივრისთვის სულაც არ არის სულ ერთი, ვის ხელში მოხვდება ეს ფული.
გულშემატკივრის აზრით, ძირითადი ბრძოლა გაიმართება ლევან კობიაშვილსა და რევაზ არველაძეს შორის. თუმცა არიან სხვა საინტერესო კანდიდატებიც - მაგალითად, მერაბ ჟორდანია. კობიაშვილი ვიცე-პრემიერ კახი კალაძის მეგობარია. გულშემატკივართა ნაწილი შიშობს, რომ ხელისუფლება არჩევნებში არ ჩაერიოს და არ დავბრუნდეთ ძველ დროში, როდესაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ვინაობა ავლაბრის რეზიდენციაში წყდებოდა და არა ყრილობაზე. თუმცა თავად კალაძე და ხელისუფლების წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მთავრობა არჩევნებში არ ჩაერევა.
მეორე მხარეს კი რევაზ არველაძეა. ზვიად სიჭინავას პრეზიდენტობის პერიოდში ფეხბურთის მესვეურები პირად საუბრებში აცხადებდნენ, რომ ფედერაციის რეალური პრეზიდენტი არველაძე იყო. რაც შეეხება მოახლოებულ არჩევნებს - არველაძის ოპონენტები აცხადებენ, რომ ფედერაციის გენერალური მდივნის მომხრეები პირდაპირ ერევიან საარჩევნო პროცესში და სხვადასხვა გზებით ცდილობენ გავლენის მოხდენას ხმის უფლების მქონე სუბიექტებზე. ერთ-ერთ მაგალითად ვარშავაში, ევროპა ლიგის ფინალზე ხმის უფლების მქონე რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტების ვოიაჟი მოჰყავთ, რომელიც ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული. გულშემატკივართა ნაწილს კითხვები აქვთ იმასთან დაკავშირებითაც, რომ დელეგატთა სიაში შეყვანილნი არიან ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები - ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომელ კანდიდატს დაუჭერენ ისინი მხარს.
მოკლედ, ფედერაციის პრეზიდენტი ალბათ, ყველასთვის მისაღები ფიგურა უნდა იყოს - გულშემატკივრისა თუ კლუბების მფლობელებისთვისაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული ფეხბურთი ჭაობიდან ვერ ამოვა. სამწუხაროდ, ერთი ფაქტი უკვე გვაქვს - ქართულმა ფეხბურთმა დაკარგა მსხვილი ინვესტორი ილია კოკაიას სახით. შეგახსენებთ, რომ კოკაიას განცხადებით, ფეხბურთის ფედრაციაში მიმდინარე არაჯანსაღმა პროცესებმა ის აიძულა, ფეხბურთიდან წასულიყო. გავრცელებული ინფორმაციით, თუ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებმა უპასუხო კითხვები დატოვა და გაჩნდა ეჭვი, რომ არჩევნები უსამართლოდ ჩატარდა, ფეხბურთიდან წასვლას თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფიაც აპირებს.