19 წლის დათო ხარაზიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ კახა ფოდიაშვილს 14-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამოცხადდა. რაც შეეხება საქმის ვითარებას, როგორც ცნობილია, დათო ხარაზიშვილის მკვლელობაში მონაწილეობდნენ 16 წლის ნათია ფოდიაშვილის ბიძა და ბაბუა, რომლებიც, დაზარალებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მიმალვაში იმყოფებიან და ქვეყნის ტერიტორია აქვთ დატოვებული.
დათო ხარაზიშვილი საკუთარ ავტომობილში, ვარკეთილის ტერიტორიაზე 2014 წლის 15 დეკემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა შურისძიების მოტივით მოხდა. კერძოდ, გარდაცვლილის დედა, ხათუნა ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ 16 წლის ნათია ფოდიაშვილმა ოჯახის წევრებს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს დათო ხარაზიშვილმა იგი გააუპატიურა. თუმცა, მოკლულის დედის ინფორმაციით, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ფოდიაშვილის მიმართ სექსუალური ძალადობა არ დასტურდება.
"ჩემი შვილი ნათია ფოდიაშვილმა 14 დეკემბერს გაიტყუა სახლიდან, შემდეგ კი დაახვედრა მამა, ბაბუა და ბიძა, რომლებიც ჩასხდნენ ჩემი შვილის ავტომობილში და სცემეს იგი. შემდეგ კი მამამ, რომელიც უკან იჯდა, ჩემი შვილი ცივი იარაღით მოკლა. ჩვენ მოვითხოვთ არა მხოლოდ მამის, არამედ ბაბუისა და ბიძის გასამართლებასაც, რაზეც იმედი გვაქვს, რომ პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს", - განაცხადა ხათუნა ელიზბარაშვილმა.
2014 წელს, ვარკეთილში მომხდარმა მკვლელობამ, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. როგორც მოკლული დათო ხარაზიშვილის ნათესავები აცხადებდნენ, ბიჭი შეყვარებულმა მოტყუებით გაიყვანა სახლიდან, რის შემდეგაც, გოგონას ბიძამ, ბაბუამ და მამამ იგი მანქანაში მოკლეს.
"ვიცით, რომ გოგომ მოსწერა ფეისბუქზე, რომ საქმე ჰქონდა და ჩასულიყო. დათო ჩავიდა. შემდეგ სადღაც გავიდნენ მანქანით და ჯავახეთის ქუჩაზე, სხვა მანქანით მივიდნენ ამ გოგოს ბაბუა, მამა და ძმა. სწორედ აქ მოხდა დათოს მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რომლის დროსაც დანით დაჭრილი გარდაიცვალა", - აცხადებდა გარდაცვლილის მეგობარი.
იხილეთ ვიდეო სასამართლო პროცესიდან
იხილეთ ასევე|რა მისწერა შეყვარებულმა 19 წლის ვარკეთილელ ბიჭს, სანამ მას გოგოს ოჯახის წევრები მოკლავდნენ - ახლობლები დეტალებზე
ცალმხრივად შეყვარებულმა 15 წლის გოგომ დედისერთა ბიჭი შეიწირა - მოკლულის დედის პირველი ინტერვიუ