ადამიანები ისეთი ცვალებადები არიან: ხან ნერვულები და გაღიზიანებულები, ხანაც მკაცრები და შეუვალები, ხან - კეთილები და გულისხმიერები. მოგითხრობთ სრულიად ჩვეულებრივი ადამიანების ნამდვილ სიკეთესა და დიდსულოვნებაზე.
• "მივდივარ დილით სახლში. სადარბაზოსთან განცხადებაა: "ძვირფასო მეზობლებო! დღეს, დაახლოებით 9:20 საათზე გასასვლელ კარებთან დამივარდა 120 მან. თუ ვინმემ იპოვეთ, გთხოვთ,მოიტანოთ ბინა 76-ში. პენსიონერი ვარ". გადავთვალე ჯიბეში 120 მანეთი, ავედი მითითებულ მისამართზე, დავრეკე ზარი. კარს აღებს ბებო, მე ფული გავუწოდე. ის კი გადამეხვია და ცრემლმორეული მეუბნება: "ფქვილისათვის წავედი მაღაზიაში. უკან დაბრუნებისას სადარბაზოსთან ჩანთიდან სახლის გასაღები ამოვიღე. ალბათ მას ამოჰყვა ფული და ძირს დავარდა". მერე კი კატეგორიული უარი მითხრა ფულის აღებაზე. აღმოჩნდა, რომ ბოლო საათის განმავლობაში მეექვსე ვიყავი (!!!) ვინც ბებოს ფული "იპოვა"! ხალხნო, მე თქვენ მიყვარხართ, ასეთები რომ ხართ!
• ერთხელ დავინახე ქუჩაში ბებო, რომელსაც ხელში ეჭირა ერთადერთი ოთახის ყვავილი და ყიდდა. შემეცოდა. რაც დამიფასა 10-ჯერ მეტი გადავუხადე. მან კი ცრემლმორეულმა მითხრა: "გავიქეცი მაღაზიაში, ჩემს მოხუცს ძეხვს ვუყიდი". მოვიტანე სახლში ყვავილი. დილით გაფურჩქნული დამხვდა...
• არასოდეს არ მიმაჩნდა ჩემი თავი სიმპათიურადაც კი. სულ ცოტა ხნის წინ ტელეფონით მესაუბრებოდა ჩემი საქმრო. საუბრის დამთავრებისას დაავიწყდა ყურმილის გათიშვა. მესმის მისი ხმა: ჩემზე უყვებოდა თავის მეგობარს, თუ როგორი ლამაზი და მოსიყვარულე ვიყავი და რა ძლიერ ვუყვარდი... მაშინვე ამეტირა სიხარულისაგან. პირველად ვიგრძენი თავი ბედნიერად.
• მე და ჩემი მეგობარი სავაჭრო ცენტრში ვიყავით და სარეკლამო ვიქტორინაში მოვიგეთ რბილი სათამაშოები. დავინახეთ გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი, რომელიც მამას მოჰყავდა. სათამაშო ამ პატარას მივეცით. ბავშვმა გაღიმებულმა გვითხრა: "მადლობა". მამამ კინაღამ იტირა სიხარულისაგან - აღმოჩნდა, რომ ბიჭი მანამდე რამდენიმე თვე არ ლაპარაკობდა.